Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მომავალი საგარეო პოლიტიკური ლიდერი რუსეთის მიმართ გაწონასწორებული მიდგომის მომხრეა


ფედერიკა მოგერინი და სერგეი ლავროვი, რუსეთი საგარეო საქეთა მინისტრი.
ფედერიკა მოგერინი და სერგეი ლავროვი, რუსეთი საგარეო საქეთა მინისტრი.

1 ნოემბერს შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას ფედერიკა მოგერინი, იტალიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი გახდება და ამ პოსტზე კეტრინ ეშტონს შეცვლის. მოგერინიმ 6 ნოემბერს თქვა, რომ ბრიუსელი მოსკოვს სიმტკიცისა და ტაქტის შეზავებით უნდა მიუდგეს. მოგერინის ეს სიტყვები ბრიუსელში გაისმა, როცა მან თავისი საპროგრამო სამსაათიანი სიტყვა წარმოთქვა, სანამ თანამდებობას საბოლოოდ ჩაიბარებს, და ევროპის კავშირის პარლამენტის წევრმა, ბრიტანელმა რიჩარდ ჰაუიტმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრმა, შეკითხვა დაუსვა:

„დათვებს რაც შეეხება, მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. ჩრდილოელებს ჩემზე დიდი გამოცდილება აქვთ, ალბათ. მაგრამ მე ვიტყოდი, გვჭირდება სიმტკიცისა და დიპლომატიის შეზავება. წონასწორობა მათ შორის დათვზეც იქნება დამოკიდებული“.

მოგერინის ინიციატივა არ ყოფილა დათვებზე საუბარი, დათვები შეკითხვის ავტორმა ახსენა. თანამდებობაზე მოგერინის დასახელება ზოგიერთმა აღმოსავლეთევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე აგვისტოში გააკრიტიკა, რადგან, მათი აზრით, იტალიელი მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი რბილი პოლიტიკის მომხრე იყო რუსეთის მიმართ უკრაინის კრიზისის საქმეში. მოგერინი თვლის, რომ, მართალია, მოსკოვთან ურთიერთობა ახლა დაძაბულია, მაგრამ რუსეთი რჩება სტრატეგიულ ქვეყნად მსოფლიოში. მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია, თუ რუსეთი შეეცდება ყირიმსა და რუსეთს შორის დერეფანი დაიკავოს, ევროკავშირი ერთიანი დარჩეს. ევროკავშირის მომავალი საგარეო პოლიტიკური ლიდერი რუსეთთან ურთიერობას ევროპისვე უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკობს:

„სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების საქმეში ვითარება გართულებულია. ვფიქრობ, რუსეთი კვლავაც უნდა ჩავრთოთ და ამაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამაც ილაპარაკა გაეროს გენერალური ასამბლეაზე გამოსვლისას რამდენიმე კვირის წინ. ეს არის საკითხი, რომელიც საკვანძოა და ჩვენ რუსეთი უნდა ჩავრთოთ მასში ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესების გამო“.

შესაძლოა დაგვჭირდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაზე მუშაობა, „თუ საქმე გაუარესდა“ უკრაინასთან მიმართებით, და ევროკავშირს „შეუძლია გააუქმოს სანქციები, თუ ვითარება გაუმჯობესდა...
ფედერიკა მოგერინი

მოგერინის თავისი აზრი აქვს რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზეც იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებს მოსკოვი უკრაინის კრიზისში. მოგერინის აზრით, უკრაინელებთან მუშაობაა მთავარი და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ძალისხმევის მხარდაჭერა, რადგანაც, საბოლოო ჯამში, მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონფლიქტი. რაც შეეხება სანქციებს:

„შესაძლოა დაგვჭირდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაზე მუშაობა, „თუ საქმე გაუარესდა“ უკრაინასთან მიმართებით, და ევროკავშირს „შეუძლია გააუქმოს სანქციები, თუ ვითარება გაუმჯობესდა“. ეს არის ინსტრუმენტის მოქნილობა. მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურ ძალისხმევას, რომელსაც ესწრაფვის უკრაინის ხელისუფლება“.

მოგერინიმ ევროპის პარლამენტში 6 ოქტომბერს მისი დამტკიცების გამო გამართულ მოსმენაზე თქვა, რომ თავის აღმოსავლელ მეზობლებს შორის ევროკავშირს „დასჭირდება მხარი დაუჭიროს“ საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას:

არ შეიძლება მუდამ უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდავეთზე ლაპარაკი. აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამაში ექვსი ქვეყანა შედის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია)...
გუნერ ვიგანდი

„ვფიქრობ, რუსეთის მცდელობები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ იმის ჩვენებას ემსახურება, რომ ევროპული არჩევანი ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის ცუდია. ამიტომაა, რომ ასე მოვითხოვ ამ გარდამავალ სტადიაში მყოფი ქვეყნებისთვის, მათი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერას. თუ მოვახერხებთ ევროპული არჩევანის უპირატესობა დავანახვოთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, - მე ვგულისხმობ მოლდავეთს, სადაც რთული არჩევნები ახლოვდება, ვგულისხმობ საქართველოს და, რა თქმა უნდა, უკრაინას, - თუ ევროპული არჩევანი კონკრეტულ კარგ შედეგებს მოუტანს ამ ქვეყნებს, ეს მიმზიდველი ფაქტორი გახდება მათი იმ არეალებისა და იმ ნაწილებისთვის, რომლებიც შესაძლოა დღეს სხვანაირად ფიქრობდნენ“.

ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც პირველი ნოემბრიდან შეუდგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის მოვალეობის შესრულებას, ბრიუსელში 6 ოქტომბერს თქვა ასევე, რომ საჭიროა ახლო თანამშრომლობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსიასთან. მოგერინის ეს პოზიცია 7 ოქტომბერს დაადასტურა ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის აღმოსავლეთთან პარტნიორობის განყოფილების დირექტორმა გუნერ ვიგანდმა, რომელმაც იმავე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის კვლევით ინსტიტუტში, მარტინის ცენტრში თქვა:

„არ შეიძლება მუდამ უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდავეთზე ლაპარაკი. აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამაში ექვსი ქვეყანა შედის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია). ნუ დაგავიწყდებათ ის რეალობა, რომ ამ ექვსიდან ორი რამდენიმე კვირაში გახდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი - ექვსიდან ორი! ამჟამად მხოლოდ ერთს, აზერბაიჯანს, სურს ჩვენთან ისეთი ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ არ ვთავაზობთ“.

XS
SM
MD
LG