Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სიახლეები


სამშაბათს, 14 იანვარს, ევროპის პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ამ გამოსვლაში მან, ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტის როლში, თავისი ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაო შეაჯამა.

„[ევროპის] საბჭოს პრეზიდენტობისას წარმატების მიღწევა არ უკავშირდება ქვეყნის ზომას. მთავარია ბევრი მუშაობა, დროის და რესურსების სწორად მართვა და სწრაფვა კონსენსუსის მიღწევისკენ“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ და დასძინა: „ჩვენ ამ ამოცანას მომზადებულები შევხვდით, პროცესში ბევრი რამ ვისწავლეთ და საქმეს მთელი ძალისხმევა მოვახმარეთ“.

თავის გამოსვლაში გრიბაუსკაიტე შეეხო გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტსაც. ამ შეხვედრაზე საქართველომ და მოლდავეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ინიცირება მოახდინეს, გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი შეთანხმებები ევროკავშირსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის. თუმცა სამიტზე არ შედგა ერთ-ერთი მთავარი მოვლენა: უკრაინამ ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ლიტვის პრეზიდენტმა სამიტის შედეგები ასე შეაფასა: „ვილნიუსის სამიტის შედეგებმა ბიძგი მისცა ისტორიულ ცვლილებას, რამაც „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ ახალი იმპულსი შემატა. უკრაინა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. [ევროკავშირის გაფართოების] კომისართან, შტეფან ფიულესთან და [ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, კეთრინ] ეშტონთან ერთად, ისევე როგორც [ევროპარლამენტის] წარმომადგენლებთან, პეტ კოქსთან და ალექსანდრ კვაშნევსკისთან ერთად, ამ პალატის ყველა წევრის მტკიცე მხარდაჭერის გათვალისწინებით, ჩვენ მთელი გული და სული მოვახმარეთ აღმოსავლელი მეზობლებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ პარტნიორობის შესახებ ჩვენი შეთავაზება ნამდვილია და ემსახურება იმის ჩვენებას, რომ მათი მიზიდულობის ცენტრს ევროპა წარმოადგენს“.

ვამაყობ, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ახალგაზრდა დემოკრატიამ, მოახერხა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ამოცანების შესრულება სხვა ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მსგავსად შეუძლიაო, - უთხრა გრიბაუსკაიტემ ევროპარლამენტარებს.

მისი თქმით, ლიტვის პრეზიდენტობის მთავარი მიღწევებია ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტზე საბოლოო შეთანხმება და პროგრესი ევროკავშირის საბანკო გაერთიანების შექმნის გზაზე.

სამშაბათის სხდომაზე ევროპარლამენტარებს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმაც მიმართა: „დღეს, როცა ამდენი ადამიანია ევროკავშირით იმედგაცრუებული, ვფიქრობ, კიევის ყინვიან ღამეებში ხილვა ახალგაზრდების და ზოგჯერ არცთუ ძალიან ახალგაზრდებისა, რომლებიც ევროკავშირის დროშებს ასე მაღლა აფრიალებენ, ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირი, თავისი ღირებულებებით, არა მხოლოდ ჩვენთვის, აქ, წევრ ქვეყნებში, არამედ დანარჩენ მსოფლიოშიც“.

ლიტვის პრეზიდენტის მსგავსად, ვილნიუსის სამიტის შედეგები ბაროზუმაც შეაფასა: „შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ინიცირება, ისევე როგორც მოლდავეთ-ევროკავშირისა. განიხილებოდა სავიზო რეჟიმის შემსუბუქება. ვილნიუსის სამიტის ერთობლივმა დეკლარაციამ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას სტრატეგიულ სფეროებში“.

2013 წლის ბოლოს ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტის პოსტი ლიტვამ საბერძნეთს გადააბარა. საბერძნეთის პრიორიტეტებს ევროპის პარლამენტი ოთხშაბათს, 15 იანვარს, განიხილავს.
*****
პოლონეთში კონსერვატორი პოლიტიკოსები გამოდიან ინიციატივით ციხე მიესაჯოს ყველას, ვინც „პოლონურად“ მოიხსენიებს იმ საკონცენტრაციო ბანაკებს, რომლებსაც მათ ქვეყანაში ნაცისტური გერმანია ამუშავებდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

პოლონეთის პარლამენტი განიხილავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც, გამოყენება სიტყვათშეთანხმებისა „პოლონური საკონცენტრაციო ბანაკები“ ან „პოლონური სიკვდილის ბანაკები“ თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დარიუშ პიონტკოვსკი, ამ ფრაზებს უწოდებს „დარტყმას პოლონეთის ეროვნულ ინტერესებზე“ და „ისტორიული სიმართლის გაყალბებას“.

ინიციატივა ეყრდნობა საზოგადოებაში არსებულ გულისწყრომას მსგავსი ფრაზების გამოყენების გამო.

პოლონეთის გარეთ ჟურნალისტები და საჯარო ფიგურები ხშირად იყენებენ ფრაზას „პოლონური საკონცენტრაციო ბანაკები“, როცა საქმე ეხება ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ნაცისტური გერმანიის მიერ აგებულ და მართულ ბანაკებს. ჰოლოკოსტის დიდი წილის აღსრულება სწორედ ამ ბანაკებში მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ 2012 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფრაზის გამოყენების 130 შემთხვევა აღწერა.

ერთხელ ეს სიტყვათშეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც გამოიყენა, რასაც პოლონეთში საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ფრაზა წარმოთქვა 2012 წელს სიტყვაში, რომლითაც ის მეორე მსოფლიო ომში პოლონეთის წინააღმდეგობის რიგების ერთ-ერთ მებრძოლს მიაგებდა პატივს.

ობამამ მალევე გაავრცელა საბოდიშო წერილი, გამოხატა „სინანული“ და მომხდარს უნებლიე შეცდომა უწოდა.

პოლონეთში აქტივისტები ფართომასშტაბიან კამპანიას აწარმოებენ და მედიას თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ შეასწოროს ეს ფრაზები.

ინტერნეტით ამგვარი ფრაზების შეზღუდვის მოწოდებით პეტიცია ვრცელდება, რომელსაც 300,000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის - პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა.

თუმცა შანსი, რომ ნაცისტური ბანაკების „პოლონურად“ მოხსენიებისთვის ვინმეს მართლაც ჩასვამენ ციხეში, მცირეა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრი მიხალ კროლიკოვსკი ინიციატივის კრიტიკით გამოვიდა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი პოლონეთს საშუალებას არ მისცემს ამ საქმეში უცხოელების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა რამდენიმე დეპუტატმაც. მათი თქმით, ბევრი უცხოელი, ობამას ჩათვლით, ფრაზას „პოლონური სიკვდილის ბანაკები“ ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე იყენებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ექვსი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი იყო განლაგებული: ხელმნო, ბელზეცი, ტრებლინკა, სობიბორი, მაიდანეკი და ოსვენციმი-ბირკენაუ.

ჰოლოკოსტს 6 მილიონამდე ებრაელი ემსხვერპლა - მაშინდელი ევროპის ებრაული მოსახლეობის ორი მესამედი. მათი დაახლოებით ნახევარი პოლონეთში განლაგებულ ბანაკებში დაიღუპა - საბჭოთა ტყვეებთან, ბოშებთან, ჰომოსექსუალებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და დისიდენტებთან ერთად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG