Accessibility links

საბერძნეთის პროფკავშირულმა გაერთიანებებმა ორგანიზება გაუკეთეს საყოველთაო გაფიცვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებს საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომების იმ ახალი პაკეტის წინააღმდეგ, რომელსაც კენჭი ოთხშაბათს უნდა უყარონ პარლამენტში. ამ პაკეტით საბერძნეთის მოქალაქეებს ეკონომიკური სირთულეები კიდევ მრავალი წლით გაუხანგრძლივდებათ, სანაცვლოდ კი ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად სესხებს მიიღებს.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, 48-საათიანი გაფიცვის დასაწყისში ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი საათით შეწყდა ფრენა. გაფიცვის გამო დაიკეტა სკოლები, შეჩერდა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტი. ათენში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობდა და არც ტაქსები. საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის რეჟიმში ფუნქციონირებდა.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ათენში პროფკავშირების მიერ მოწყობილ ორ სხვადასხვა დემონსტრაციაში 35,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტაქსის მძღოლმა სტეფანოს ცანტისმა სააგენტო „როიტერსს“ ასეთი სიტყვებით მიმართა: „გაფიცვა არაფერს შეცვლის, მაგრამ იარაღს უმოქმედოდ ხომ ვერ დაყრი და ასე უბრალოდ ხომ არ შეურიგდები იმას, რასაც გიკეთებენ შენი ნებართვის გარეშე? ყველა მოგებულ ომში წარმატება ბრძოლამ მოიტანა“.
სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელია. კარგი პირობებით სამუშაოს პოვნა - შეუძლებელი. ჯამაგირის თუ ხელფასის ნახევრის მისაღებად 12 საათს ვმუშაობთ ...

ანალოგიურ განწყობაზე იყო კრისტოს კუკუნარასი, ასევე ტაქსის მძღოლი: „არ ვიცი შეგვიძლია თუ არა ამ კანონის მიღების შეჩერება. მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალები არ ვართ, მოქალაქეებიც ვართ. ახლა კი იერიშის სამიზნეები გავხდით - როგორც ბერძნები და როგორც მუშაკები“.

ათენელმა თეოდორის პეტრიდისმა „როიტერსს“ პენსიონერების წუხილი გაუზიარა: „როგორც პენსიონერი, მივიჩნევ, რომ ხელმომჭირნეობის პაკეტი ბოლო დარტყმას მიაყენებს პენსიონერებს და მუშებს. მუშათა კლასს, პენსიონერებს, ღარიბებს და დაბალი შემოსავლის მქონეებს საბერძნეთში მომავალი აღარ აქვთ. ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს და ამას ჩვენი ბრძოლა სჭირდება“.

თავისი ოჯახის სამომავლო პერსპექტივით შეშფოთებული იყო კერძო სექტორში დასაქმებული დიმიტრის იანულასიც: „სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელია. კარგი პირობებით სამუშაოს პოვნა - შეუძლებელი. ჯამაგირის თუ ხელფასის ნახევრის მისაღებად 12 საათს ვმუშაობთ და თან მუდამ გვემუქრება სამსახურიდან დათხოვნა. ეს მუშაობა კი არა, იძულებითი სამუშაოა. ოჯახს 400 ევროდ როგორ შეინახავ? ოჯახს კი არა, ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი ვერ იცხოვრებს ამ ფულით. ვის და სად შეუძლია ასე ცხოვრება?“

აქციის ფონზე მობილიზაციაში იყო მოყვანილი საპოლიციო ძალები - იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ მსგავს საპროტესტო აქციებს, როგორც წესი, შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა ხოლმე.

დემონსტრაციების ტალღა კულმინაციას ოთხშაბათს მიაღწევს - სწორედ ამ დღეს უყრის კენჭს პარლამენტი 13.5 მილიარდი ევროსგან შემდგარ პაკეტს, რომელიც საბიუჯეტი ხარჯების შეკვეცას და გადასახადების გაზრდის ზომებს ითვალისწინებს მომავალი ორი წლის განმავლობაში.
ქვეყანა უკვე მეექვსე წელია ღრმა რეცესიაშია, უმიშევრობა კი სარეკორდო მაჩვენებელს - 25 პროცენტს - აღწევს ...

ის, თუ რა შედეგით დამთავრდება პარლამენტში კენჭისყრა, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ხუთი თვის სტაჟის მქონე კოალიციურ მთავრობაში უთანხმოებაა, მემარცხენე-ცენტრისტი პარლამენტარები კი ყოყმანით ხვდებიან დამატებითი ხელმომჭირნეობის ზომების დამტკიცების პერსპექტივას. თუმცა, მეორე მხრივ, ამ პაკეტის უარყოფა საბერძნეთს დეფოლტის საფრთხეს შეუქმნის, მის მიერ დაგროვილი მასშტაბური ვალების გამო. ამან კი, საბოლოო ანგარიშით, შესაძლოა საბერძნეთის ევროს მოხმარების ზონიდან გათიშვა მოიტანოს.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ყველაზე მწვავეა, რომელთან გამკლავებაც კონსერვატორ პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასს უწევს მას შემდეგ, რაც მან ივნისში თავისი კოალიცია შექმნა.

მოსახლეობაში მწვავე უკმაყოფილების და პროტესტის გამომწვევი საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომები ითვალისწინებს პენსიების კიდევ უფრო მეტად შემცირებას, გადასახადების მომატებას, საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდას და 67-მდე აწევას და ახალ კანონებს, რომლებიც გააადვილებს საჯარო მოხელეების სამსახურებიდან დათხოვნას ან სხვა პოსტებზე გადაყვანას. ქვეყანა უკვე მეექვსე წელია ღრმა რეცესიაშია, უმიშევრობა კი სარეკორდო მაჩვენებელს - 25 პროცენტს - აღწევს.

თუ პარლამენტი ახალ პაკეტს უარყოფს, საბერძნეთი ვეღარ შეძლებს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხების მიღებას, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამარასის თანახმად, ქვეყანას შესაძლოა ფული უკვე 16 ნოემბერს გამოელიოს, რასაც დეფოლტი მოჰყვება. საბერძნეთი დატოვებს 17 წევრისგან შემდგარ ევროს მოქმედების ზონას. ამას კი, შესაძლოა, ჰიპერინფლაცია მოჰყვეს - ახალი ვალუტის ღირებულების დაცემა. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად გააღრმავებს საერძნეთის ისედაც მწვავე პრობლემებს.

ამასთან, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას შესაძლოა საერთაშორისო შედეგებიც მოჰყვეს. გავრცელებული ვარაუდით, ამან შესაძლოა ეკონომიკური პრობლემების მქონე სხვა ქვეყნებსაც უბიძგოს ბლოკის დატოვებისკენ.
XS
SM
MD
LG