Accessibility links

logo-print
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს მოლაპარაკება, რომლის მიზნადაც სახელდება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ახალი შეთანხმების დადება. რატომ გადაწყვიტეს ტრადიციულმა ტრანსატლანტიკურმა მოკავშირეებმა თანამშრომლობის ამ, ახალ ეტაპზე გადასვლა?

„სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის ტრანსატლანტიკური პაქტი“ - ასე ეწოდება შეთანხმების პროექტს, რომელზე მოლაპარაკებაც 8 ივლისს ვაშინგტონში დაიწყეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ყურადღების ცენტრშია ვაჭრობის შემაფერხებელი ბარიერები, რომლებსაც, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებში, მეორე მხრივ, ევროკავშირში მოქმედი რეგულაციები ქმნის.

ეკონომიკის ექსპერტი, ავსტრიის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟოზეფ ფრანსუა განმარტავს, რატომ არის მიზანშეწონილი სავაჭრო ურთიერთობაში ცვლილების შეტანა:

„სავაჭრო სისტემის საბაზისო წესები, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს განსაზღვრული, წარმოიქმნა საქონელსა და წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკიდან, უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წესები ფოკუსირებულია ტარიფებსა და ბაზარზე შესვლის უზრუნველყოფაზე, გამჭვირვალობასა და დისკრიმინაციის გამორიცხვაზე - უწინარეს ყოვლისა, გავიმეორებ, ტარიფებზე. მაგრამ მას შემდეგ მსოფლიო ეკონომიკამ უზარმაზარი ცვლილებები განიცადა. სერვისის სფერომ მეტი მნიშვნელობა შეიძინა. უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორ მოქმედებენ კომპანიები საზღვრებს მიღმა. ამიტომ ასეთი მოლაპარაკებები არის ძალისხმევა, გამოცადო და მოძებნო გზები სავაჭრო სისტემის მოდერნიზაციისათვის“.

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგებიან რეგულაციებს შორის განსხვავებებს და იქნებიან თუ არა სხვა ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ გაწეული დიდი სამუშაოთი იმაში გასარკვევად, თუ რას აღიარებენ მხარეები ერთმანეთის რეგულაციებიდან...
სავაჭრო სისტემის მოდერნიზაციისაგან, რომლის საჭიროებაზეც ექსპერტმა ილაპარაკა, ბუნებრივია, ეკონომიკურ სარგებელს მოელიან. სარგებელი კი დიდი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური პროდუქციის დიდი წილი სწორედ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

ვაშინგტონში ორშაბათს დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას მოჰყვება თავისუფალი ვაჭრობის მსოფლიოში უდიდესი ზონის შექმნა - ის მოიცავს გლობალური ეკონომიკური პროდუქციის 50%-ს, გლობალური ვაჭრობის 30%-ს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20%-ს. მოსალოდნელია უმუშევრობის შემცირება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში.

რაც შეეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან, მათ შორის ჩინეთთან ან რუსეთთან, ეკონომიკის ექსპერტი ჟოზეფ ფრანსუა ფიქრობს, რომ თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი სტანდარტების ახალ სისტემაზე შეთანხმდებიან, მათ მაგალითს შესაძლოა მესამე ქვეყნებმაც მიბაძონ, მათაც შეამცირონ სავაჭრო და საინვესტიციო ბარიერები.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგებიან რეგულაციებს შორის განსხვავებებს და იქნებიან თუ არა სხვა ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ გაწეული დიდი სამუშაოთი იმაში გასარკვევად, თუ რას აღიარებენ მხარეები ერთმანეთის რეგულაციებიდან და რა შეიძლება იყოს საერთო სტანდარტები. თუ ამ ყველაფრის მოდერნიზაცია მოხდა, არსებობს იმის პოტენციალი, რომ ამით მესამე ქვეყნებმაც ისარგებლონ“, ამბობს ექსპერტი.

თუმცა, ვიდრე საქმე მესამე მხარის სარგებელზე მიდგება, აშშ-ისა და ევროკავშირის მოლაპარაკება უნდა დასრულდეს. ცნობების თანახმად, შექმნილია 15 ჯგუფი კონკრეტულ თემებზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე შესვლის, ინვესტიციებისა და კონკურენციის პოლიტიკაზე მოსალაპარაკებლად. პრობლემურია, მაგალითად, ვაშინგტონის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა შეასუსტოს გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები. პრობლემას ქმნის თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს, „ბოინგსა“ და „აერობუსს“ შორის დავაც, რომელსაც ამჟამად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს და რომელმაც შესაძლოა გააჭიანუროს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დაწყებული მოლაპარაკება.

„სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის ტრანსატლანტიკურ პაქტს“, გეგმით, ხელი უნდა მოეწეროს 2014 წლის მიწურულამდე, სანამ დასრულდება ევროკომისიის ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მმართველობის ვადა. მაგრამ ბევრი ექსპერტის ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესაქმნელად შესათანხმებელი ზოგი საკითხი რთულია და ძნელი წარმოსადგენია მათი გადაჭრა 2015 წლამდე მოხერხდეს. მით უმეტეს, რომ მოლაპარაკება მძიმე ფონზე დაიწყო - ტრადიციულ მოკავშირეებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაძაბულობას იწვევს ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა გაავრცელა. საქმე ეხება ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების უშიშროების სამსახური ევროპელ მოკავშირეებს - მათ შორის დიპლომატებს - უთვალთვალებდა.
XS
SM
MD
LG