Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად დაბალი იყო


მაისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობა სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. ამით გაბათილდა პოლიტიკოსების მიერ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები, რომ ამომრჩევლის მონაწილეობაში სამი ათწლეულის განმავლობაში აღრიცხული კლება, როგორც იქნა, შეჩერდა, - იუწყება ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს პოლიტიკაზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა euobserver-ი.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, წინასწარი მონაცემების სახით, ითქვა, რომ აქტივობა 43.09 პროცენტი იყო, თუმცა საბოლოო, ზუსტი მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 42.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2009 წლის არჩევნებზე აღრიცხული 43 პროცენტიდან კლებას წარმოადგენს.

არადა, წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალე რამდენიმე პოლიტიკოსმა გააკეთა ოპტიმისტური განცხადებები, რომ ამომრჩევლის აქტივობის ვარდნა დასრულდა.

„დღევანდელი საღამოს პირველი კარგი ამბავი ისაა, რომ, როგორც იქნა, გავარღვიეთ ევროპულ არჩევნებში აქტივობის კლების ტენდენციაო“, აცხადებდა ბელგიელი პოლიტიკოსი, ლიბერალი გაი ვერჰოფსტატი 25 მაისს ბრიუსელში. ევროპარლამენტის პრესმდივანმა ამას „ისტორიული“ მიღწევა უწოდა.

არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, 25 ივლისს, პარლამენტის ვებსაიტზე დაიდო განახლებული, დაზუსტებული მონაცემი.

როგორც იუწყებიან, საბოლოო შედეგის შეცვლა მოიტანა ესპანეთისა და იტალიის მონაცემების გაანალიზებამ, ხოლო საბოლოო მონაცემის მიღწევას ამდენი დრო იმიტომ დასჭირდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა დაემტკიცებინა ბიულეტენთა ბათილად ცნობისა და ცარიელი ბიულეტენების ამოცნობის მეთოდოლოგია.

თუმცა, მონაცემის შეცვლის მიუხედავად, პარლამენტმა მაინც ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება სცადა.

„საბოლოო მონაცემს მაისში გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს მონაცემები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა. საბოლოო მონაცემი, რომელიც სულ ოდნავ ნაკლებია 2009 წელს აღრიცხულ შედეგზე, ამტკიცებს, რომ შეჩერებულია წინა წლების ტენდენცია - ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელოვანი ვარდნა“, - უთქვამს ევროპარლამენტის წარმომადგენელს euobserver-ისთვის.

როგორც გამოცემა წერს, ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ პრობლემური საკითხია ევროპარლამენტისთვის, რომელიც თავს ხშირად წარმოაჩენს ყველაზე დემოკრატიულად ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.

სოციოლოგების შეფასებით, 751-ადგილიანი პარლამენტის არჩევნებში ამომრჩევლის პასიურობის მიზეზია გავრცელებული აღქმა, რომ არჩევნების შედეგი მოქალაქეების ცხოვრებაზე დიდად არ აისახება.

ეს ფაქტორი უხერხულობას უქმნის საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ კანონმდებლობის შემუშავებაში, რომელიც რეალურად მოქალაქეების ცხოვრების ბევრ ასპექტს ეხება - იქნება ეს ეროვნული ბიუჯეტების ეკონომიკური ანალიზი, გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო წესები თუ მომხმარებლის უსაფრთხოება.

ბევრი იმედოვნებდა, რომ ბოლო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობას გაზრდიდა ისეთი სიახლეები, როგორიც იყო ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატების სატელევიზო დებატებში მონაწილეობა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ვიზიტები.

ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლის აქტივობამ მცირედით მართლაც მოიმატა. მაგალითად , გერმანიაში წელს 48.1 პროცენტი აღირიცხა, მაშინ როცა 2009 წელს ეს მონაცემი 43.27 პროცენტი იყო, ხოლო საფრანგეთში წელს ამომრჩევლის 42.43 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როცა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 40.63-მა პროცენტმა. მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ამომრჩევლის აქტივობის მონაცემმა დაიკლო. სლოვაკეთში, მაგალითად, ამ მონაცემმა მხოლოდ 13.05 პროცენტი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნები ყურადღებით ადევნებენ თვალს ებოლის საფრთხეს

დასავლეთ აფრიკაში ებოლის დაავადების აფეთქების გამო გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ინფიცირებული ადამიანები ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე ევროკავშირის ტერიტორიაზეც შევიდნენ, მაგრამ როგორც ევროკავშირის, ისე გაეროს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ვირუსის ევროპაში გავრცელების საფრთხე „ძალიან დაბალია“.

19 აგვისტოს ბერლინიდან გავრცელდა ცნობა, რომ საავადმყოფოში მოათავსეს ქალი, რომელსაც ებოლის სიმპტომები აქვს. როგორც იუწყებიან, ის საგანგებო ვითარებათა უწყების თანამშრომელთა თანხლებით გაიყვანეს შრომითი მოწყობის ცენტრიდან

თებერვლის შემდეგ ამ საშიშმა დაავადებამ 1,200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა გვინეაში, ლიბერიაში, ნიგერიასა და სიერა ლეონეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 14 აგვისტოს ჟენევაში განაცხადა, რომ კრიზისი, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და დასძინა, რომ პირველადმა შეფასებებმა პრობლემის მასშტაბი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

ებოლა ვრცელდება ორგანიზმის მიერ გამოყოფილ სითხესთან პირდაპირი კონტაქტით, მაგრამ გრიპის მსგავსად არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით.

ებოლა ადამიანის სიკვდილს იწვევს რამდენიმე ორგანოს დაზიანებით. ჯერჯერობით მის სამკურნალოდ დამტკიცებული წამალი არ არსებობს, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საბჭოს უბიძგა ნებართვა გაეცა აფრიკაში ექსპერიმენტული მედიკამენტების გამოყენებაზე, გამონაკლისის სახით.

ვირუსის ევროპაში გავრცელების შესახებ შეშფოთება გაიზარდა მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს მადრიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ესპანელი მღვდელი, რომელიც ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ შინ გადააფრინეს. მისიონერი მღვდელი, მიგელ პახარესი, დასავლეთ აფრიკაში მუშაობისას დაავადდა ებოლით.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა გამოცემა euobserver-ს უთხრა, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საკმაოდ არარეალისტური პერსპექტივისთვის, რომ მოგზაურები შესაძლოა ებოლით დაავადდნენ და ევროკავშირში დაბრუნდნენ სიმპტომების გამოვლენამდე ან უკვე ავად გახდომის შემდეგო“. ცენტრის აზრით, შესაძლოა, ევროპაში დაავადება ლოკალურად მართლაც აღინიშნოს, მაგრამ მისი ფართოდ გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა, ინფექციათა კონტროლის იმ მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროპაში მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გრეგორი ჰარტლმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ებოლის ევროპაში გავრცელების საფრთხე ძალიან მცირეა, რადგან ვირუსი მოგზაურობას კარგად ვერ უძლებს. ამასთან, მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ებოლის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს, თუ პაციენტს საავადმყოფოში დაავადების ადრეულ სტადიაზე მიიყვანენ, ინტენსიური მოვლის - დასვენების, სითხის მიღების - პირობებში გადარჩენის შანსი 75 პროცენტს უტოლდება.

პარალელურად, ევროკავშირი ცდილობს დასავლეთ აფრიკას დაეხმაროს დაავადებასთან ბრძოლაში.

ევროკომისიამ თავისი „განვითარების“ ფონდიდან გამოყო თანხა გვინეაში „მობილური ლაბორატორიის“ ასაშენებლად, რომელმაც მკურნალობა და დიაგნოსტიკა უნდა გახადოს შესაძლებელი. ებოლის პრობლემის მქონე ქვეყნების დასახმარებლად დამატებით გამოიყო 8 მილიონი ევრო. ამასთან, შესყიდულ იქნა კიდევ ერთი მობილური ლაბორატორია, რომელიც სიერა ლეონესთვისაა განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG