Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიალისტოკი: პოლონეთის უწინ მრავალფეროვანი და ახლა ეთნიკური სიძულვილით გამორჩეული ქალაქი


ბიალისტოკი
ბიალისტოკი
პოლონეთის ქალაქი ბიალისტოკი ერთ დროს მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, შემდეგ ნაცისტების მიერ თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქის ებრაული თემი. დღეს კი ქალაქს სხვა პრობლემები აქვს: იმიგრანტების მოზღვავებას ქსენოფობიური ნაციონალიზმის ზრდა და ეთნიკური ძალადობის მატება მოჰყვა.

პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბიალისტოკში, რომლის მოსახლეობაში დომინანტურ ჯგუფს ერთ დროს ებრაელები წარმოადგენდნენ, ადგილობრივმა პროკურორმა ახლახან უარყო ექსტრემისტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ სვასტიკა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ამ ექსტრემისტებმა დახატეს კედელზე, მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლური სიმბოლო იყო, რომელიც იღბლიანობას გამოხატავს.

პროკურორ დავიდ როზკოვსკის ამ განცხადების ფონია რასისტული, ხშირად ძალადობრივი ინციდენტები, რომლებიც ქალაქის არასლავი უმცირესობების წინააღმდეგ არის მიმართული. საერთო ჯამში, ეს უმცირესობები ადგილობრივი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ.

მხოლოდ მიმდინარე წელს ძალადობა გამოიხატა ფიზიკური თავდასხმით შავკანიან რადიო და ტელეწამყვანზე, ცეცხლის მოკიდებით პოლონურ-ინდური შერეული წყვილის სახლისთვის და რამდენიმე თავდასხმით ჩეჩენ ოჯახებზე. ექსტრემისტებმა ქალაქში - უპირატესად, ისტორიულად ებრაულ უბნებში - რამდენიმე კედელი სვასტიკებით მოხატეს.

გავრცელებული ვარაუდით, ეს ინციდენტები, სულ მცირე, ირიბად უკავშირდება ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს, რომლებიც ულტრანაციონალისტური, მემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევიან. უფლებადამცველებისა და აქტივისტების აზრით, ამგვარი ინციდენტების მომრავლება ქალაქში, სადაც 300,000 მოსახლე ცხოვრობს, აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიური კონფიგურაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

კონრად დულკოვსკი, ადგილობრივი თეატრის რეჟისორი და თემის აქტივისტი, ამ საკითხთან მიმართებით თავის პოზიციას ასე აყალიბებს:

ბიალისტოკი
ბიალისტოკი
„ჩვენი აზრით, კედლების მოხატვა მხოლოდ პირველი ეტაპია - ფაშიზმის ერთგვარი საბავშვო ბაღი. ამას თუ ახლავე არ შევაჩერებთ, ეს ჯგუფები კრიმინალურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებიან“.

ექსტრემიზმის „ზრდასრულ“, კრიმინალურ ფორმასთან ქალაქის არაერთ მცხოვრებს მოუწია შეჯახება.

მათ შორისაა 24 წლის ჰუმიდი - ჩეჩენი კაცი, რომელიც პოლონეთში თავშესაფრის საძიებლად ჩავიდა და რომელიც, მუსლიმური ტრადიციის შესაბამისად, გრძელ წვერს ატარებს.

აპრილის ერთ ღამეს ვიღაცამ მისი საცხოვრებლის კარებქვეშ აალებადი სითხე დაასხა და ასანთს გაჰკრა. კვამლმა ჰუმიდის დედა გააღვიძა, რომელმაც მოახერხა ოჯახის სხვა წევრების გაღვიძება და ბინიდან დროულად გაყვანა - მათ შორის, ჰუმიდის ცოლის, ძმისა და ორი ბავშვის.

ოჯახმა მომხდარი პოლიციას შეატყობინა, თუმცა, ჰუმიდის თქმით, პოლიცია მოვიდა, მიყენებული ზარალი დაათვალიერა და ოჯახს განუცხადა, დილით დაგვირეკეთ, როცა თქვენი სახლის პატრონთან იქნება შესაძლებელი დაკავშირებაო.

ინციდენტის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ამბავზე ადგილობრივ გაზეთებში დაიწერა:

„სიმართლე გითხრათ, ღამით ნორმალურად არ გვძინავს. ეზოში მთვრალი სკინჰედები დადიან. გვეშინია, რომ კიდევ რამე მოხდება“, - ამბობს ჰუმიდი.

ჰუმიდმა ჩეჩნეთი ოთხი წლის წინ დატოვა - მას შემდეგ, რაც მის ძმას ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონფლიქტი მოუვიდა. ჰუმიდი ჰყვება, რომ პოლონეთის ამ ქალაქში მის ოჯახს გამუდმებით ავიწროებენ.

ახლახან მას და დედამისს, სურსათის მაღაზიიდან შინისკენ მიმავალს, გზაზე პოლონელმა თინეიჯერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქსენოფობიური შეძახილებით. მის ძმას ავტობუსში სკინჰედები დაესხნენ თავს, თუმცა ავტობუსის მძღოლს მათ შესაჩერებლად არაფერი უღონია.

„ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული - ერთ ჩეჩენიც კი რომ დასხმოდა თავს პოლონელს, ავტობუსს მაშინვე დახურავდნენ და პოლიციასაც გამოუძახებდნენ“, - უთხრა ჰუმიდმა ჩვენს რადიოს.

ბიალისტოკი
ბიალისტოკი
არადა, მეორე მსოფლიო ომამდე ქალაქ ბიალისტოკში თვისებრივად სხვაგვარი, მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემო იყო.

ქალაქის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტს ებრაელები შეადგენდნენ. ამასთან, ქალაქში ცხოვრობდნენ პოლონელები, გერმანელები, თათრები, ბელორუსები. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შთააგონა ამ ქალაქის მცხოვრები ლუდვიგ ზამენჰოფი ხელოვნურად შეექმნა ენა, ესპერანტო, რომლითაც ოდესმე სხვადასხვა კულტურის ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა გაადვილებოდათ.

თუმცა ნაცისტების მხრიდან ოკუპაციამ ქალაქი 1941 წელს გეტოებად აქცია. 1943 წელს მომხდარი ამბოხების მიუხედავად, ებრაელი მოსახლეობა განადგურებულ იქნა.

ბოლო მონაცემების თანახმად, ამჟამად ქალაქის მოსახლეობის 97 პროცენტს პოლონელები შეადგენენ, ორ პროცენტს - ბელორუსები.

2002 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, არასლავი უმცირესობები - მათ შორის, ბოშები და სხვადასხვა მიგრანტი ჯგუფები - რამდენიმე ასეული ადამიანით განისაზღვრება. თუმცა მას შემდეგ ქალაქში მიგრანტები ჩავიდნენ, რამაც, სავარაუდოდ, არასლავი მოსახლეობის რაოდენობა გაზარდა.

ბიალისტოკში სიძულვილისა და რასიზმის ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმო პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. პრემიერი, რომელმაც აპრილში ვარშავაში ახალი ებრაული მუზეუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, უარყოფს ბრალდებებს, რომ პოლონელები განსაკუთრებული ქსენოფობიით გამოირჩევიან და პრიორიტეტად სკინჰედებზე სამართლებრივ ზეწოლას და მათ დასჯას აცხადებს. პრემიერის განცხადებებს უერთდება შინაგან საქმეთა მინისტრიც.

თუმცა სიძულვილით მოტივირებული თავდასხმები მხოლოდ ბიალისტოკში არ ხდება. ვარშავაში განთავსებული ანტიფაშისტური ორგანიზაცია „აღარასოდეს“ აცხადებს, რომ მისთვის 2011-დან 2012 წლამდე ქსენოფობიისა და რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი 600-ზე მეტი თავდასხმის შესახებ არის ცნობილი. ეს 40 პროცენტით უფრო მეტია წინა ორწლიან პერიოდთან შედარებით.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი იაცეკ პურსკი მედიის კრიტიკით გამოდის. მისი აზრით, როცა მედია ულტრამემარჯვენეებს უთმობს პლატფორმას, ეს მათი იდეოლოგიის გავრცელებას იწვევს. არადა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღესასწაულებს, რომლებიც, რეალურად, ნაციონალისტების მსვლელობებად არის ქცეული, მედია ფართოდ აშუქებს, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს კი პოპულარულ ტოკ-შოუებში სტუმრებად იწვევენ.

მემარჯვენე ექსტრემისტების მზარდი ძალა ბოლო პერიოდში აკადემიურ ცხოვრებაზეც აისახა. ნაციონალისტმა ლიდერებმა, თავიანთი მომხრეების მობილიზებით, სულ მცირე, ორი ებრაელი ინტელექტუალის შევიწროება შეძლეს ლექციებზე - მათთვის „მემარცხენის“ და „კომუნისტის“ დაძახებით.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ივნისში მოხდა ვეტერანი და ავტორიტეტიანი სოციოლოგის, ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნის, ზიგმუნდ ბაუმანის ლექციაზე. ბაუმანი, რომელიც ამჟამად 87 წლისაა, თავის დროზე გერმანელთა ჰოლოკოსტს გადაურჩა, თუმცა პოლონეთიდან 1968 წლის ანტისემიტური კამპანიის დროს გააძევეს. ივნისში ხანდაზმული პროფესორი ვროცლავის უნივერსიტეტში ატარებდა ლექციას, როცა 100-მდე ნაციონალისტმა მას სიტყვა შეაწყვეტინა. ისინი სკანდირებდნენ, „ნიურნბერგი კომუნისტებისთვისო“.

თუმცა უშუალოდ პოლიტიკურ ცხოვრებას რაც შეეხება, პოლონეთის ულტრამემაჯვენე პარტიების მხარდაჭერა ჯერჯერობით დაბალია და, როგორც წესი, ერთი ციფრით გამოიხატება პროცენტებში. მაგრამ ამგვარი ორიენტაციის პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მათ მნიშვნელოვნად შთააგონებს ულტრამემარჯვენე ძალების მიერ არჩევნებში მოპოვებული წარმატება ევროპის სხვა ქვეყნებში - მაგალითად, უნგრეთსა და საბერძნეთში.
XS
SM
MD
LG