Accessibility links

logo-print

რუმინეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი კორუფციასთან ბრძოლის პირობას დებს


კლაუს იოჰანისი

კლაუს იოჰანისი

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კლაუს იოჰანისმა დაამარცხა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა. იოჰანისმა ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო. რას წარმოადგენს ახალი პრეზიდენტი და როგორი იქნება მისი პოლიტიკა?

რუმინეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ორშაბათს პარლამენტს მოუწოდა შეაჩეროს კორუფციასთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი. კორუფციასთან ბრძოლა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

იოჰანისის ინაუგურაციის ცერემონია დეკემბერში გაიმართება. კვირას გამართულ არჩევნების მეორე ტურში მან მოულოდნელად დაამარცხა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ პონტა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს შედეგი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პოტენციური დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი იქნება.

ეთნიკურად გერმანელი იოჰანისის კამპანიას მხარს უჭერდა ორი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია. როგორც ვარაუდობენ, იოჰანისის გამარჯვება დიდად განაპირობა იმ ამომრჩევლის „საპროტესტო ხმებმა“, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცეს ხმა. ამასთან, შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუმინული დიასპორის ხმებმა, განსაკუთრებით - ლონდონში, პარიზსა და მიუნჰენში. პირველი ტურის შემდეგ კლაუს იოჰანისი ათი პროცენტით ჩამორჩებოდა ვიქტორ პონტას.

გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ბუქარესტში 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იოჰანისი შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„მე გავიგე ის სიგნალი, რომელიც რუმინეთის მოქალაქეებმა გაგზავნეს. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ჩემთვისაც და მთელი პოლიტიკური კლასისთვისაც. რუმინეთის პოლიტიკოსებს მოვუწოდებ გაითვალისწინონ ეს სიგნალი, რომელიც ხმათა დიდ უმრავლესობაში გამოიხატა“.

„მე დავამტკიცებ, რომ რუმინეთი სერიოზული, სანდო და გრძელვადიანი პარტნიორი ქვეყანააო“, - უთხრა იოჰანისმა ჟურნალისტებს:

„გავაგრძელებ იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებსაც ეფუძნება რუმინეთის საგარეო პოლიტიკა: აშშ-თან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ნატოში ჩვენს როლსა და ადგილს და ჩვენს როლსა და ადგილს ევროკავშირში“.

სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდს, რომ პონტას გამარჯვებას შესაძლოა უფრო მტკიცე სტაბილურობა მოეტანა ქვეყნისთვის, რადგან ხელისუფლების ყველა ძირითადი ბერკეტი ერთი ბლოკის ხელში იქნებოდა მოქცეული. იოჰანისის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობის განახლებას მისცეს ბიძგი ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სოციალ-დემოკრატ პრემიერ-მინისტრ პონტასა და მემარჯვენე-ცენტრისტ პრეზიდენტ იოჰანისს შორის ურთიერთობა დაძაბული იქნება.

ეს ვარაუდი მნიშვნელოვნად გამყარდა სამშაბათს, 18 ნოემბერს, როცა, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, იოჰანისმა განაცხადა, რომ მისი პარტია მომავალ წელს შეეცდება შეცვალოს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას მთავრობა. არადა, რუმინეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ერთი წლის მერე, 2016-ში, უნდა გაიმართოს.

ეს განცხადება იოჰანისმა ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ლიდერის რანგში გააკეთა. „ჩვენ, ლიბერალურ პარტიას, ხელისუფლებაში მოსვლა გვსურს. ეს 2015 წელს მოხდება ან, ყველაზე გვიან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეო“, უთხრა მან ჟურნალისტებს პარტიული შეხვედრის შემდეგ.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მნიშვნელოვნად ეხმიანება ტენდენციას, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში: ამომრჩეველი რომელიმე ერთ ჯგუფს ან იდივიდს საშუალებას არ აძლევს მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვოს. მარტში მსგავსი სცენარი გათამაშდა, მაგალითად, სლოვაკეთში.

რუმინეთი, რომლის მოსახლეობა 20 მილიონს აღწევს, მტკივნეული საბიუჯეტო შეკვეცის შედეგების გადალახვას ცდილობს. ბიუჯეტის შეკვეცა ეკონომიკის გლობალური შენელების პირობებში მოხდა. 2014 წლის მესამე კვარტალში ზრდის მაჩვენებელმა 3 პროცენტს გადააჭარბა, მაგრამ ქვეყანაში მწვავე პრობლემებად რჩება კორუფცია და გადასახადებისთვის თავის არიდება. არაერთგვაროვანი შედეგებია რეფორმების გატარების თვალსაზრისით, სახელმწიფო სექტორი კი კვლავ გაბერილი რჩება.

42 წლის პონტა 2012 წლიდანაა პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში ის ხშირად შედიოდა კონფლიქტში თავის მეტოქესთან, ამჟამად უკვე პოსტიდან მიმავალ პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან, რამაც წინაღობები შეუქმნა პოლიტიკის შემუშავების პროცესს და საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვია.

ახალი პრეზიდენტი, 55 წლის იოჰანისი, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას პირობას დებდა, რომ დაიცავს რუმინეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და გაუფრთხილდება იმ მყიფე პროგრესს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით აღინიშნა.

ევროკავშირს არაერთხელ აქვს გამოთქმული შეშფოთება მის ორ ყველაზე ღარიბ წევრ ქვეყანაში, რუმინეთსა და ბულგარეთში, ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან არასაკმარისად ბრძოლის გამო. ორივე ქვეყანა პასპორტების კონტროლის გარეშე მოქმედი შენგენის ზონის მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანებისა 2007 წელს.

XS
SM
MD
LG