Accessibility links

logo-print

ნორვეგიის არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს


ერნა სოლბერგი

ერნა სოლბერგი

ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში ორშაბათს ჩატარებულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ალიანსმა, რომელიც ლეიბორისტების ადმინისტრაციას შეცვლის. ამასთან, ამ არჩევნებით პირველად მოხდა, რომ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა ანტიიმიგრაციული პოლიტიკით ცნობილმა პოპულისტურმა პროგრესის პარტიამ. პროგრესის პარტია მესამე ადგილზე გავიდა, რაც მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კოალიციის ფორმირების პროცესში.

ყველაზე მეტი მანდატი კონსერვატორებს ერგოთ, რომლებსაც ერნა სოლბერგი უდგას სათავეში. ორშაბათ საღამოს ოსლოში სოლბერგმა მხარდამჭერებს ამ სიტყვებით მიმართა: „ჩემო ძვირფასო ხალხო, დღეს თქვენ ისტორიის შექმნის მონაწილეები ხართ. დღეს ამომრჩეველმა ხმა მისცა და ისტორიულად ძლიერი გამარჯვება მიაკუთვნა კონსერვატიულ პარტიებს“.

სოლბერგი ნორვეგიის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება, გრო ჰარლემ ბრუნდტლანდის შემდეგ, რომელსაც ხშირად „ერის დედადაც“ მოიხსენიებენ. ამასთან, სოლბერგი 1990 წლის შემდეგ ქვეყნის პირველი კონსერვატორი პრემიერი იქნება. ის აცხადებს, რომ აპირებს გადასახადების შემცირებას, მთავრობის შეკვეცას და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ კოალიციის შიგნით გარკვეულ კომპრომისებზეც მოუწევს წასვლა.

ნორვეგიის აწ უკვე მიმავალმა პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა კი შემდეგი სიტყვებით მიმართა ამომრჩეველს: „ნორვეგიის პოლიტიკურ ისტორიაში ცოტა ვინმეს თუ უცდია ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ - სამი არჩევნების ერთმანეთის მიყოლებით მოგება. დღეს ვხედავთ, რომ ეს მისია ზედმეტად რთული აღმოჩნდა“.

თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად, კონსერვატორების მიერ მოპოვებული მანდატები არ არის საკმარისი უმრავლესობის მქონე მთავრობის ფორმირებისთვის. კონსერვატორებს მოუწევთ პროგრესის პარტიასთან კოალიციაში შესვლა და მემარჯვენეებთან დათმობებზე წასვლა საბიუჯეტო ხარჯების, გადასახადებისა და იმიგრაციის საკითხებთან მიმართებით. ამასთან, ამ კომპრომისების დაშვების ფონზე კონსერვატორებმა იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ მომავალ კოალიციაში არ მოხდეს ორი, შედარებით მცირე ზომის ცენტრისტული ორიენტაციის პარტიის გაუცხოება.

„ჩვენ ახალ მთავრობაში მნიშვნელოვანი როლი გვექნება, ხოლო საიმისოდ, რომ საკითხებს ეფექტიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ, პროცესში ოთხივე პარტია უნდა მონაწილეობდესო“, - განაცხადა „პროგრესის“ ლიდერმა სივ იენსენმა.

პროგრესის პარტიას სურს ნორვეგიის ნავთობით მოპოვებული სიმდიდრის უფრო დიდი წილის ხარჯვა და იმიგრაციის შეზღუდვა. ამ პარტიის წევრებს შორის ერთ დროს ანდერს ბრეივიკი იყო - პირი, რომელმაც 2011 წელს, ლეიბორისტებზე მიტანილი იერიშის დროს, 77 ადამიანი დახოცა,.პარტიამ ბრეივიკის ნაბიჯი დაგმო და მის პოზიციებს სრულად გაემიჯნა. ბოლო პერიოდში პროგრესის პარტიამ დიდწილად შეარბილა თავისი რადიკალური რიტორიკა, თუმცა ნორვეგიის ბევრი მოქალაქე ამ პარტიის პოზიციებს მთავრობის შემადგენლობაში შესასვლელად მაინც ექსტრემისტულად მიიჩნევს.

ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნორვეგია გამონაკლისს წარმოადგენდა - მან უვნებლად დააღწია თავი ევროპის ეკონომიკურ კრიზისს. პირიქით, მისი ეკონომიკა, დიდწილად ოფშორული ნავთობის სექტორის წყალობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 100,000 დოლარს გაუტოლდა.

თუმცა ამჟამად ეკონომიკური ზრდა შენელებულია, კონკურენტუნარიანობა სუსტდება, ხოლო წინა მთავრობის მიერ სოციალურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს არაერთგვაროვნად აფასებენ. მეტიც, კრიტიკოსები წინა მთავრობას იმაში სდებენ ბრალს, რომ მან ეკონომიკური აღმავლობით შექმნილი იშვიათი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა.
XS
SM
MD
LG