Accessibility links

logo-print

უკრაინაში ყირიმის დაბრუნების სტრატეგიას ეძებენ


უკრაინის რუკა

უკრაინის რუკა

იმ დროს, როდესაც საინფორმაციო საშუალებების სათაურების თემად კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და მტრული რიტორიკა რჩება, მოსკოვსა და კიევს შორის ცხარე დისკუსია ყირიმის თაობაზე ქრონიკულ ხასიათს იძენს.

1 აგვისტოს, უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დათმობს ყირიმს“. იგივე გაიმეორა პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი ჩალიმ, რომელმაც დასძინა, „ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილიო“.

ასეთი მკაცრი განცხადებები კი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ მკვეთრი ტონით წარმოთქმულ სიტყვებს: „ყირიმი რუსეთის ნაწილია. არავისთან არც ყოფილა, არც არის და არც შეიძლება, რომ იყოს საუბარი ყირიმის თაობაზეო“.

მრავალი მაგალითი არსებობს, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ პრობლემა საარბიტრაჟო წესით გადაიჭრას...

მაშინ, როცა კიევი და მოსკოვი საკუთარ პოზიციებზე რჩებიან, სპეციალისტები ისტორიიდან სადავო ტერიტორიების გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნების პრეცედენტებს იხსენებენ. ასე მაგალითად, რაინლანდი გერმანიას პირველი მსოფლიო ომიდან 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა, ხოლო ჰონგ კონგი, რომელიც ბრიტანეთის მმართველობაში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ჩინეთმა 1997 წელს დაიბრუნა, განაცხადა ანდრეი ვესელოვსკიმ, უკრაინის საგანგებო ელჩმა ევროკავშირში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში და დასძინა:

„მრავალი მაგალითი არსებობს, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ პრობლემა საარბიტრაჟო წესით გადაიჭრას. შექმნილ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი დათანხმდეს ასეთ პროცესში მონაწილეობაზე. და ამაშია პრობლემა და არა მექანიზმების არარსებობაში“.

არ მჯერა ყირიმის დაბრუნება სასამართლოს ანდა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით მოხდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვეცადოთ ამ საშუალებების გამოყენებას. ეს უნდა გაკეთდეს - ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არგუმენტი...

რუსეთმა 2014 წლის მარტში განახორციელა ყირიმის ანექსია, რასაც არც უკრაინა ცნობს და არც მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა. საერთაშორისო სამართალიც ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთს, რომელმაც უცხო ქვეყნის ტერიტორია ძალის გამოყენებით მიიერთა. შესაბამისად, კიევის ხელისუფლებას, პოლიტიკური რიტორიკის გარდა, არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ურჩევენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები.

მათ შორის არის ყირიმელი პოლიტიკური მიმომხილველი ოლექსანდრ სტარიშა, რომელიც კიევს ურჩევს დაუყოვნებლივ მიმართოს სარჩელით სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. იჰორ სემივოლოსი კი, ახლო აღმოსავლეთის სწავლების კიევის ინსტიტუტის დირექტორი, კიევს მხოლოდ სასამართლოს იმედად ყოფნას არ ურჩევს და ყირიმის დაბრუნების საკითხში კომბინირებული მიდგომის სტრატეგიაზე ლაპარაკობს:

„გულახდილად რომ ითქვას, არ მჯერა ყირიმის დაბრუნება სასამართლოს ანდა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით მოხდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვეცადოთ ამ საშუალებების გამოყენებას. ეს უნდა გაკეთდეს - ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არგუმენტი და სამართლებრივი ნორმები, ყველა პროცედურას უნდა მივმართოთ ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ ამას დასჭირდება კომბინირებული მიდგომა - ძალის ელემენტის, პოლიტიკური ელემენტის და სამართლებრივი ელემენტის გამოყენებით“.

სხვა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყირიმის დაბრუნების სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სეპარატისტული მოძრაობის დამარცხება აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც დიდი დარტყმა იქნება პუტინისთვის, რომელმაც მანამდე მძიმედ გადაიტანა იმის გაცნობიერება, რომ ვერ ახორციელებს დონბასთან აზოვის ზღვის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას. თუმცა პოლიტიკის საკითხებში ცნობილი რუსი კონსულტანტი სტანისლავ ბელკოვსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ყირიმის მიმართ უფრო გრძელვადიან მოწესრიგებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული:

„ცხადია, ვლადიმირ პუტინი არასოდეს დასთანხმდება ყირიმის დაბრუნებას. სანამ ის ხელისუფლებაში იქნება, ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. მაგრამ მაშინაც, თუ პუტინი დაკარგავს ძალაუფლებას, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთის ხალხი დასთანხმდეს ტერიტორიის დაკარგვას. უფრო სავარაუდოა, ყირიმისათვის დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გვეფიქრა, ვიდრე მისი უკრაინის ნაწილად დაბრუნებაზე“.

ამასთან, ბელკოვსკი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სტრატეგიის წარმატება დამოკიდებული იქნება თავად კიევზე, რომელმაც, ანალიტიკოსის აზრით, უკრაინაში უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ყირიმელთა უმრავლესობას მოუნდეს უკან დაბრუნება მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება.

XS
SM
MD
LG