Accessibility links

logo-print

ველი რთულ მოლაპარაკებებს, მაგრამ მჯერა წარმატებისო - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, გერმანიის ყოველკვირეულ „შტერნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 15 თებერვალს, ევროჯგუფის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე. მეორე დღეს, ევროზონის ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკების დაწყებიდან ორიოდე საათში უკვე ცხადი გახდა, რომ მხარეები ჩიხში მოექცნენ. მოლაპარაკებები ჩაიშალა.

საბერძნეთისა და ევროზონის სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს უნდა განეხილათ უახლოესი სამოქმედო გეგმა საბერძნეთთან დაკავშირებით. ულტრა-მემარცხენე პარტია „სირიზა“ მთავრობაში მოვიდა დაპირებებით, რომ გააუქმებდა 240 მილიარდი ევროს დახმარებას მომჭირნეობის პოლიტიკასთან ერთად, აიძულებდა საერთაშორისო „ტროიკას“ - ევროკავშირს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს - გაეუქმებინა საბერძნეთის უზარმაზარი ვალი და შეწყვეტდა მასთან თანამშრომლობას. საბერძნეთის ახალ მთავრობას ჯერჯერობით უჭირს ამ პირობის შესრულება. შედეგი ვერც პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ევროპულმა ტურნემ გამოიღო. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს, იანის ვარუფაკისს, ერთადერთ გამოსავლად საგანგებო დახმარების პროგრამის გაგრძელება შესთავაზეს.

აი, რა განაცხადა ვარუფაკისმა 16 თებერვალს, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, გვიან ღამით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე: „დღეს მხოლოდ ის დამტკიცდა, რომ ევროპას უჭირს, შეეგუოს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის სათავეში მოვიდა მთავრობა, რომელიც უარს ამბობს პროგრამაზე, აგერ უკვე ხუთი წელია, წარუმატებლად რომ ხორციელდება. ეს კარგად ესმის იმ ხალხს, ვინც სულ არ არის დაინტერესებული, ისე მოიქცეს, თითქოს პროგრამა მიზანს აღწევს“.

ევროჯგუფის ულტიმატუმი ასეთია: საბერძნეთს პარასკევამდე, 20 თებერვლამდე, აქვს ვადა, აზრი შეიცვალოს და დათანხმდეს საერთაშორისო „ტროიკის“ მიერ შეთავაზებული საგანგებო დახმარების პროგრამის ექვსი თვით გაგრძელებას. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები ვერ განახლდება.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები განსაკუთრებით გააღიზიანა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის მცდელობამ, გაესაჯაროებინა ევროკავშირის მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტი, რომელშიც წერია, რომ საბერძნეთი აპირებს, განუხრელად შეასრულოს მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკის პირობები. საბოლოოდ, დოკუმენტის პროექტი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პოლ მეისონმა.

ვარუფაკისი ითხოვს „ღირსეულ შეთანხმებას“, რომელიც სიკეთეს მოუტანს ბერძენ ხალხს და რომლის განხორციელებაც მთავრობას შეეძლება. არავის აქვს უფლება ჩიხისკენ მიისწრაფოდეს, მით უმეტეს, რომ ეს ყველასთვის, მთელი ევროკავშირისთვის საზიანო იქნებაო, ირწმუნება ვარუფაკისი.

ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი, იერუნ დაისელბლუმი, რომელიც უძღვებოდა 16 თებერვლის მოლაპარაკებებს, ევროჯგუფის პოზიციას განმარტავს:

„ევროჯგუფში საერთო განცდა კვლავ არის, რომ პროგრესის მისაღწევად უმჯობესი იქნება, საბერძნეთის მთავრობამ გააგრძელოს პროგრამის მოქმედების ვადა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ - ამჟამინდელ დისკუსიების გათვალისწინებით, იმაზე, თუ როგორი პროგრამა უნდა შევიმუშაოთ და როგორი უნდა იყოს საბერძნეთთან დაკავშირებული შეთანხმება მომავალში - მეტი დრო გვჭირდება. და ამისთვის ახლა საუკეთესო გზა პროგრამის გაგრძელებაა. ეს საშუალებას მოგვცემს, გარკვეული დრო, რამდენიმე თვე, მომავალ შეთანხმებებზე მუშაობას დავუთმოთ.“

გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. საბერძნეთის სახელმწიფო ხაზინაში, როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაღდი ფულის მარაგი კიდევ სამ კვირა თუ გასტანს.

ევროპის ცენტრალური ბანკის თანახმად, საბერძნეთისთვის სასწრაფო დახმარებაც კი ვერ მოხერხდება საფინანსო ხსნის პროგრამის ფარგლებს გარეთ. ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ უკვე რეალურ სახეს იძენს საბერძნეთის მიერ ევროზონის, ანუ ერთიანი სავალუტო ზონის, დატოვების პერსპექტივა. და ბევრი შიშობს, რომ თუ ეს მართლაც მოხდა, შედეგები - როგორც საბერძნეთისთვის, ისე მთელი ევროზონისთვის - კიდევ უფრო სავალალო იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG