Accessibility links

ევროკავშირის გაფართოების ნელი და შერჩევითი პროცესი


ევროკავშირისა და თურქეთის დროშები

ევროკავშირისა და თურქეთის დროშები

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე ნახევარი საუკუნეა ელოდება, რაც, მისი თქმით, მიუტევებელი შემთხვევაა. ერდოანის აზრით, თურქეთი ევროკავშირში დაყოვნების გარეშე უნდა იქნეს მიღებული: „ჩვენ ევროკავშირის კართან უკვე 50 წელიწადია ვდგავართ, 1959 წლიდან მოყოლებული. ოფიციალური მოლაპარაკება 1963 წელს დავიწყეთ. თურქეთის აზრით, ამ პროცესში ასეთი შეფერხება მიუტევებელი რამ არის“.

74 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყანამ ევროკავშირთან უკვე საკუთრივ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროცესი შეფერხდა, უწინარესად, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობის გამო, ისევე როგორც კვიპროსის დაყოფის ირგვლივ გადაუჭრელი უთანხმოების შედეგად.

ერდოანის ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 იანვარს, „სტრატფორ კომენტარიში“ გამოქვეყნდა ანალიტიკური წერილი ევროკავშირის გაფართოების პროცესზე და ამ პროცესის სამომავლო პერსპექტივებზე.

წერილის ავტორების აზრით, ევროკავშირის შიგნით არსებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბლოკი კვლავ გააგრძელებს ახალი წევრების მიღებას, თუმცა ეს პროცესი, უწინდელთან შედარებით, ბევრად უფრო ნელი და შერჩევითი იქნება. ევროკავშირში გაწევრიანება ბევრი ქვეყნისთვის რჩება მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ მიზნად - განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. თუმცა ამ ქვეყნებისთვის მთავარი სირთულე მათი ინსტიტუციური და პოლიტიკური გაუმართაობაა ამ გზაზე. კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ის არის, რომ ევროკავშირს ამ ქვეყნებთან მიმართებით არ ამოძრავებს ისეთი სტრატეგიული ინტერესი, როგორიც მას ბლოკში უკვე გაწევრიანებული სახელმწიფოების მიმართ ჰქონდა.

კონკრეტულად თურქეთთან მიმართებით „სტრატფორ კომენტარის“ ანალიტიკოსები წერენ, რომ ამ ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო და სრული გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა იმ ფონზე, როცა ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური წონა იკლებს, თურქეთი კი სულ უფრო მეტად იმყარებს გავლენიანი რეგიონალური მოთამაშის პოზიციებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობა, სავარაუდოდ, მჭიდრო იქნება.

ზოგადად, თავისი საზღვრების გაფართოება ევროკავშირისთვის უკვე დიდი ხანია წარმოადგენს საგარეოპოლიტიკურ ინტერესს. 1957 წელს, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელით ცნობილ გაერთიანებად ფორმირების შემდეგ, ევროკავშირი ექვსი წევრიდან (დასავლეთ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, ბელგია და ლუქსემბურგი) 27 წევრამდე გაიზარდა და ეს ზრდის პროცესი კვლავაც გრძელდება. 2013 წლის ივლისში ბლოკს ხორვატია შეუერთდება, ისლანდიას, ჩერნოგორიას, სერბიას, მაკედონიას და თურქეთს კი წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ამასთან, ბრიუსელი წევრობის პოტენციურ კანდიდატებად განიხილავს ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და კოსოვოს.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ესა თუ ის ქვეყანა ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს ევროკომისიასთან, რათა გაატაროს ის ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო. საკუთრივ „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი არ მოიცავს გაწევრიანების დროში კონკრეტულად გაწერილ გეგმას. მეტიც, ზუსტად განსაზღვრული ვადები არც თავად მოლაპარაკების პროცესს აქვს, თუმცა დაფინანსება ამ სტატუსს ავტომატურად მოჰყვება. მთელი პროცესის განმავლობაში კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირი ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში.

ევროკავშირის გაფართოების პროცესი ყოველთვის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს ემყარებოდა. ზრდის პირველი ეტაპი 1970-იანი წლების შუა პერიოდში შედგა, როცა მაშინ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელით ცნობილი გაერთიანება ჩრდილოეთით გაფართოვდა და გაერთიანებაში მიიღო ირლანდია, დანია და გამორჩეულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, რომელსაც კონტინენტურ ევროპასა და აშშ-ს შორის მთავარ დამაკავშირებლად მიიჩნევენ.

მეორე ეტაპი 1980-იან წლებზე მოდის. ამჯერად ბლოკი სამხრეთით გაფართოვდა და თავის წევრებად მიიღო სამი ქვეყანა, რომელიც ის-ის იყო განთავისუფლდა დიქტატურისგან - ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი. ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანება იყო გზა შიდაპოლიტიკური სისტემების სტაბილიზაციისა და დასავლეთ ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებისთვის.

ბერლინის კედლის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, 1990-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა, რამაც ევროკავშირის გაფართოების მესამე ეტაპი მოიტანა. ავსტრია და ფინეთი - ორი ქვეყანა, რომელიც ცივი ომის პერიოდში ნეიტრალიტეტს იცავდა, ამ პერიოდში გაწევრიანდა ახლად ფორმირებულ ევროკავშირში. ასევე მოიქცა შვედეთი, ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებით თავისი ფინანსური კრიზისის გადალახვა სურდა.

თუმცა ევროკავშირის გაფართოების ყველაზე გაბედულ ფაზად მაინც 2004-2007 წლებში განვითარებულ პროცესებს მიიჩნევენ, როცა ბლოკმა თითქმის გააორმაგა თავისი წევრების რაოდენობა. ახალი წევრების უმეტესობა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის და ბალტიისპირეთის ყოფილი კომუნისტური ქვეყნები იყო. ამ ქვეყნების ბლოკში მიღება სამ ძირითად მიზეზს ემყარებოდა: ევროკავშირი რუსეთისგან დამცავ ფაქტორს შექმნიდა, ფიზიკურად გარს შემოერტყმებოდა დასავლეთ ბალკანეთს და მისთვის მათი ბაზრები გახდებოდა ხელმისაწვდომი. ამიტომაც, სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში ევროკავშირი 15-დან 27 წევრამდე გაიზარდა და ეს გაფართოების პროცესი შეიძლება კვლავაც გაგრძელდეს, თუკი ყველა დაინტერესებული ქვეყანა გაატარებს საჭირო რეფორმებს, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს იმ ენდემური პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებს აქვთ.

„სტრატფორ კომენტარის“ ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირი ახლა სულ უფრო მეტად ფრთხილ და შერჩევით პოლიტიკას გაატარებს ახალი წევრების მიღების პროცესში. პარალელურად, ბლოკის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირს მეტნაკლებად დაუკარგავს მიმზიდველობას პოტენციური წევრების თვალში, რომლებიც ყოყმანით მოეკიდებიან სტრუქტურული რეფორმების გატარების საკითხს, თუკი ჩათვლიან, რომ მათი გატარება არ უღირთ ევროკავშირში გაწევრიანების ფასად.
XS
SM
MD
LG