Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი საკადრო ცვლილებების მოლოდინში


2014 წელს ბრიუსელში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს მოელიან როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს ხელმძღვანელობაში.

ახალი გენერალური მდივანი ეყოლება ნატოს. ახალი პრეზიდენტები მოევლინებიან ევროკომისიას, ევროპის საბჭოს, ევროპის პარლამენტს. ახალ ლიდერს შეარჩევენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გასაძღოლადაც.

ჩამოთვლილი თანამდებობებიდან სამს - ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ხელმძღვანელს - ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გეოგრაფია, სქესი, პარტიული კუთვნილება და მზაობა, უარი თქვა სამშობლოში პოლიტიკურ კარიერაზე. ნატოს გენერალურ მდივანს ევროკავშირის სტრუქტურებთან კავშირი, მართალია, არა აქვს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ის, ვისაც აირჩევენ, იყოს რომელიმე იმ ქვეყნიდან, რომელთა წარმომადგენლებსაც აირჩევენ ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე.

ახლა უფრო დეტალურად:

ჯერ ევროკომისიის პრეზიდენტზე. ამ თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს პორტუგალიელი ჟოზე მანუელ ბაროზუ. ის ხელმძღვანელობს ევროკავშირის აღმასრულებელ შტოს, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ბლოკის წევრმა ქვეყნებმა შეასრულონ კანონები, დაიცვან საერთო წესები. ბაროზუს მუშაობის მეორე ხუთწლიანი ვადა 31 ოქტომბერს ამოიწურება. მისი შემცვლელის შერჩევის ამოცანა ეკისრება ევროპის პარლამენტს და ევროპის საბჭოს. ამ უკანასკნელის ჩარჩოებში იკრიბებიან ხოლმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელები.

ბრუსელში ჩვენი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ვარაუდით, შერჩევის პროცესი რთული იქნება. საქმე ისაა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს პირველად აირჩევენ ლისაბონის ხელშეკრულების მიხედვით. ეს, 2009 წელს ამოქმედებული, ხელშეკრულება კი პარლამენტს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. უფრო კონკრეტულად, ევროპის საბჭო, როგორც აქამდე, დაასახელებს კანდიდატს ევროპის პარლამენტის მიერ დასამტკიცებლად, მაგრამ ამჯერად კანდიდატი უნდა შეირჩეს მაისში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.

ევროპარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უკვე დაიწყეს სასურველ კანდიდატებზე საუბარი. სოციალისტებს სურთ პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის, გერმანიის წარმომადგენელ მარტინ შულცის მოქცევა ევროკომისიის სათავეში, თუ სწორედ სოციალისტები მიიღებენ ყველაზე ფართო მხარდაჭერას არჩევნებში. მაგრამ შულცის კანდიდატურას ოპონენტებიც ჰყავს, მათ შორის ისინი, ვინც ფიქრობს, რომ გერმანიას ისედაც ძლიერი პოზიცია აქვს ბრიუსელში.

კანდიდატებს შორის სახელდება დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტიც. ის იქნებოდა პირველი ქალი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, თან ის ევროკავშირის წევრი მომცრო ქვეყნის წარმომადგენელია.

ახლა რაც შეეხება ევროპის საბჭოს პრეზიდენტს. ამ თანამდებობაზე 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ დაიწყო მუშაობა ბელგიელმა ჰერმან ვან რუმპემ. მას 30 ნოემბერს ამოეწურება შესაბამისი ვადა. სავარაუდოდ, შემცვლელად შეარჩევენ მოღვაწეს, რომლის მთავარი ღირსებაც არის მხარეების კონსენსუსზე დაყოლიების უნარი და არა ქარიზმატულობა...

თუ ევროკომისიის პრეზიდენტად, ანუ ჟოზე მანუელ ბაროზუს შემცვლელად, მემარცხენე პოლიტიკოსი შეირჩა, ევროპის კომისიის სათავეში, სავარაუდოდ, მემარჯვენე ძალების წარმომადგენელს ჩააყენებენ: მაგალითად, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარიო მონტის ან ლუქსემბურგის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟან-კლოდ იუნკერს.

გავაგრძელოთ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელით. ეს პოსტიც, ისევე როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა, შეიქმნა ლისაბონის ხელშეკრულებით. მისი სრული სახელწოდებაა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. კეტრინ ეშტონი 2014 წლის დეკემბრამდე დარჩება ამ პოსტზე, თუმცა უკვე გამოიკვეთა ფავორიტი მის შესაძლო შემცვლელებს შორის: რადოსლავ შიკორსკი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, შიკორსკიმ უკვე დაიწყო ფრანგულის შესწავლა. საყურადღებოა, რომ ის ფავორიტებს შორის არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტისათვის კონკურენციაში: შიკორსკიმ შესაძლოა შეცვალოს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც 2009 წლიდან მუშაობს ამ თანამდებობაზე. ალიანსს მოუწევს 2014 წლის სექტემბრის სამიტამდე აირჩიოს ახალი ლიდერი...

შიკორსკის კონკურენტებად ითვლებიან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თომას დე მეზიე.

აი, ასეთია წინასწარი ცნობები, რომლებსაც ბრიუსელიდან გვაწვდის ჩვენი კორესპონდენტი. როგორც ჩანს, არც გაისად მოგვაკლდება თემები ყოველკვირეულ პროგრამა „ახალი ევროპისათვის“, მით უმეტეს, რომ 2014 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის კუთხით. ნატო სამიტისთვის ემზადება, ევროკავშირი - საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG