Accessibility links

მაინც რას წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულება?


ევროკავშირის დროშა

ევროკავშირის დროშა

უკრაინა ან მოაწერს ხელს, ან არა. საქართველო და მოლდავეთი ინიცირებას მოახდენენ. მაგრამ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ვილნიუსის სამიტის წინ სულ უფრო მწვავე და აქტუალური თემა ხდება?

ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ასოცირების ხელშეკრულება შედგება ოთხი ძირითადი თავისგან, რომლებიც მოიცავს ერთობლივ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართალს და საშინაო საქმეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. მეოთხე თავი რამდენიმე საკითხს ფარავს - მათ შორის, გარემოს დაცვას, მეცნიერებას, ტრანსპორტს და განათლებას.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან მიმართებით შემუშავებულ ასოცირების ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი ფაქტორი განასხვავებს იმ ხელშეკრულებებისაგან, რომლებიც ევროკავშირმა ზოგიერთ სხვა ქვეყანას შესთავაზა. საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამუშავების პირობაზე. ამაზე ხელის მოწერით აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები აცხადებენ მზაობას დანერგონ ევროკავშირის კანონმდებლობის ის ელემენტები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, მომხმარებლის დაცვას და გარემოსდაცვით რეგულაციებს. ქვეყნებს, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა მოუწევთ.

ამასთან, ამ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს გზა გაეხსნებათ ევროკავშირის 500 მილიონი მომხმარებლისა და ბაზრისკენ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.9 ტრილიონ ევროს უტოლდება.

ვილნიუსში 28 და 29 ნოემბერს დანიშნული სამიტის პროგრამით გათვალისწინებულია უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, - თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ეს მოხდება თუ არა, - ხოლო საქართველომ და მოლდავეთმა ხელშეკრულებების ინიცირება უნდა მოახდინონ.

რეალურად, მოცემულ მომენტში უკრაინა ყველაზე წინ არის, რადგან მას უკვე ხელთ აქვს ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შემუშავდა. მოლდავეთი და საქართველო კი თავიანთი ტექსტების ინიცირებას გეგმავენ...
რაც შეეხება დროის იმ მონაკვეთს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერიდან ამოქმედებისთვის ესაჭიროება, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ესა თუ ის ქვეყანა ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, დოკუმენტის რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ და ამ პროცესს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. პარალელურად, როცა ხელშეკრულების რატიფიკაციას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყანა მოახდენს და ხელშეკრულებას ევროპის პარლამენტიც დაამტკიცებს, დაიწყება ხელშეკრულების ზოგიერთი ნაწილის წინასწარი დანერგვა - მაგალითად, ვაჭრობის სფეროში. უკრაინა თუ ვილნიუსში ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, ეს პროცესი შეიძლება უკვე 2014 წლის მარტში დაიწყოს.

რა მოხდება თუ უკრაინა ვილნიუსში ხელშეკრულებას არ გააფორმებს?
ასეთ შემთხვევაში, უკრაინას დარჩება თეორიული შანსი ხელშეკრულებას ხელი მომავალში მოაწეროს, ევროკავშირის ნებისმიერ მინისტერიალზე, მაგრამ რეალურად ხელშეკრულების ვილნიუსში გაუფორმებლობით შეიძლება კიევის ევროპისკენ სვლა მნიშვნელოვნად და ხანგრძლივი დროით შეფერხდეს. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენელმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ 14 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, ვილნიუსში ხელშეკრულება თუ არ გაფორმდა, ამით ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდება სამომავლოდო.

პოლონეთის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რადოსლავ შიკორსკიმ, ასე უპასუხა ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეკითხვას, უკრაინის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესს ხომ არ დაუკარგავს აქტუალობასო:

„რეალურად, მოცემულ მომენტში უკრაინა ყველაზე წინ არის, რადგან მას უკვე ხელთ აქვს ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შემუშავდა. მოლდავეთი და საქართველო კი თავიანთი ტექსტების ინიცირებას გეგმავენ. ამდენად, რასაც თქვენ შესაძლო მარცხად წარმოაჩენთ, სინამდვილეში ის იქნება, რომ საქართველო და მოლდავეთი უკრაინის დონეს მიაღწევენ“.

მართლაც, უკრაინასთან შედარებით, საქართველოსა და მოლდავეთის პოზიცია ცოტა სხვაგვარია. ამ ქვეყნებმა მოლაპარაკებები ზაფხულში დაასრულეს (საქართველომ ივლისში, მოლდავეთმა ივნისში). მას შემდეგ იურისტები და ლინგვისტები ცალკეულ საკითხებს ამუშავებენ. არსებული გეგმით, ეს ქვეყნები ვილნიუსში ხელშეკრულებების ინიცირებას მოახდენენ, ხოლო ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდება არაუგვიანეს 2014 წლის სექტემბრისა. ხელშეკრულებების წინასწარი დანერგვა 2015 წლის დასაწყისიდან უნდა მოხდეს.

რომის ხელშეკრულებაც ადასტურებს, რომ [გაწევრიანებაზე] განაცხადის გაკეთება ევროპის ყველა ქვეყანას შეუძლია. ხალხს ვერ ავუკრძალავთ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას. ეს უსამართლობა იქნება...
მოლდავეთსა და საქართველოს დამატებითი სირთულე შეუქმნა შესაფერისი ფორმულირების მოძებნამ საიმისოდ, რომ ხელშეკრულების ამოქმედება სეპარატისტულ რეგიონებშიც ყოფილიყო გათვალისწინებული - მოლდავეთის შემთხვევაში დნესტრისპირეთში, საქართველოს შემთხვევაში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო კომპონენტი სამივე სეპარატისტულ რეგიონს შეიძლება შეეხოს იმ პირობით, თუ ადგილობრივი კომპანიები ევროპული სტანდარტების თანახმად იმუშავებენ.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების მიმართებას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლელი პარტნიორებისთვის შეთავაზებული ასოცირების ხელშეკრულებები არ მოიცავს ევროკავშირის წევრობისკენ გზას, თუმცა ამას არც გამორიცხავს. ამდენად, ხელშეკრულების ეს ვარიანტი არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც თავის დროზე იყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა ევროკავშირის წევრობისკენ გზას. თუმცა შეთანხმება, რომელსაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს სთავაზობენ, მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე, მაგალითად, ტუნისისა და მაროკოსთვის შეთავაზებული დოკუმენტები, რომლებიც გამორიცხავდა საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივას. ხორვატიას, მაგალითად, ბრიუსელთან სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 12 წელი დასჭირდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულება 1962 წელს გააფორმა, ევროკავშირის წევრობისკენ გზის გახსნას კი კვლავაც ელოდება.

ჩვენი რადიოს შეკითხვას, დარჩება თუ არა ვილნიუსის ხელშეკრულებაში პირობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ევროპულ ქვეყანას შეუძლია, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ასე უპასუხა:

„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, არ უნდა მოვერიდოთ ჩვენი კანონისა და ხელშეკრულებების გამეორებას. რომის ხელშეკრულებაც ადასტურებს, რომ [გაწევრიანებაზე] განაცხადის გაკეთება ევროპის ყველა ქვეყანას შეუძლია. ხალხს ვერ ავუკრძალავთ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას. ეს უსამართლობა იქნება“.

როგორია სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიის სტატუსი?
აზერბაიჯანს კიდევ, სულ მცირე, ერთი წელიწადი დასჭირდება მოლაპარაკებისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელშიც გათვალისწინებული არ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის კომპონენტი, რადგან ბაქო ჯერ არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. სომხეთმა ახლახან უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში აპირებს გაწევრიანებას. ეს ნიშნავს, რომ ვილნიუსში არანაირ ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, გარდა შესაძლო პოლიტიკური დეკლარაციისა, რომელიც ხაზს გაუსვამს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივ პოლიტიკურ ნებას. ბელორუსია უკვე არის რუსეთის საბაჟო კავშირის წევრი. ყველაზე ბევრი, რასაც ეს ქვეყანა შეიძლება ელოდეს, იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს გამონახვა, ვინაიდან დღეს ამ ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობა კვლავაც საბჭოთა პერიოდის შეთანხმებას ეყრდნობა.
XS
SM
MD
LG