Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოზიციები - სხვადასხვა, მიზნები - განსხვავებული


გასულ კვირაში საქართველომ და სომხეთმა დაასრულეს მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმებების საკითხზე. ამ დოკუმენტებმა და მისმა თანმხლებმა შეთანხმებებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს, სომხეთისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის დანარჩენი ოთხი წევრის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცებას ევროპის კავშირთან. მაგრამ ვიდრე შეთანხმებები ამოქმედდებოდეს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, მოლდავეთსა და უკრაინას ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევთ. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უნდა ველოდეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტისგან, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნიდან ყველაზე წარმატებულად ითვლება მოლდავეთი. კიშინიოვმა ბრიუსელთან ჯერ კიდევ ივნისში დაამთავრა მოლაპარაკება ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმების თაობაზე და არავის ეპარება ეჭვი, რომ ვილნიუსის მომავალ სამიტზე ამ დოკუმენტის ინიცირება მოხდება. ახლა მოლდავეთი ცდილობს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გააფორმოს. ოქტომბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ, რამდენად ასრულებს კიშინიოვი ვიზების ლიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამ გეგმას ვილნიუსშივე დაამტკიცებენ.
მოლდავეთისთვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, ევროკავშირისგან მიიღოს ამ გაერთიანების კანდიდატის სტატუსი, როგორიც უკვე აქვთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთს, მაგრამ ექსპერტთა უდიდეს ნაწილს ეჭვი ეპარება, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

მოლდავეთის მსგავსად, საქართველოც იმედოვნებს, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ისიც შეძლებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირებას. აი, მაგალითად, რა თქვა ევროკავშირთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ ასევე საქართველოში ნაწარმი პროდუქციისა და მომსახურებისათვის ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად.“

საქართველო ხდება ინვესტირებისათვის საინტერესო სივრცე. ერთია, რომ ქართული კომპანიების მხრიდან მოხდება საექსპორტო პოტენციალის ზრდა, მეორე კიდევ ის, რომ ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში ფულის ჩადებითა და აქ პროდუქციის წარმოებით, რადგანაც საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან...
ირაკლი ლექვინაძე
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ყურადღებას ამახვილებს იმ სიკეთეზე, რომელსაც საქართველოს მოუტანს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გაფორმება:

„საქართველო ხდება ინვესტირებისათვის საინტერესო სივრცე. ერთია, რომ ქართული კომპანიების მხრიდან მოხდება საექსპორტო პოტენციალის ზრდა, მეორე კიდევ ის, რომ ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში ფულის ჩადებითა და აქ პროდუქციის წარმოებით, რადგანაც საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ეს შეიძლება იყვნენ აზიური კომპანიები ან ინვესტორები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება და წვდომა ევროპულ ბაზარზე.“

მაგრამ თბილისისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, უწინარესად კი ევროპის სახალხო პარტიის წევრთა მტკიცება, რომ ოპოზიციის წევრთა მიმართ ბოლო ხანს წარმოებულ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული უდევს.

სხვათა შორის, ევროპის სახალხო პარტია - ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია - ასეთივე ხასიათის პრეტენზიას გამოთქვამს უკრაინის მისამართითაც და დაჟინებით მოითხოვს საპატიმროდან ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. არადა, კიევსა და ევროკავშირს უკვე ინიცირებული აქვთ შეთანხმება ასოცირების შესახებ. საკითხავი ის არის, გაფორმდება თუ არა ეს შეთანხმება ვილნიუსის სამიტზე.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის წევრ დანარჩენ სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსიას - პოზიციებიც შედარებით სუსტი აქვთ და მიზნებიც - განსხვავებული. მაგალითად, აზერბაიჯანი ერთადერთია ამ ექვსეულიდან, ვისაც არასოდეს გამოუთქვამს ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი. თუმცა, მეორე მხრივ, ბრიუსელი სწორედ ბაქოს მიიჩნევს თავის მთავარ პარტნიორად, როცა საქმე ეხება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას.

ვილნიუსის სამიტისგან, საქართველოსი არ იყოს, სომხეთიც ელის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირებას. თავის მხრივ, ბრიუსელი ცდილობს, დაარწმუნოს ერევანი, რომ არ ღირს მოსკოვის კარნახით შექმნილ და მისივე დიქტატით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანება.

რაც შეეხება ბელორისიას, მას მიმომხილველები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის აშკარა აუტსაიდერად მოიხსენიებენ. ამ ქვეყნის შემთხვევაში საუბარია არა რაიმე შეთანხმებების ინიცირებაზე ან ხელმოწერაზე, არამედ იმაზე, თუ საერთოდ ვინ წარმოადგენს მინსკს ვილნიუსის მომავალ სამიტზე. პროგრამის წინა სამიტზე ბელორუსიისთვის განკუთვნილი სავარძელი ხომ ცარიელი დარჩა. ცხადია, ევროპელ ლიდერებს არ სურთ, რომ ასეთი სურათის მოწმენი ვილნიუსშიც გავხდეთ. მაგრამ ლიტვის დედაქალაქში მათ არც იმ პოლიტიკოსების ხილვა უნდათ, ვინც ბრიუსელმა 200-კაციან „შავ სიაში“ შეიყვანა 2010 წლის არჩევნებისშემდგომი რეპრესიების შედეგად.
XS
SM
MD
LG