Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში საქართველოს ელჩი: "გარკვეულ სფეროებში კოჰაბიტაციის გაუმჯობესება შეინიშნება"


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი ესაუბრა საქართველოს წარმომადგენელს ევროკავშირში, ნატალია საბანაძეს, რომელიც, ამასთან, საქართველოს ელჩია ბელგიასა და ლუქსემბურგში. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

ინტერვიუ საქართველოს ელჩთან დაიწყო საქართველოს საერთაშორისო იმიჯის განხილვით. კერძოდ, რადიო თავისუფლებამ ნატალია საბანაძეს ჰკითხა, რა გავლენას ახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე მწვავე უთანხმოება პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს შორის, ისევე როგორც, ზოგადად, დაძაბული კოჰაბიტაცია. საბანაძემ ყურადღება გაამახვილა კოჰაბიტაციის რთულ ბუნებაზე ყველგან. მან აღნიშნა, რომ საქართველოში პროცესის ამგვარ განვითარებას ბუნებრივად მიიჩნევს და მასთან გამკლავების დადებით მხარეებზე ისაუბრა:

“...რთულია, ადამიანებს განსხავებული პოლიტიკური პოზიციები აქვთ. მაგრამ სანამ ეს დაპირისპირებები საჯარო სივრცეში ხდება და ადამიანებს საშუალება აქვთ თვითონ განსაჯონ, ეს არც ისე ცუდია. ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ამ ქვეყანას, საბოლოოდ, შეუძლია ამ გამოცდის ჩაბარება, ამ საარჩევნო ვადის ჩათავება და, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება; რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გაკვეთილი საქართველოსთვის; რომ ეს იყო რთული გაკვეთილი და საქართველოს შეუძლია მას დაეყრდნოს სამომავლოდ”.

საბანაძემ ისიც აღნიშნა, რომ გარკვეულ სფეროებში - მათ შორის, საგარეო პოლიტიკაშიც - კოჰაბიტაციის გაუმჯობესება შეიმჩნევა. მართალია, ევროპელ პარტნიორებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ საქართველოს მიმართ, სტაბილურობისა და პოლიტიკური მოწიფულობის მხრივ, მაგრამ მათთვის უფრო მთავარია, ქვეყნის საერთო პოლიტიკური კურსი იყოს დემოკრატიისკენ მიმართული. საბანაძის აზრით, ის ფაქტი, რომ დემოკრატიის განვითარების გზაზე საქართველოს სირთულეები აქვს, ევროკავშირისთვის მოულოდნელი არ არის. რადიო თავისუფლებასთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე, „ევროპის სახალხო პარტია“, ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც შედის ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში „ევროპის სახალხო პარტიამ“ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა. მათ ყურადღება გაამახვილეს შერჩევითი სამართლის ნიშნებზე და სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. ნატალია საბანაძის, როგორც ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღევანდელი მთავრობის მიმართ ეჭვები გაუქარწყლოს „ევროპის სახალხო პარტიას“. როგორ აპირებს საბანაძე ამის გაკეთებას?

ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან, რასაკვირველია, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს... ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის...
“საქართველოში ფიქრობენ, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ საკუთარი ინტერესები აქვს - ყოველ შემთხვევაში, მათი გამოხატვის ფორმა ასეთია. არ ვფიქრობ, რომ „სახალხო პარტია“ მონოლითურია. მასში შეიმჩნევა რადიკალური პოზიციებიც და გაწონასწორებულიც. მათ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გახსნილები და დაინტერესებულნი არიან, ისეთები, რომლებსაც უფრო მეტის გაგება სურთ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ელჩის ერთ-ერთი ამოცანაა მათ ის ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც სჭირდებათ და გარკვეულ საკითხებზე დისკუსიისა და დაფიქრების საშუალებას მისცემს. მინდა, რომ პარტიის იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური განვითარების ერთგულნი არიან, ესმოდეთ, რომ საქართველოში ვითარება კომპლექსურია, რომ ის არ არის მხოლოდ შავი და თეთრი“.

საბანაძემ აქვე აღნიშნა, რომ ზოგადად მიესალმება „ევროპის სახალხო პარტიის“ საქართველოთი დაინტერესებას. მისი აზრით, ეს პარტია ძალიან მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა ევროპაში. საბანაძემ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყო ამ პარტიის წევრებთან შეხვედრები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტიის წევრებს ესმოდეთ, რომ, საელჩოსა და ელჩის სახით, მათ სანდო პარტნიორი ჰყავთ, რადგან საბანაძე თვლის, რომ ის არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ, ზოგადად, ქვეყანას წარმოადგენს. საბანაძემ გვითხრა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებს შორის კარგი მოკავშირეებიც გვყავსო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს ბოლო ნაწილი მიეძღვნა ვილნიუსის მოახლოებულ სამიტს. ბუნებრივია, დაისვა კითხვა ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ. საბანაძემ მოკლედ საკუთარ მოლოდინებსა და შეთანხმების პრეამბულაზე ისაუბრა:

„ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან, რასაკვირველია, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს... ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მას შეუძლია ევროკავშირთან საქართველოს, შეიძლება ითქვას, შეუქცევადი დაკავშირება. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ევროკავშირს თავისი გარდამქმნელი ძალის ამოქმედება საქართველოში. ეს არის ის, რასაც ევროკავშირი ყველაზე კარგად ახერხებს, როცა საქმე ახალ წევრებს ეხება. ვიცი, რომ ევროკავშირი დაღალა გაფართოების იდეამ და, შეიძლება, არ სურდეს ამაზე საუბარი, განსაკუთრებით ზოგიერთ წევრ ქვეყანას. მაგრამ არსებობს სხვადასხვა მექანიზმები. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს რამდენიმე მექანიზმს სთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გამოგვეყენებინა ევროკავშირის ეს გარდამქნელი ძალა”.

საბანაძემ ილაპარაკა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც, შეთანხმების პრეამბულაზეც, რომლის ირგვლივაც ფართო დისკუსია გაიმართა. შეთანხმების ამ მცირე შესავლით ბრიუსელში ელჩი კმაყოფილია. დოკუმენტში საქართველო მოიხსენიება არა როგორც ევროპის ქვეყანა, არამედ როგორც აღმოსავლეთევროპული სახელმწიფო. ეს განსაზღვრება, რომელიც საქართველოს თავად არ აურჩევია, საბანაძის აზრით, საქართველოს გეოგრაფიულ კატეგორიას უსვამს ხაზს და არა სიმბოლურ კატეგორიას, რომელიც ღირებულებებსა და მმართველობას ეხება.

ავტორი: ანა ლომთაძე
XS
SM
MD
LG