Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს ჟან-კლოდ იუნკერი


ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

27 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენენ ლუქსემბურგის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჟან-კლოდ იუნკერს. იუნკერის კანდიდატურას მძლავრად ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი. ის ფიქრობს, რომ იუნკერს სურს ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე. იუნკერის წინააღმდეგ ხმა მისცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც. ევროკავშირის ყველა სხვა წევრი ქვეყნის ლიდერებმა კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. რას წარმოადგენს ჟან-კლოდ იუნკერი?

„ყველაზე საშიში კაცი ევროპაში“ - ასე დაახასიათა ბრიტანეთში გამომავალმა ტაბლოიდმა, „სანმა“, ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირის კომისიის შემდეგი სავარაუდო თავმჯდომარე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, მის კანდიდატურას მძლავრად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ იუნკერი ფედერალისტია, რომელსაც სურს ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე. ლონდონი ბრიუსელის ინსტიტუტებს გაბერილად და გაუმჭვირვალედ მიიჩნევს და შიშობს, რომ იუნკერი ამ ინსტიტუტების მოდერნიზებაზე არ იმუშავებს.

ახალი ამბავი აღარ არის, მაგრამ შემიძლია უკვე ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ ევროპის საბჭომ გადაწყვიტა ბატონი ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურა წარუდგინოს ევროპის პარლამენტს ევროპის კომისიის პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად...
ჰერმან ვან რუმპე

თუმცა სრულიად საპირისპიროს აცხადებენ ევროკავშირის სხვა ლიდერები და ევროპარლამენტის დეპუტატები - რომ თუ ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე იუნკერი არ დამტკიცდება, ამით საკუთრივ დემოკრატიას გამოეთხრება ძირი.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, 27 ივნისის სამიტზე გამართული კენჭისყრის შედეგი ასე გამოაცხადა:

„ახალი ამბავი აღარ არის, მაგრამ შემიძლია უკვე ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ ევროპის საბჭომ გადაწყვიტა ბატონი ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურა წარუდგინოს ევროპის პარლამენტს ევროპის კომისიის პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად. ამას წინ უძღოდა უფლებამოსილი უმრავლესობის მიერ ხმის მიცემის ოფიციალური პროცესი. დიდი ბრიტანეთისა და უნგრეთის გარდა, მას ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანამ დაუჭირა მხარი“.

ევროპის კომისიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ვისაც, პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, იუნკერი შეცვლის, ის ასე დაახასიათა:

„ჟან-კლოდ იუნკერს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ. ერთად ბევრ ვითარებაში გვიმუშავია და ნამდვილად მწამს, რომ ის ერთგული ევროპელი და გამორჩეულად მდიდარი გამოცდილების მქონე პოლიტიკური ლიდერია“.

და მაინც, რას წარმოადგენს ჟან-კლოდ იუნკერი - ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოსტზე მომუშავე პირი, რომელსაც გავლენა ექნება 500 მილიონი ევროპელისთვის მნიშვნელოვან სფეროებზე, ტელეკომუნიკაციების, საბანკო სექტორის და ვაჭრობის ჩათვლით?

იუნკერს მემარჯვენე-ცენტრისტად მიიჩნევენ, თუმცა ბევრი ამბობს, რომ ის ევროკავშირის მენსტრიმული მემარჯვენე-ცენტრიზმისგან ოდნავ უფრო მარცხნივ იხრება. იუნკერი ფოლადის ინდუსტრიის მუშაკის შვილია და ხშირად უთქვამს: რომ არა მამაჩემის სტაბილური სამსახური, ვერც იურისპრუდენციას შევისწავლიდი და არც კარიერული წინსვლა მექნებოდაო. იუნკერი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის შემოღებას უჭერს მხარს.

59 წლის ლუქსემბურგელი პოლიტიკოსი გასულ წლამდე, სანამ მას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობის დატოვება მოუწევდა, ევროკავშირში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი დროით მომუშავე პოლიტიკოსი იყო.

გავრცელებული ცნობებით, სკანდალში შარშან ლუქსემბურგის სადაზვერვო სტრუქტურები გაეხვია - გაირკვა, რომ ის აწარმოებდა უკანონო მოსმენებს, ადამიანების შესახებ ინახავდა მონაცემებს და ფიქტიური კონტრტერორისტული ოპერაციაც ჩაატარა. როგორც იუწყებიან, ამ ოპერაციის რეალური მიზანი იყო რუს ოლიგარქს საშუალება მისცემოდა 10 მილიონი დოლარი გადაეხადა ესპანეთის ჯაშუშისთვის.

იუნკერი აცხადებდა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ამგვარი დარღვევების შესახებ, იმის მიუხედავად, რომ სადაზვერვო სტრუქტურები უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. მაგრამ მას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მაინც მოუწია. გაიმართა ვადამდელი არჩევნები, რომელშიც იუნკერის პარტიამ მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი, მაგრამ მთავრობის ფორმირება იუნკერის ნაცვლად ლიბერალ ქსავიე ბეტელს დაევალა.

იუნკერს ხშირად ახასიათებენ ევროკავშირის პოლიტიკის „ვეტერანად“. ის ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა იმ დროს, როცა გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი იყო. იუნკერი კოლთან თანამშრომლობდა ევროკავშირის ერთიანი ვალუტის - ევროს - შესამუშავებლად.

მზად ვარ მივიღო შეურაცხყოფა, რომ არ ვარ სათანადო დემოკრატი, მაგრამ მინდა სერიოზულად მოვეკიდო საქმეს...
ჟან-კლოდ იუნკერი

პოლიტიკური კარიერა იუნკერმა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. 1989 წელს, 35 წლის ასაკში, ის ფინანსთა მინისტრი გახდა და ოცი წლის განმავლობაში იმუშავა ამ პოსტზე, ნაწილობრივ პრემიერობასთან შეთავსებითაც.

2005-2013 წლებში იუნკერი ასევე სათავეში ედგა „ევროჯგუფს“ - ევროს მოქმედების ზონის ფინანსთა მინისტრების გუნდს, რომელმაც ევროს კრიზისის დროს გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ ქვეყნების დახმარებაში, რომლებსაც ბანკროტად ქცევა ემუქრებოდა - საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, ესპანეთისა და კვიპროსის.

2011 წელს ბრიუსელში გამართულ დებატებზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებულმა გამოცემამ, EUobserver-მა ჩაიწერა, იუნკერმა აღიარა, რომ ევროს კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზაში კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ ხშირად უწევდა ჟურნალისტებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა ბაზრებს ისედაც ღრმა პრობლემების მქონე ქვეყნების წინააღმდეგ არ გაეკეთებინათ გათვლები.

როგორც EUobserver-ი იუწყება, „ევროჯგუფის“ შეხვედრების გამჭვირვალობისკენ მოწოდებებს იუნკერი „გულუბრყვილობად“ მიიჩნევდა. „როცა გერმანიის, საფრანგეთის, ევროჯგუფისა და ცენტრალური ბანკის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ სხედან, შეთანხმების მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საფინანსო ბაზრები ამა თუ იმ წინადადებაზე რეაგირებას ახდენენო“, - უთქვამს იუნკერს. „მზად ვარ მივიღო შეურაცხყოფა, რომ არ ვარ სათანადო დემოკრატი, მაგრამ მინდა სერიოზულად მოვეკიდო საქმესო“, - ავრცელებს მის სიტყვებს EUobserver-ი.

იუნკერი ახლა ევროპის პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. მისი კანდიდატურის შესახებ კენჭისყრა 16 ივლისს არის დანიშნული. პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, იუნკერი შეცვლის ჟოზე მანუელ ბაროზუს, რომელიც ევროკავშირის კომისიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG