Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა ემზადება ევროს შემოსაღებად


ლიტვა ევროპის რუკაზე
ლიტვა ევროპის რუკაზე

ევროკავშირის წიაღში რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი, ლიტვა, ევროს შემოსაღებად ემზადება. ეს ვალუტა ამ ქვეყანაში 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორ ხვდება ამას ქვეყნის მოსახლეობა, რატომ გაღრმავდა დაძაბულობა რუსეთთან - ამის შესახებ ვისაუბრებთ პროგრამაში „ახალი ევროპა“:

ახალი წლიდან, 1 იანვრიდან, ლიტვის ფულადი ერთეული ევრო იქნება. ლიტვა იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ბოლო სახელმწიფო, რომელიც ევროს მოქმედების ზონას შეუერთდა. ლიტვა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მას, ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად, მეტ ინვესტიციას მოუტანს და სესხის ფასს დასწევს, რათა ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ, მაგრამ სწრაფად მზარდ ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეეწყოს ხელი.

1990 წელს ლიტვა პირველი რესპუბლიკა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობაში პრობლემები რჩება.

წელს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაზე აისახა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაღრმავებული დაძაბულობა, მოსკოვის მიერ უკრაინაში შესრულებული როლისა და ამ საფუძველზე დასავლეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციების გამო.

გასულ თვეში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გადაწყვეტილება გამოაცხადა და რუსეთს „ტერორისტული ქვეყანა“ უწოდა. ამის შემდეგ, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, მოსკოვმა მოძრაობა შეანელა თავისი კალინინგრადის ანკლავის საზღვრის გასწვრივ, სადაც ბალტიის ზღვაზე რუსეთის ფლოტს უდევს ბინა. ამან კი მნიშვნელოვნად შეაფერხა მიმოსვლა და ლიტველებს, რომლებსაც უწინ რამდენიმე საათში შეეძლოთ კალინინგრადში გადასვლა და უკან დაბრუნება, ახლა საამისოდ ზოგჯერ 48 საათი ჭირდებათ.

ქვეყანაში ევროს შემოღება ემთხვევა ნაბიჯებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაზრდელად, ისევე როგორც თხოვნას ლიტვაში ნატოს უფრო დიდი კონტინგენტის განთავსების თაობაზე, რაც, „როიტერსის“ ანალიტიკოსისა და სხვა ექსპერტების აზრით, მოსკოვისგან კიდევ უფრო მეტი დაშორების ნიშნებია. თუმცა ამ სამმილიონიან ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა ნახევარი სიხარულით არ ხვდება ევროს შემოღებას - ხალხს ფასების ზრდისა და სიღარიბის ეშინია.

ლიტველებზე მძიმედ აისახა ქვეყანაში გატარებული საბაზრო რეფორმები და ფართო ეკონომიკური კრიზისი, ბევრი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაგრამ ქვეყნის დასავლეთთან სულ უფრო მეტ ინტეგრაციას მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მაინც ურყევად უჭერს მხარს.

უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გააღვივა შიში, რომ შემდეგი შესაძლოა ბალტიისპირეთი იყოს. წელს ნატოს 150-ზე მეტჯერ მოუწია თავისი თვითმფრინავების მზადყოფნის მდგომარეობაში მოყვანა რუსეთის მხრიდან განხორციელებული, შარშანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი შეჭრის შემდეგ. დეკემბერში მოსკოვმა კალინინგრადში მოულოდნელი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, 9,000 სამხედროსა და 55 ხომალდის მონაწილეობით.

რუსეთის სანქციებმა დარტყმა მიაყენა ლიტვის ტრანსპორტის სექტორს, სადაც 100,000-მდე პირია დასაქმებული, ისევე როგორც რძის პროდუქტების მრეწველობას.

სანქციების მიზანი შესაძლოა ქვეყნის მოსკოვის ორბიტისკენ შემობრუნება იყოს, თუმცა, როგორც „როიტერსი“ წერს, ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამას უკუეფექტი აქვს და ბიზნესის სფეროში მომუშავეები ძალისხმევას მიმართავენ დასავლეთის ბაზრების ან ფორმირების პროცესში მყოფი ბაზრებისკენ აზიაში.

რუსეთზე ლიტვის ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტი მოდის, ხოლო 60 პროცენტი ევროკავშირის სხვა ბაზრებს მიაქვს. ამდენად, ლიტვის მთავრობა, რომელიც ევროპაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და მწვავე კრიტიკოსია, თან აცხადებს, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა.

„როიტერსი“ ავრცელებს პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის სიტყვებს, რომ ბიზნესის ზოგიერთ მფლობელს კვლავაც არა აქვს სრულად გაცნობიერებული საფრთხეები, რომლებსაც რუსეთთან საქმის დაჭერა მოიცავს.

„უმჯობესია ნაკლებად სარისკო ბაზრებთან დავიჭიროთ საქმე, ლიტვაში გამოვიყენოთ ევროს მსგავსი სტაბილური ვალუტა და ბიზნესში ნაკლები მოგება, მაგრამ გრძელვადიანი სტაბილურობა გვქონდესო“, - უთქვამს მას „როიტერსისთვის“.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქტომბერში გადაიდგა - ლიტვაში ამოქმედდა გათხიერებული ბუნებრივი აირის იმპორტის ტერმინალი, რამაც ბოლო მოუღო ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე. ახლა ლიტვას გაზის იმპორტი, მაგალითად, ნორვეგიისგანაც შეუძლია.

რუსეთის ეკონომიკური კრიზისი ლიტვის პროგნოზზეც უარყოფითად აისახება, თუმცა, ცენტრალური ბანკის შეფასებით, ევროს ზონაში გაწევრიანება მთლიან შიდა პროდუქტს გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, 1.3 პროცენტით გაზრდის.

XS
SM
MD
LG