Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო: ხელმომჭირნეობის პოლიტიკა ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს


ხელმომჭირნეობის ზომები, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საერთაშორისო კრედიტორები უწესებენ, ძირს უთხრის ადამიანთა სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს - ასკვნის ევროსაბჭო, ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანო.

„კრიზისი წარმოადგენს სამთავრობო პოლიტიკის კონტექსტსაც და შეზღუდვასაც, თუმცა კრიზისის მიმართ საპასუხო ნაბიჯების ნაწილმა ადამიანის უფლებებს მიაყენა ირიბად ზიანი“, - უთხრა სტრასბურგში განთავსებული ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებების კომისარმა, ნილს მუიჟნიექსმა, ჟურნალისტებს 3 დეკემბერს.

„ევროპაში ბევრმა მთავრობამ ხელმომჭირნეობის ზომების დაწესებისას დაივიწყა თავისი მოვალეობა დაიცვას ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ყველაზე სუსტი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ისევე როგორც სამართლიანობისა და თანასწორი მოპყრობის უფლებების უზრუნველყოფა“, - წერს მუიჟნიექსი თავის ანგარიშში, რომელიც ეხება კრიზისის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის სირთულეებსა და გზებს.
„სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დაცვა არც საერთაშორისო კრედიტორებმა გაითვალისწინეს ბევრ დახმარების პროგრამაში“, - ვკითხულობთ ანგარიშში. იქვე აღნიშნულია, რომ „ხელმომჭირნეობის ზომებისა და დახმარების საერთაშორისო პაკეტების შესახებ გადაწყვეტილებებს აკლდა გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება“.

მუიჟნიექსის თქმით, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცამ და გადასახადების შერჩევითმა ზრდამ, რაც დეფიციტის შევსებას ემსახურებოდა, ვერ მიაღწია დეკლარირებულ შედეგს. ამის ნაცვლად, ძირი გამოეთხარა ღირსეული სამუშაოსა და ცხოვრების ადეკვატური პირობების ქონის უფლებებს, რამაც, თავის მხრივ, ევროპაში სიღარიბის გაღრმავებას შეუწყო ხელი. ზოგიერთ შემთხვევაში, წაყენებულმა რთულმა პირობებმა მთავრობებს საშუალება არ მისცა თანხები ჩაედოთ სოციალური დაცვის აუცილებელ მექანიზმებში, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებში.

ანგარიშის თანახმად, ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიც, რადგან ზოგიერთი მთავრობა ხელმომჭირნეობის პოლიტიკის შემუშავებისას არ ითვალისწინებს ხალხის აზრს, რაც ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს აძლევს ბიძგს.

ეს დემონსტრაციები, თავის მხრივ, ახალი ნორმებით იზღუდება: მაგალითად, ესპანეთში განიხილავენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შეზღუდვის ახალ და მნიშვნელოვნად გამკაცრებულ ინიციატივებს. ეს ფაქტორი ევროსაბჭოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

ყველაზე მძიმედ კრიზისი და სიღარიბე შეეხო ბავშვებს, ახალგაზრდებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხანდაზმულებს და ქალებს.
„ადამიანის უფლებები არ შეიძლება ეკონომიკურ სირთულეებს შეეწიროს. ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს, თუკი გვსურს კრიზისიდან მდგრადი და ყოვლისმომცველი გამოსავალი ვიპოვოთ“, - აცხადებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი, ნილს მუიჟნიექსი.
XS
SM
MD
LG