Accessibility links

logo-print
წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, როდესაც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა ბარიკადებისგან გაათავისუფლეს ე.წ. სამთავრობო კვარტალი, სამშაბათი მნიშვნელოვანი დღე გამოდგა უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისათვის. 12 დეკემბერს, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მონაწილეობით, „მრგვალი მაგიდის“ პირველი დისკუსია გაიმართა. უკრაინაში იმყოფებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი კეტრინ ეშტონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.

ვიქტორ იანუკოვიჩის ინიციატივით ორგანიზებული „ეროვნული მრგვალი მაგიდის“ გარშემო გამართულ დისკუსიაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები ვიქტორ იუშჩენკო, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ კრავჩუკი მონაწილეობდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იანუკოვიჩი დაჰპირდა ყოფილ პრეზიდენტებს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაპატიმრებულ აქტივისტებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს.
„მრგვალი მაგიდის“ პირველ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც კიევში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან გამართეს შეხვედრა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ოპოზიციის ყველა წამყვან ლიდერთან. აშშ-ს განზრახული აქვს განაგრძოს ეს პროცესი. ჩვენ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ აღვადგინოთ აქ მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, ადამიანის ღირსება და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე. ჩვენ დღეს, მოგვიანებით, ველოდებით მთავრობასა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრას“, განაცხადა ვიქტორია ნულანდმა, რომელიც სამშაბათს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალიან ცდება, თუკი ფიქრობს, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების ნაწილის, „ბერკუტის“ დახმარებით შეძლებს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას, რადგან „ბერკუტში“ მყოფი 10 ათასი პოლიციელი ვერ მოაგვარებს 45-მილიონიანი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს...
წუხელ კი სპეცდანიშნულების ნაწილმა და პოლიციამ დემონსტრანტთა კარვებისა და ბარიკადებისგან გაწმინდა კიევის ცენტრში მდებარე ე.წ. სამთავრობო კვარტალი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს ოპოზიციური პარტიის, „ბატკივშჩინის“, ოფისში.

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა, განაცხადა, რომ ვერანაირი დაშინებით პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვერ შეძლებს კრიზისის გადაჭრას:

„პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალიან ცდება, თუკი ფიქრობს, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების ნაწილის, „ბერკუტის“ დახმარებით შეძლებს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას, რადგან „ბერკუტში“ მყოფი 10 ათასი პოლიციელი ვერ მოაგვარებს 45-მილიონიანი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს. თუ იანუკოვიჩი ფიქრობს, რომ დაგვაშინებს ჩხრეკითა და დაპატიმრებებით, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს მას არაფერს მოუტანს“.

ხსენებული „ბერკუტის“ სპეცდანიშნულების ნაწილმა და პოლიციამ 10 დეკემბრის შუაღამით დემონსტრანტების მიერ აგებული ბარიკადებისა და კარვებისგან გაწმინდა კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო კვარტალის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ასობით დემონსტრანტი იძულებული გახდა „ევრომაიდანზე“ გადაენაცვლა და იქ დაეკავებინა პოზიციები. როგორც აქციაში მონაწილე უკრაინის მოქალაქე ოლექსანდრემ უთხრა ჩვენ რადიოს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასაც ელოდნენ:

გაჯავრებული ვარ იმიტომ, რომ ადამიანები დგანან და იტანჯებიან ყინვისაგან, მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება...
„ოპოზიციის ლიდერებმა მოგვიწოდეს, რომ ვმდგარიყავით და ჩვენც შევასრულეთ ეს დავალება, რადგან ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღამე. ეს არ იყო იოლი. ვფიქრობდით, რომ ვითარება შეიძლებოდა გართულებულიყო. ვფიქრობდით, რომ მოედანზე სისხლი დაიღვრებოდა“.

წუხანდელი ღამის შემდეგ ცოტა სკეპტიკურად არის განწყობილი ვერა, რომელიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ევროპული არჩევანის მხარდამჭერ აქციაში პირველი დღიდან მონაწილეობს:

„გაჯავრებული ვარ იმიტომ, რომ ადამიანები დგანან და იტანჯებიან ყინვისაგან, მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება“.

კიევსა და უკრაინის ბევრ ქალაქში ათასობით ადამიანია ქუჩებში გამოსული 24 ნოემბრის შემდეგ და მშვიდობიანი პროტესტით უპირისპირდება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო წუთებში გადაიფიქრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხების ხელმოწერა. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ნაკარნახევი იყო მოსკოვის ზეწოლით, რომელსაც სურს უკრაინის შეყვანა ევრაზიულ საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი არიან გაწევრიანებულნი.

თუმცა სამშაბათს მრგვალ მაგიდასთან ქვეყნის სამ ყოფილ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გადავადება უკრაინელ გლეხებზე ზრუნვით ახსნა. „ასეთი სახით შეთანხმებაზე ხელის მოწერა პრობლემებს შეუქმნიდა აგრარულ სექტორს“, - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა და დასძინა, რომ, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც უკრაინა-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ისეთი შეთანხების ტექსტზე, რომელშიც „უკრაინისა და უკრაინელი მეწარმეების ინტერესები“ იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG