Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 2015 წლის სამი მთავარი გამოწვევა


იმ დროს, როდესაც ყველას ეგონა, რომ ევროზონაში კრიზისმა გადაიარა, ბრიუსელისათვის ახალ წელი შეიძლება დიდი იმედგაცრუებით დაიწყოს. მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს ვერ შეძლო ქვეყნის პრეზიდენტი აერჩია, პრემიერ-მინისტრმა ანტონის სამარასმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და ქვეყანაში ახალი ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა. 25 იანვრის არჩევნები ახალ სივრცეს აჩენს საბერძნეთში ისეთი ეკონომიკური კრიზისის განმეორებისათვის, რომელსაც ადრე, 2009 წელს, ჰქონდა ადგილი.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ პარლამენტში სამარასის ლიდერობით მოქმედი მემარჯვენე-ცენტრისტული „ახალი დემოკრატიული პარტია“ 3%-ით ჩამორჩება მემარცხენე ცენტრისტულ „სირიზას“ პარტიას. ქვეყნის უდიდესი პარტიის ლიდერი ალექსის ციპრასი პირობას დებს, რომ გაზრდის ხელფასებსა და სამუშაო ადგილებს საჯარო სექტორში და მიაღწევს საბერძნეთის ვალების შემცირებას.

ნებისმიერი ასეთი დაპირება კი წინააღმდეგობაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საბერძნეთმა, 2009 წლის კრიზის გამო, ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამით იკისრა. ამიტომ ქვეყანაში შეიძლება დეფოლტი გამოცხადდეს, რაც საბერძნეთს ევროზონის დატოვებასაც აიძულებს. მოვლენათა ასეთ განვითარებაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო სამარასმა 29 დეკემბერს პასუხისმგებლობა „სირიზას“ დააკისრა.

„მოვლენათა ისეთ განვითარებაზე, როგორიც ბერძენ ხალხს არ სურდა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ხმა „წინააღმდეგ“ მისცა. ახლა ბერძენი ხალხი გადაწყვეტს იმას, რაც პარლამენტმა ვერ მოახერხა - თავიდან აგვეცილებინა გაურკვევლობა და აღგვედგინა ქვეყნის სტაბილურობა, განუხრელად გაგვეგრძელებინა რეფორმების გზით სიარული და ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგვეღწია ფინანსური კრიზისისა და გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამისათვის“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ შეაჩერა საბერძნეთის დახმარება ამ ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნამდე. დახმარება გათვალისწინებულია საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამით. ამასობაში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ საბერძნეთი გააფრთხილა არ გადაეხვია ეკონომიკური რეფორმის გზიდან. შოიბლეს თქმით, ახალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს დაპირებები, რომელთა საფუძველზეც ვალებში გახვეულ ათენს უცხოეთში დათანხმდნენ 110 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე.

2015 წელს ევროკავშირში მწვავე დაპირისპირების საგანი იქნება რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ბედი.

იშვიათად იწვევს ბრიუსელში რომელიმე საკითხი ისეთ მწვავე დაპირისპირებას, როგორსაც ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის გამო რუსეთის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციების განახლება-განუახლებლობა.

ხედავს რა ამ ტენდენციას, ცხადია, რუსეთიც ყველაფერს იღონებს ამ განხეთქილების გასაღრმავებლად.

სავარაუდოდ, ევროკავშირში მარტივად გადაწყდება ერთი წლის წინ შემოღებული იმ სანქციების გაგრძელების საკითხი, რაც რუსეთის ცალკეული მოხელეების ქონების გაყინვასა და მათთვის ვიზების გაცემის აკრძალვას შეეხება. დიდი დისკუსიებია მოსალოდნელი მაის-ივნისში, როდესაც რუსეთის საბანკო სექტორსა და ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების შეფასება მოხდება. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გაგრძელებას ევროკავშირის 28-ვე წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი, რაც, როგორც ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში რიჩარდ იოზვიაკი ვარაუდობს, საკმაოდ რთული ჩანს ზოგიერთი ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიციის გამო:

„ევროპის სამხრეთი ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ ზემოხსენებული ევროზონის პრობლემებისაგან, ამტკიცებენ, რომ საჭიროა რუსეთის ბაზარზე უფრო ფართო დაშვება. მსგავსად ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ შეიძლება თქვას, რომ რუსეთის მიერ მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვასაც ძალიან დიდი არასასურველი ეფექტი აქვს მათ შემოსავლებზე. შიში იმისა, რომ რუსეთი უახლოვდება ეკონომიკური კრიზისის უფსკრულს, კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ არ განახლდეს სანქციები, რაზეც ამ ზაფხულში, ალბათ, ხშირად იქნება საუბარი ბრიუსელში“.

ბრიუსელის მესამე და მთავარი გამოწვევა კავშირიდან ბრიტანეთის შესაძლო გასვლაა.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც წარსულში ევროკავშირის ცენტრალურ ქვეყანათა რიგს განეკუთვნებოდა, 7 მაისის საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა კავშირიდან გასვლის პროცესს დაუდოს სათავე. დევიდ კამერონმა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების პირობა დადო, თუ მისი კონსერვატიული პარტია მაისის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს:

„რეფერენდუმი ამ საკითხზე 2017 წლამდე უნდა ჩატარდეს. ძალიან გამიხარდებოდა, თუ ჩვენ ამას უფრო ადრე მოვახერხებდით. მაშინ უფრო ადრე შევძლებდი ევროკავშირის წესების გადასინჯვის ვალდებულების შესრულებას და რაც უფრო ადრე დავიწყებ ამის შესრულებას, მით უკეთესი“.

ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა დაიწყოს ბრიუსელთან შრომატევადი და გულმოდგინე მოლაპარაკებები ევროკავშირის ზოგიერთ შეთანხმებაზე. კერძოდ, რეფერენდუმის გამართვამდე კამერონი გეგმავს გადასინჯოს ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის ის პირობა, რომელიც ევროკავშირის სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტებისათვის უმუშევრობის სახელმწიფო დახმარების მიღებას ითვალისწინებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ საკითხში კონსერვატორების ხელმძვანელობით მოქმედი ბრიტანეთის მთავრობის უმცროსი პარტნიორი შესაძლოა ბრიტანეთის ევროსკეპტიკური დამოუკიდებლობის პარტია (UKIP) გახდეს.

XS
SM
MD
LG