Accessibility links

პალესტინის ავტონომიას გაეროში ევროკავშირის 12-მდე წევრი დაუჭერს მხარს

პალესტინის ავტონომიას შეუძლია ევროკავშირის 12-მდე წევრი ქვეყნის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, როცა თვის ბოლოს გაეროში შეეცდება თავისი სტატუსის გაძლიერებას.

ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ის ცნობით, მას 8 ნოემბერს კავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა აცნობა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე 19 ნოემბერს ბრიუსელში დანიშნულ მორიგ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

გამოცემის ცნობით, კოჩიანჩიჩმა დასძინა, „ევროკავშირი კვლავაც მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკებააო“.

პარალელურად, გამოცემა ევროკავშირის გავლენიან დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირს ამ საკითხთან მიმართებით ერთიანი პოზიცია არა აქვს, თუმცა, სავარაუდოდ, კავშირის წევრი ქვეყნები იუნესკოს მაგალითს გაიმეორებენ. იუნესკომ, ანუ გაეროს კულტურის უწყებამ, შარშან პალესტინის ავტონომია წევრად მიიღო.

იუნესკოში გაწევრიანებას ევროკავშირის თერთმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი: ავსტრიამ, ბელგიამ, კვიპროსმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, სლოვენიამ და ესპანეთმა.

11-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა (ბულგარეთმა, დანიამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, იტალიამ, ლატვიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და დიდმა ბრიტანეთმა), კიდევ ხუთმა კი - ჩეხეთმა, გერმანიამ, ლიტვამ, ჰოლანდიამ და შვედეთმა - ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში ზოგიერთმა ქვეყანამ, სავარაუდოდ, პოზიცია შეცვალა.

კვიპროსმა და ისრაელმა ურთიერთობა გააღრმავეს, ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის ერთიანი ძალებით მოპოვების გზით.

ჰოლანდიის სახით კი ისრაელმა დაკარგა მოკავშირე - მას შემდეგ, რაც ახლახან ახალ კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წავიდა ური როზენტალი.

მის მემკვიდრეს, მემარცხენე-ცენტრისტ პოლიტიკოს ფრანს ტიმერმანსს, წარსულში გაკრიტიკებული აქვს ჰოლანდიის მთავრობის მიერ გატარებული ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკა.

ასეთ ფონზე, პალესტინელებმა გასულ ხუთშაბათს გაავრცელეს გაეროს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც წერია, რომ ავტონომიას სურს „დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი“ მიიღოს, 1967 წლამდე არსებულ საზღვრებზე დაყრდნობით.

ამასთან, პროექტის ტექსტი კონფლიქტთან მიმართებით ევროკავშირის ერთობლივ პოზიციასაც ირეკლავს - მოლაპარაკებების აღდგენის და დაჩქარების მოწოდებით გამოდის და აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას „ორი სახელმწიფო - დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული, მეზობელი და სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ისრაელთან გვერდიგვერდ, მშვიდობაში და უსაფრთხოებაში იარსებებს“.

პალესტინელები ამ ზომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან ავტონომია გაეროში სასურველ სტატუსს თუ მოიპოვებს, მას უფლება მიეცემა ისრაელის წინააღმდეგ ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანოს სარჩელები.

ისრაელი ძლიერ ეწინააღმდეგება რეზოლუციის დამტკიცებას. EU Observer-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ევროპის ქვეყნებში ისრაელის ელჩებთან მართავს შეხვედრებს შესაბამის კამპანიაზე შესათანხმებლად.

ევროკავშირის ქვეყნებს აშშ-იც მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი პალესტინელთა მიერ ინიცირებულ რეზოლუციას.

კანონპროექტს დასამტკიცებლად გაეროში უბრალო უმრავლესობა ესაჭიროება. კენჭისყრა, სავარაუდოდ, ან 15, ან 29 ნოემბერს გაიმართება.

ევროკავშირი პოლონეთს: არტისტებს უნდა ჰქონდეთ შოკის მოგვრის თავისუფლება

ევროპის კომისიის შეფასებით, პოლონეთში „მკრეხელობის“ ბრალდებით როკჯგუფის სამართლებრივი დევნა ევროპის ღირებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში.

ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, რომ მან კომისიისგან წერილობითი განცხადება მიიღო, რომელშიც ნათქვამია, „მკრეხელობის შესახებ ეროვნული კანონები წევრი ქვეყნების საშინაო სამართლებრივი სივრცის საქმეაო“. თუმცა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საერთაშორისო ხელშეკრულებებს უნდა სცენ პატივი.

კერძოდ, ევროკომისია ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას მოიხმობს, რომელზეც პოლონეთს ხელი მოწერილი აქვს და რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცვას ითვალისწინებს.

კომისიის განცხადებით, ეს უფლება იცავს არა მხოლოდ დადებითად ან გულგრილად აღქმულ, უწყინარ ინფორმაციას ან იდეებს, არამედ მათაც, რომლებიც შოკისმომგვრელი, შეურაცხმყოფელი ან დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება იყოს“.

სკანდალის გამომწვევი პოლონური როკჯგუფი მძიმე მეტალს უკრავს და „ბეჰემოთი“ ეწოდება.

ჯგუფის სოლისტმა ადამ დარსკიმ 2007 წელს სცენაზე ყოფნისას საჯაროდ დახია ბიბლია და რომის კათოლიკურ ეკლესიას „მკვლელთა სექტა“ უწოდა.
ამ საქმეს ბევრი აქვს საერთო რუსეთში „პუსი რაიოტის“ საქმესთან, ისევე როგორც დანიაში მუჰამედის კარიკატურებით გამოწვეულ სკანდალთან. პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორებს შეუძლიათ დარსკის წინააღმდეგ საქმის აღძვრა პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლით, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“ ეხება.

თეორიულად, დარსკის ორ წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ის ციხეში არ წავა მაშინაც კი, თუკი პროცესს წააგებს. სავარაუდოდ, მას უფრო მსუბუქ სასჯელს შეუფარდებენ.
XS
SM
MD
LG