Accessibility links

logo-print
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპის მიმართ თავისი სიყვარულის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ თან გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროს მოქმედების ზონის პრობლემების გადასაჭრელად უფრო მეტი „საშინაო დავალების“ შესრულებაა საჭირო.

როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, გერმანიის კანცლერმა ორშაბათს, 17 დეკემბერს, ბერლინში გამართულ ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე ევროპაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, თუმცა პროცესი არ დაგვისრულებია და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გზა, რომელსაც ვადგავართ, სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ის გამოწვევებითაა სავსე“.

მერკელის თქმით, ევროზონაში არსებული კონცეპტუალური ხარვეზები კვლავ საჭიროებს გამოსწორებას. მან 1989 წელი გაიხსენა, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟაკ დელორი გამოვიდა მოწოდებით უფრო მეტი ეკონომიკური კოორდინაციის შესახებ.

ევროპა ახლაც წინ მიდის, ოღონდ ნელი ტემპითო, განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

2012 წლის მარტში დაკმაყოფილდა გერმანიის მოთხოვნა შემოღებულიყო უფრო მკაცრი საბიუჯეტო დისციპლინა ფისკალური სტაბილურობის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით. ამის შემდეგ - ახლახან - ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ დამატებითი მექანიზმი შემოიღეს საიმისოდ, რომ გაიოლდეს ეკონომიკურ სფეროში კოორდინაცია. მთავრობები და ევროკომისია კონტრაქტებს გააფორმებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, რასაც ფინანსური მხარდაჭერაც გაეწევა.

საბანკო სფეროშიც მუშავდება ზომები, რომლებიც სრულად 2014 წლის მარტისთვის უნდა ამოქმედდეს. ევროზონის დახმარების ფონდი ბანკებისთვის პირდაპირ გახდება ხელმისაწვდომი.

ორშაბათს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მერკელს ჰკითხეს, მისთვის „ევროპა“ უფრო პრაგმატული საკითხია, თუ ჭეშმარიტად ღირებული და მნიშვნელოვანი - ისეთი, როგორიც ის იყო სხვა ლიდერებისთვის, მაგალითად, კონრად ადენაუერისა ან ჰელმუტ კოლისათვის. მერკელმა, რომელიც პოლიტიკაში მეცნიერებიდან მოვიდა და რომელიც პირველი ქალია, ვინც თანამედროვე გერმანიას უდგას სათავეში, ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „ადამიანებს განსხვავებული ხასიათი აქვთ, მაგრამ მე ევროპაზე ზრუნვა და მისი სიყვარული არ მაკლიაო“.
ევროპა ისეა ურთიერთდაკავშირებული, რომ საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და გერმანია ცალ-ცალკე ვერ იმოქმედებენ. ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ ...

„როცა რაიმე საკითხზე ვფიქრობ ხოლმე, ჩემი გონება ემოციებსაც ეყრდნობა. ტვინი და გული ერთობლიობაში უნდა მუშაობდეს. ყველა თავისებურად ხედავს იმას, თუ როგორ ვუმკლავდებით ჩვენ - პოლიტიკოსები - ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს ევროპაში. ეს ის საკითხია, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ მას შემდეგ, რაც გერმანია გაერთიანდაო“, - უთხრა მერკელმა შეხვედრაზე შეკრებილ ჟურნალისტებს.

გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებით ღრმა ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებზეც ისაუბრა - მათ შორის, ცხადია, საბერძნეთზე.

2010 წლის თებერვალში საბერძნეთი ევროს მოქმედების ზონაში შემავალი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინანსური დახმარება მოითხოვა, ჯერჯერობით ბოლო ტრანში კი მას ევროკავშირმა გასულ კვირაში გადაურიცხა. გერმანიის კანცლერის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ბევრს ფიქრობს საბერძნეთისა და მისი მომავალი ბედის შესახებ.

„ევროპა ისეა ურთიერთდაკავშირებული, რომ საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და გერმანია ცალ-ცალკე ვერ იმოქმედებენ. ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. მე ბოლომდე ამ პოზიციის ერთგული ვრჩები - მსურს ევროპა წარმატებული იყოს, განსაკუთრებით გლობალიზაციის კონტექსტშიო“, -განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან სტატისტიკური მონაცემებიც მოიტანა, რომლებიც, მისი აზრით, ხშირად ავიწყდებათ ხოლმე - ავიწყდებათ, რომ ევროპა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის შვიდ პროცენტს მოიცავს, მასზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტი მოდის, ისევე როგორც გლობალურო სოციალური ხარჯების დაახლოებთ 40-50 პროცენტი.

„1980-იან წლებში ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებები ვიყავით, მაგრამ ეს ვითარება ავტომატურად არ შენარჩუნდება 2030 წლამდე. საამისოდ მუშაობა მოგვიწევსო“, - განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა: „თუ იმდენ ვალს დავაგროვებთ, რომ ვეღარავინ გვენდობა, რომ მის გასტუმრებას შევძლებთ, მაშინ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. მე არ მსურს, რომ ევროპა მსოფლიოს სხვა რეგიონებზე გახდეს დამოკიდებული. მან თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალიო“, - უთხრა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 17 დეკემბერს, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG