Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ახალი მთავრობის ფორმირება რთული პროცესი იქნება


ჩეხეთის პარლამენტი
ჩეხეთის პარლამენტი
პოლონეთიდან გავრცელებული ცნობის თანახმად, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ტადეუშ მაზოვიეცკი, პოლონეთის „სოლიდარობის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი „მრგვალი მაგიდისა“, რომლის გარშემოც კომუნისტებმა და ოპოზიციამ თავის დროზე ამ ქვეყნის ბედი გადაწყვიტეს. აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ფიგურის ღვაწლი ასე შეაფასა პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა, იეჟი ბუზეკმა:

„მას პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გამოარჩევდა. ჩვენ ამას „სახელმწიფო მოღვაწეს“ ვუწოდებთ. მისთვის ქვეყნის მომავალი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავისი კარიერა ან შემდგომი თავისუფალი არჩევნების შედეგი. ასეთი პოზიცია ამჟამინდელ პოლიტიკურ სამყაროში აღარაა პოპულარული, მაგრამ მისთვის ეს ძალიან ბუნებრივი იყო“.

ჩეხეთში მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ბოჰუსლავ სობოტკამ ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირების შესახებ ცენტრისტებთან მოლაპარაკებას დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ სობოტკას უარი უთხრა მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, არჩევნებზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო.

ჩეხეთში შაბათ-კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა სოციალ-დემოკრატებს ერგოთ, თუმცა საკუთრივ მაჩვენებელი, 20,5 პროცენტი, ყველაზე დაბალია მათ შორის, რაც კი პარტიას 1992 წლის შემდეგ მიუღია. შესაბამისად, პარტიამ ბოჰუსლავ სობოტკას პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვება მოსთხოვა.

მაგრამ სობოტკამ ორშაბათს ამაზე უარი თქვა და აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, სხვა პარტიებთან კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს დავიწყებო.

პარტიის შიგნით გაჩენილმა ამ ბზარმა მნიშვნელოვნად გაართულა ჩეხეთში ახალი მთავრობის ფორმირების პერსპექტივა. ამ მთავრობამ უნდა შეცვალოს დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანას ივლისის შემდეგ მართავს.
არჩევნებზე მეორე ადგილი მოიპოვა საპროტესტო პარტიამ, სახელწოდებით „დიახ“ (ჩეხურად ANO), რომელიც ჩეხმა მაგნატმა ანდრეი ბაბიშმა დააარსა. მან ხმათა 18,6 პროცენტი მიიღო. მესამეზე კი კომუნისტები გავიდნენ - 14.9 პროცენტით. მკაფიო უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ მოუპოვებია, რაც განაპირობებს მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობას.

უნდა გავიაზროთ, რომ ხმა, რომელსაც მოქალაქე აძლევს, მხოლოდ მისი სურვილის გამოხატულებას არ ნიშნავს. ეს ხმა იმის ინდიკატორიცაა, თუ რა არ სურს ამ პირს. ხმას მივცემ ნებისმიერს, მაგრამ არა იმათ, ვისაც უკვე კარგად ვიცნობ. ეს ნიშნავს, რომ ახალ-ახალი პარტიების შანსები, მეტ-ნაკლებად, იზრდება...
ცირილ ჰოშლი
ანალიტიკოსების აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ ჩეხებს სულ უფრო მეტად გაუცრუვდათ პოლიტიკურ კლასზე დამყარებული იმედები და თავიანთი ხმები გამოიყენეს ძლიერი, მეინსტრიმული პარტიების დასასჯელად, მათ შორის, კორუფციული გარიგებების შესახებ არაერთი ბრალდების ობიექტის, სოციალ-დემოკრატების საწინააღმდეგოდ. ამ იმედგაცრუებისა და პოლიტიკით დაღლილობის ფონზე, ბევრი ანალიტიკოსი პოპულიზმის ზრდის საფრთხეზეც ალაპარაკდა.

ჩვენი რადიო ესაუბრა ცნობილ ჩეხ ფსიქიატრს და საჯარო ინტელექტუალს ცირილ ჰოშლს, რომელმაც არჩევნებზე ბაბიჩის პარტიის წარმატება ასე ახსნა:
„დიახ, ნამდვილი გამარჯვებული ამ არჩევნებს არ ჰყავს. საქმე ძირითადად გავლენიანი პარტიების დანაკარგებთან გვაქვს. დანაკარგი განიცადეს სოციალ-დემოკრატებმა, კატასტროფული დანაკარგი ჰქონდა მემარჯვენე-ცენტრისტულ სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას. მწვანეებს იმედი გაუცრუვდათ, რადგან პარლამენტში ვერ დაბრუნდებიან. ყველაზე დიდი გამარჯვება, ალბათ, ანდრეი ბაბიშის „ანომ“ მოიპოვა ძალაუფლების ბალანსთან მიმართებით და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს ახალი საპროტესტო პარტიაა. ეს პარტია მეორე ადგილზე გავიდა არჩევნებზე, რომელსაც პირველად შეუერთდა, როგორც ყველასათვის უცნობი ჯგუფი, - ბუნდოვანი პროგრამით, მრავალფეროვანი შეხედულებებით გამორჩეული მხარდამჭერების გაურკვეველი სპექტრით. მათ არ გაუტარებიათ ერთიანი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც მოსახლეობისთვის გასაგები იქნებოდა. ეს აჩვენებს, რომ ისტაბლიშმენტის, ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ პროტესტი, საკუთარი პოზიციების ძირითადად ნეგატიურად განსაზღვრა და თან პროფესიონალი ამერიკული ფირმის მიერ წარმოებული პიარი - ამგვარი კომბინაცია არჩევნებზე თითქმის გამარჯვებას უდრის“.

ცირილ ჰოშლი ქარიზმატული ლიდერების მიმართ ჩეხეთის ამომრჩევლის ხშირად უსაფუძვლო ნდობის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას:

„უნდა გავიაზროთ, რომ ხმა, რომელსაც მოქალაქე აძლევს, მხოლოდ მისი სურვილის გამოხატულებას არ ნიშნავს. ეს ხმა იმის ინდიკატორიცაა, თუ რა არ სურს ამ პირს. ხმას მივცემ ნებისმიერს, მაგრამ არა იმათ, ვისაც უკვე კარგად ვიცნობ. ეს ნიშნავს, რომ ახალ-ახალი პარტიების შანსები, მეტ-ნაკლებად, იზრდება. რადგან კაცობრიობა ვერასოდეს სწავლობს თავის შეცდომებზე, ხალხი კვლავ და კვლავ წამოეგება ხოლმე დაპირებებს, რომელთა შესრულება შეუძლებელია. ერთი და იგივე ცარიელი იმედები - ოღონდ ამ იმედებზე უნდა გარკვევით, მკაფიოდ და დამაჯერებლად ილაპარაკოს პირმა, რომელსაც გარკვეული ქარიზმა ექნება. ჩვენში ქარიზმატული ლიდერების მიმართ ლტოლვა იგრძნობა, მაგრამ ლიდერი მხოლოდ უკეთესი მომავლის გაჩენის პირობას გამოხატავს და ხალხსაც ეს უნდა“.

თავად ბაბიშის პარტია აცხადებს, რომ ოთხშაბათს გამართავს შეხვედრას, რომელზეც არჩევნებში მოპოვებულ წარმატებაზე იმსჯელებს და სამომავლო ნაბიჯებსაც დაგეგმავს.
XS
SM
MD
LG