Accessibility links

ევროკავშირის შერჩევითი და ეტაპობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა რუსეთთან


უკრაინაში აფეთქებული სამგზავრო ავტობუსი

უკრაინაში აფეთქებული სამგზავრო ავტობუსი

მოსკოვი კიევს ადანაშაულებს, რომ სამხედრო ძალით სურს კრიზისის მოგვარება და ამ მცდელობამ, კრემლის წარმომადგენლის თქმით, შეიძლება უკრაინის სახელმწიფოებრიობას შეუქცევადი შედეგები მოუტანოს. გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია უკრაინაში საომარი მოქმედების გამძაფრებით. ამ ვითარებაში ევროკავშირი, ერთი მხრივ, ტერორიზმთან ბრძოლაში მაჰმადიანურ ქვეყნებთან თანამშრომლობას გეგმავს, მეორე მხრივ კი, მისი მინისტრები ამავე სფეროში რუსეთთან შესაძლო „შერჩევით და ეტაპობრივ თანამშრომლობაზე“ მსჯელობენ. ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ტერორიზმის რეალურად გამოვლენისა და საფრთხესთან ბრძოლის მეთოდებს შეიმუშავებს. ამას ეძღვნებოდა ორშაბათის შეხვედრა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ, პარიზში თავდასხმების ფონზე, ევროკავშირს სურს დაიწყოს ანტიტერორისტული პროექტი რამდენიმე მუსულმანურ სახელმწიფოსთან ერთად, მათთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მოგერინიმ 19 იანვარს ბრიუსელში აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს „მომავალ კვირებში ზოგიერთ ქვეყანასთან ერთად საგანგებო პროექტების წამოწყების საკითხს ანტიტერორისტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის ასამაღლებლად“. მოგერინიმ სავარაუდო პარტნიორ ქვეყნებს შორის დაასახელა: თურქეთი, ეგვიპტე, იემენი, ალჟირი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მოგერინის განცხადებით, მინისტრებმა აგრეთვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ტერორისტული ქსელების დაფინანსების შეზღუდვის მცდელობა, გააუმჯობესონ ევროკავშირში არაბულენოვან სათვისტომოებთან კომუნიკაცია და გაგზავნონ საზღვარგარეთ „უსაფრთხოების ატაშეები“ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მოგერინიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში იქნება შესაძლო ნაბიჯები, რამაც „ბიძგი უნდა მისცეს რუსეთთან პოლიტიკის ცვლილებას“, მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარებისა. დოკუმენტის პროექტის თანახმად, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა ემსჯელათ „შერჩევით და ეტაპობრივ თანამშრომლობაზე რუსეთთან“ სირიის, ერაყისა და ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოდან“მომდინარე საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუმცა მოგერინიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარების გაუარესების გამო გამორიცხულია რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება, უფრო პირიქითო, თქვა იტალიელმა დიპლომატმა:

ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

„რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მაშინ შეიცვლება, თუ ან როცა - ამ ეტაპზე უფრო თუ - მოსკოვი შეასრულებს მინსკში ნაკისრ ვალდებულებებს. და უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები დიდად წამახალისებელი არ არის, უფრო პირიქით“.

გამოჟონა ცნობამ კონფიდენციალური მემორანდუმის თაობაზე, რომელშიც მოგერინი ევროკავშირის მთავრობებს სთავაზობს დაიწყონ რუსეთთან გლობალურ დიპლომატიაზე, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში მოლაპარაკება, თუ კრემლი მინსკის პირობების შესრულებას დაიწყებს, რათა დასრულდეს სეპარატისტული კონფლიქტი.

ამასთან, ევროკავშირი აპირებდა რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისთვის პასუხი გაეცა. ეს თემა წამოჭრეს დანიის, ესტონეთის, ლიტვისა და ბრიტანეთის მინისტრებმა. მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი იმუშავებს კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ მიმართულებით, მაგრამ იქვე დასძინა, ბლოკი კონტრპროპაგანდას არ მიმართავსო:

„გადავწყვიტეთ, ევროკავშირმა იმუშაოს სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, რათა ხელი შევუწყოთ მართებული, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელებას რეგიონში“.

იმავე დღეს, როცა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რუსეთმა განაცხადა, რომ კიევი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის სამხედრო ძალის გზით მოგვარებას, რასაც შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები მოიტანოს. ეს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.ამას მოჰყვა უკრაინის არმიის ცნობა, რომრუსეთიდან უკრაინის საზღვარი გადაკვეთა 700-დე სამხედრომ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უარი უთხრა პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.19 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოსკოვს ხელი მოაწეროს განრიგს, რითაც ხუთი სექტემბრის შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებას უნდა შეეწყოს ხელი, რომელიც რეგიონიდან უცხოეთის ჯარებისა და მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც, რომელიც ამბობს, ყოველდღე, ყოველ წუთს ვართ მზად ხელი მოვაწეროთ ზავს, რათა მინსკის შეთანხმების პირობები შესრულდესო. პოროშენკომ, ამასთან, თქვა:

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, მოწვეულ იქნეს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის, ეგრეთ წოდებული ნორმანდიის ფორმატის (გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სამიტი, ასტანაში ან სხვაგან, რათა უზრუნველვყოთ მინსკის შეთანხმების განხორციელების გრაფიკის საჭირო ხელმოწერები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG