Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დააღწევს მოლდავეთი თავს რუსეთზე დამოკიდებულებას ენერგეტიკის სფეროში


აგვისტოში საზეიმოდ გაიხსნა მოლდავეთისა და რუმინეთის შემაკავშირებელი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც ცდილობს კიშინიოვი თავი დააღწიოს „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას. თუმცა გაზსადენი არ მოქმედებს, მასში გაზს არ გაუვლია და არავინ იცის, როდის გადაქაჩავენ იაშიდან უნგენამდე არარუსული წარმოშობის ბუნებრივ აირს. მილსადენის გახსნის ცერემონიას მოლდავეთის ეროვნულ დღეს, 27 აგვისტოს, ესწრებოდნენ რუმინეთისა და მოლდავეთის პრემიერები ვიქტორ პონტო და იურიე ლეანკა. ორივე პოლიტიკოსი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და ორივე, ცხადია, ამ საქმისთვისაც იყენებდა ცერემონიას. მაგრამ, როგორც ითქვა, გაზსადენი ჯერჯერობით გაიხსნა უაიროდ. მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდა, თითქოს „გაზპრომის“ გაღიზიანებას ერიდებაო, და აღნიშნა, ის მთავარი მომწოდებელი დარჩება, მაგრამ შეიძლება ორ წელიწადში, როცა ეს გაზსადენი ამოქმედდება, უკეთესი ფასები შემოგვთავაზოს, აქ ჩვენთვის მთავარი კონკურენტების არსებობააო, და იქვე დასძინა:

„შემდეგ კვირაში ხელშეკრულებას გავაფორმებთ რუმინულ ფირმასა და „მოლდოვაგაზის“ რეგიონალურ ფილიალს შორის. მცირე რაოდენობის გაზს, წელიწადში ათ მილიონ კუბურ მეტრამდე, კონკურენტულ ფასად რუმინეთიდან შემოვიტანთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფასი „გაზპრომისაზე“ უკეთესი იქნება და მივაღწევთ ორ მიზანს - ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კონკურენტულ ფასს“.

„მოლდოვაგაზს“ „გაზპრომი“ აკონტროლებს და ამ უკანასკნელს ნამდვილად სურს დარჩეს მოლდავეთისთვის გაზის მთავარ მიმწოდებლად. „გაზპრომზე“ დამოკიდებულებისთვის თავის დაღწევა მნიშვნელოვანია მოლდავეთის მთავრობისთვის ევროინტეგრაციის პოლიტიკაში. რუსეთის სახელმწიფო ფირმაზე მოდის მოლდავეთის ენერგიის მოხმარების 65 პროცენტი. ამას დაერთვის ის ოთხი მილიარდი დოლარი, რომელსაც „გაზპრომი“ კიშინიოვისგან მოითხოვს. ამ თანხის შესაბამისი გაზი მიეწოდა სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, მაგრამ მომხმარებლისგან მიღებული თანხა „გაზპრომს“ არ გადაურიცხეს. ამ ეტაპზე ათასი კუბური მეტრი გაზი რუსეთიდან მოლდავეთს 420 დოლარი უჯდება. არ არის ცხადი, რა გზებს მიმართავს „მოლდოვაგაზი“ მოლდავეთში რუმინული აირის იმპორტისათვის ხელის შესაშლელად. რადიო თავისუფლება შეეცადა ამ თემაზე კომპანიას გასაუბრებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ენერგეტიკის სფეროს კიშინიოველი ექსპერტი იონ მუნტეანი ფიქრობს, რომ ახლად გახსნილი მილსადენი წლის ბოლომდე არ ამოქმედდება. მუნტეანმა „იურეიშანეტ.ორგს“ უთხრა, ამ პროექტის შეფერხებით დიდად არიან დაინტერესებულიო. მოლდავეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრუ ბრაგისი ამბობს, რომ მოლდავეთში რუმინეთიდან გაზის შეტანის სამართლებრივი ჩარჩო უკვე შექმნილია.

„დაფუძნდა ენერგეტიკის რეგულირების ეროვნული სააგენტო. „მოლდოვაგაზს“ არ შეუძლია უარი თქვას სხვა მომწოდებლის აირის შემოტანაზე. მათ უნდა მოილაპარაკონ ტრანსპორტირების ფასზე და შემდეგ, თეორიულად, „მოლდოვაგაზს“ პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეს“, ფიქრობს მუნტეანი.

კიშინიოვს არ შეუძლია აიძულოს „მოლდოვაგაზი“, რომ მომხმარებელს რუმინული გაზი შესთავაზოს, მაგრამ მას ძალუძს რუმინელ პარტნიორებთან მუშაობა და ახლად შექმნილი ფირმებისთვის დავალება, რომ ასე მოიქცნენ. იაში-უნგენის გაზსადენი მცირე ნაწილია მოლდავეთის ენერგეტიკული სტრატეგიისა. ამ ეტაპზე მას მხოლოდ მცირე რაოდენობის გაზის გადაქაჩვა შეეძლება მოლდავეთის სასაზღვრო რაიონებში, მაგრამ მთელი პროექტის პოტენციალი უზარმაზარია, გვითხრა პოლონელმა ექსპერტმა ანიტა სობიაკმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში მუშაობს ვარშავაში. მისი თქმით, მილსადენმა უნგენიდან კიშინიოვამდე უნდა მიაღწიოს:

„პოტენციალი უზარმაზარია, ეს უდავოა. როცა ის მთლიანად აშენდება, როცა ყველა სამართლებრივი საკითხი მოგვარდება, როცა „გაზპრომი“ დათანხმდება რუმინეთიდან გაზი შეიტანოს მოლდავეთში, გამოჩნდება უზარმაზარი პოტენციალი: გაზსადენი იქნება რუსეთიდან „გაზპრომის“ გზით შემოტანილი ბუნებრივი აირის ალტერნატივა“.

პროექტის დასასრულებლად საჭიროა დამატებით 200 მილიონი ევრო, მაგრამ როცა სრულად ამოქმედდება, გაზსადენს შეეძლება წლიურად მილიარდ-ნახევარი კუბური მეტრი აირი გადაქაჩოს, მაშინ როცა ამჟამად მოლდავეთი „გაზპრომის“ გზით იღებს მილიარდ ას მილიონ კუბურ მეტრს. ეს არის მიზანი, რასაც მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ესწრაფვის და ამას გულისხმობდა, როცა მილსადენის ამ ნაწილის გახნისას თქვა, მივაღწევთ ორ მიზანს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და კონკურენტულ ფასსო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG