Accessibility links

logo-print

რას შეცვლის „სირიზას“ გამარჯვება ევროკავშირის პოლიტიკაში რუსეთის მიმართ


ალექსის ციპრასი

ალექსის ციპრასი

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარცხენე პარტიის, „სირიზას“, გამარჯვება ევროპის ფინანსურ ბაზრებს მყისიერად დაეტყო. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესების გავლენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე.

26 იანვარს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა მემარცხენე პარტია „სირიზას“ ლიდერი, 40 წლის ალექსის ციპრასი. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „სირიზამ“ მთავრობის ფორმირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია მემარჯვენე პოპულისტ პარტიასთან.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ცერემონიაზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი უძღვებოდა, ახალი პრემიერ-მინისტრი შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ბატონო პრეზიდენტო, მთელი ჩემი ღირსებით და სინდისით გარწმუნებთ, რომ ვუერთგულებ კანონებს და კონსტიტუციას და ვიმუშავებ ბერძენი ხალხის საერთო კეთილდღეობისთვის“.

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარცხენე პარტიის, „სირიზას“, გამარჯვების შემდეგ ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა ის სავარაუდო პროცესები, რომლებიც ევროს მოქმედების ზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლას მოჰყვება.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გავლენა, რომელიც ამ გარდამტეხმა გამარჯვებამ შეიძლება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე იქონიოს - განსაკუთრებით რუსეთთან და მის მეზობლებთან მიმართებით.

საამისოდ საინტერესოა იმის გაანალიზება, ევროპარლამენტში რა გადაწყვეტილებებს აძლევდნენ ხმას „სირიზას“ დეპუტატები, როცა საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვა მიმდინარეობდა.

2014 წლის შემოდგომაზე „სირიზას“ წარმომადგენლებმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ამას სტრასბურგის პალატაში უმრავლესობა უჭერდა მხარს. ამასთან, საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ კენჭისყრებში მათ თავი შეიკავეს. იგივე გააკეთეს იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც გმობდა რუსეთში უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მემორიალის“, დახურვას.

სხვა კანონპროექტები, რომლებსაც „სირიზას“ დეპუტატები შეეწინააღმდეგნენ, მოიცავდა ევროპარლამენტის მიერ ახლახან შედგენილ ორ რეზოლუციას, რომლებიც გამოდიოდა მოწოდებებით მოსკოვისთვის მეტი სანქციის დაწესების თაობაზე და გმობდა რუსეთის ნაბიჯებს უკრაინაში, მათ შორის, ყირიმის ანექსირებას და სეპარატისტების მხარდაჭერას ქვეყნის აღმოსავლეთში. საბერძნეთის ეს პარტია ისეთ შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მქონე კანონპროექტსაც კი შეეწინააღმდეგა, როგორიცაა ევროკავშირსა და უკრაინას შორის კავშირების აღდგენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში. რეალურად, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებული ერთადერთი ინიციატივა, რომელსაც „სირიზამ“ მხარი დაუჭირა, მოლდავეთისთვის ევროკავშირის სავაჭრო შეღავათების გაცემა იყო.

მთავარი შეკითხვა, რომელსაც ახლა სვამენ ანალიტიკოსები, შემდეგია: როგორ უპასუხებს „სირიზას“ მიერ მართული საბერძნეთი ევროკავშირის იმ სანქციებს, რომლებიც უკვე დაწესებული აქვს მოსკოვს? მარტში უნდა გახანგრძლივდეს უკრაინელი სეპარატისტებისა და რუსი პოლიტიკოსებისთვის დაწესებული სავიზო აკრძალვები და აქტივების გაყინვა, ივნისსა და ივლისში კი განხილვას დაექვემდებარება უფრო ფართო ეკონომიკური სანქციები, რომელთა სამიზნე რუსეთის ფინანსური და ნავთობის სექტორებია. საიმისოდ, რომ ზომები გახანგრძლივდეს, ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა აუცილებელი. „სირიზას“ ლიდერის და საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საბერძნეთი კონსენსუსის დარღვევისთვის ემზადება.

ციპრასს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ზიანი მოაქვს ევროპისთვის. საგარეო საქმეთა საკითხებში მისი პარტიის პრესმდივანი, კოსტას ისიხოსი, შემოდგომაზე ისე შორს წავიდა, რომ მიესალმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების ჩატარებულ „შთამბეჭდავ კონტრშეტევას“. თავად ციპრასი გამოვიდა უკრაინაში სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებული, საერთაშორისოდ არაღიარებული რეფერენდუმების მხარდამჭერი განცხადებებით.

საბერძნეთის მთავრობა „სირიზას“ გამარჯვებამდეც ყოყმანით ეკიდებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთსა და საბერძნეთს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2013 წელს 7 მილიარდი ევრო შეადგინა და რუბლის დაცემა, სავარაუდოდ, რუსეთის ბევრ მოქალაქეს არ მისცემს საბერძნეთში დასვენების საშუალებას. არადა, ტურიზმი საბერძნეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ევროკავშირის მთავარი იმედი ახლა ისაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „სირიზა“ შეარბილებს თავის პოზიციებს. საამისო ნიშნები უკვე გამოიკვეთა. პარტიის 2013 წლის მანიფესტი მოიცავდა მოწოდებებს ნატოდან საბერძნეთის გასვლისა და კუნძულ კრეტიდან აშშ-ის სამხედრო ფლოტის გაძევების თაობაზე. მაგრამ ახლა მსგავსი მოწოდებები „სირიზას“ მხრიდან უკვე აღარ ისმის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG