Accessibility links

logo-print

„ნორმანდიული ფორმატი“და უკრაინის ევროპული მომავალი


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

მომავალ წელს უკრაინის ხელისუფლება ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტის გარშემო შეეცდება კონცენტრირებას. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2015 წლის იანვარში ყაზახეთის დედაქალქ ასტანაში ე.წ. „ნორმანდიის ფორმატში“ ოთხმხრივ (უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, მაისში კი კიევი ევროკავშირის რიგის სამიტზე ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ნორმანდიის ფორმატის“ შეხვედრის ასტანაში გამართვის ინიციატივა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის, რომელიც შუა რიცხვებში ცალ-ცალკე შეხვდა ვლადიმირ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ამ ფორმატში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკება, თუმცა მთავარი შედეგი მიუღწეველია: რუსეთი განაგრძობს პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების იარაღითა და ცოცხალი ძალით დახმარებას და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება საბრძოლო შეტაკებები. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 28 დეკემბერს დონეცკის აეროპორტთან მომხდარ შეტაკებაში სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. აპრილიდან დაწყებული, სეპარატისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის მიმდინარე საომარ დაპირისპირებაში, სულ, 4 700 კაცი დაიღუპა.

თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ „ნორმანდიის ფორმატის“ მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე მიეცათ დავალება მოამზადონ ასტანის შეხვედრის დღის წესრიგი, რამაც უნდა განამტკიცოს მინსკში მიღწეული შეთანხმების შედეგები:

„ტყვეთა გაცვლის საქმეში ჩვენ გვაქვს პროგრესი, აშკარა პროგრესი. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და კონფლიქტის ზონაში შევიდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც თვალს ადევნებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმების შესრულებას. და ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრესი - გუშინ და გუშინწინ უკრაინის ჰუმანიტარული ესკორტი შევიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში პირველად, ტვირთები დაურიგა სკოლებს, უდედმამო ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებასა და სხვა ინსტიტუტებს“.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 დეკემბრის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დაწყებამდე ხელი მოაწერა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, დადგენილებას, რომლითაც უკრაინას მოეხსნა ბლოკსგარეშე ქვეყნის სტატუსი, რაც კიევს შესაძლებლობას აძლევს განაახლოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რომელიც 2010 წელს უკრაინაში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსის, ვიქტორ იანუკოვიჩის, არჩევის შემდეგ შეწყდა. თუმცა, პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებს, რომ ნატოში გაწევრების საკითხი რეფერენდუმზე გავა მას შემდეგ, რაც ქვეყნაში აუცილებელი რეფორმები გატარდება:

„მე ვაპირებ ქვეყნის რეფორმირებას ისეთნაირად, რომ იგი შეესატყვისებოდეს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სტანდარტებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სტანდარტების 99 პროცენტის მიღწევა შესაძლებელია. და მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რაც, დიდი ალბათობით, უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში „სტრატეგია 2020“-ის ფარგლებში მოხდება, უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს ნატოში გაწევრიანების საკითხს“.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგულისხმა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, სურს თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანება. 23 დეკემბერს, როდესაც უკრაინის „ვერხოვნა რადამ“ თითქმის ერთსულოვნად დაუჭრა მხარი საკონსტიტუციო შესწორებას ქვეყნის „ბლოკსგარეშე სტატუსის“ გაუქმებაზე, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კანონმდებელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინას „დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უფრო ეფექტური გარანტია ესაჭიროება“.

კიევის ნატოსკენ ხელახალ მისწრაფებას სასტიკი კრიტიკა და გაფრთხილება მოჰყვა მოსკოვისაგან. ილუზიას აყოლილი უკრაინელი პოლიტიკოსების ნატოზე საუბრით უკრაინის ღრმა კრიზისი არ გადაიჭრებაო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მისმა თანაშემწემ ალექსანდრ ლუკაშევიჩმა კი ამ ნაბიჯის გამო გლობალური სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირებაც იწინასწარმეტყველა:

„საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ნატოსთან დაახლოებას განიხილავს როგორც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის განვითარების ალტერნატივას. ამან შეიძლება ამ მოძმე ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაუარესება გამოიწვიოს“.

თუმცა უკრაინის ახალი ხელისუფლება არავითარი მინიშნებისა თუ მუქარის გამო საგარეო პრიორიტეტებსა და პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებს. „ჩვენ აღარასოდეს გვეყოლება მეხუთე კოლონა ჩვენს პარლამენტში, ჩვენ აღარ გვყავს კომუნისტი გამყიდველები და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვყავს ანგარიშგასაწევი პროევროპული კოალიცია, რომელსაც ძალუძს თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ამ ურთულეს ვითარებაში“, - განაცხადა წლის შემაჯამებელ პრესკონფრენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაისად კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას, ხოლო რიგის 2015 წლის ევროკავშირის სამიტზე უკრაინელი მოქალაქეები ევროპაში უვიზო მოგზაურობის უფლებას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG