Accessibility links

logo-print

ევროკომისია სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვას, რუსეთთან დაახლოებას ფიქრობს


ოთხ მარტს მოხდება ევროკომისიის ახალი დოკუმენტის - სახელწოდებით „ახალი სამეზობლო პოლიტიკისკენ“ - პროექტის წარდგენა. ევროკომისია საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას, ხომ არ უნდა შეიცვალოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, და იქვე რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობას გეგმავს. დოკუმენტის ნახვის შესაძლებლობა მიეცა ჩვენს კორესპონდენტს ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკს.

ჩანს, ევროკომისიას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირება სურს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ ნანახი დოკუმენტი ნაწილია იმ მცდელობისა, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკის გადასინჯვა, რეფორმირება ჰქვია. დოკუმენტს 4 მარტს წარმოადგენენ ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისარი იოჰანეს ჰანი.

სამეზობლო პოლიტიკის გატარება 2003 წელს დაიწყო, რათა ევროკავშირს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა ქვეყნებთან, რომლებიც არ შედიოდნენ გაფართოების ინტერესებში. 16 მეზობელი ქვეყანა იყო სიაში. გარდა ჩრდილოეთ აფრიკის და შუა აზიის ქვეყნებისა, მასში გაერთიანებული არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ასევე ბელორუსი, მოლდავეთი და უკრაინა. დოკუმენტის ამ პროექტის ავტორები სამეზობლო პოლიტიკის დღევანდელი ფორმით არსებობის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რაც, საფიქრებელია, არ გაახარებს ისეთი ქვეყნების მთავრობებს, როგორიც უკრაინა, მოლდავეთი და საქართველოა, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამოც ცდილობენ. ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებად წოდებული ქვეყნებისთვის, ალბათ, უფრო შემაშფოთებელი ის იქნება, რომ ამ დოკუმენტში ჩანს მოსკოვთან უფრო ახლო ურთიერთობის სურვილი და იქვე ხსნის, მართალია, რუსეთი საგანგებოდ მასში არ არის ნახსენები, დოკუმენტი აღნიშნავს, „იქნებ საჭირო იყოს „ზოგიერთი, ამ ეტაპზე სამეზობლო პოლიტიკის გარეთ მყოფი, პარტნიორის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვაო“. იოზვიაკის თანახმად, არის კიდევ სხვა ნიშნები, რომლებიც ასევე ეხება რუსეთთან მეტად დაახლოების საკითხს და განგვიმარტავს: დოკუმენტში დასმულია შეკითხვა, უნდა შეინარჩუნოს სამეზობლო პოლიტიკამ გეოგრაფიული საზღვრები, თუ უნდა აამოქმედოს უფრო მოქნილი გზები მეზობლების მეზობლებთან სათანამშრომლოდ. და კიდევ ერთი შეკითხვა სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირების დოკუმენტის პროექტიდან: როგორ უნდა შეძლოს ევროკავშირმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში მხარი დაუჭიროს მეზობლებს მათ მეზობლებთან ურთიერთქმედების საქმეში. რა თქმა უნდა, რუსეთი ხდება დისკუსიის საგანი ამ და სხვა, აი, ასეთი შეკითხვების დასმისას: რა უნდა გაკეთდეს უკეთესად იმისათვის, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას და რუსეთსა და შუააზიელ პარტნიორებთან ევროკავშირის ურთიერთობის მეტ შეთანხმებულობას მივაღწიოთო. და ეს ხდება მაშინ, როცა უკრაინის გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ასე დაძაბულია. უკრაინის კრიზისი სწორედ ბრიუსელთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მოსკოვის მიერ ხელის შეშლის სურვილს მოჰყვა. მოგვიანებით რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინის კრიზისში მისი როლისთვის. ეს პროექტი მოსდევს სხვა სადავო დოკუმენტს, რომელიც მოგერინიმ მოიწონა და რომელშიც რუსეთთან განახლებულ თანამშრომლობაზე იყო ლაპარაკი. ეს დოკუმენტი გამოჩნდა რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დაბომბავდნენ სანავსადგურო ქალაქ მარიუპოლს და გააგრძელებდნენ იერიშებს. მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს. ბოლო დოკუმენტის პროექტში არის პასაჟები, განაგრძობს რიკარდ იოზვიაკი, რომლებიც სამეზობლო პოლიტიკის მომავალს შეეხება და, ალბათ, ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნეთა მოწონებას დაიმსახურებს.

დოკუმენტი სვამს შეკითხვას: ხომ არ უნდა შეეცადოს ევროკავშირი თანდათანობით შეიმუშაოს ახალი, უფრო ღრმა ურთიერთობის ფორმატი, რათა დააკმაყოფილოს იმ ქვეყნების მოლოდინი და შესაძლებლობები, რომლებიც არ აპირებენ დასჯერდნენ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, როგორც პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ბოლო ფაზას. ევროპის კომისია ასევე მიანიშნებს, რომ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი ისეთი გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორიცაა მოლდავეთში დნესტრისპირეთი და საქართველოში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, - გვაცნობს დოკუმენტში საქართველოს შესახებ პასაჟს რიკარდ იოზვიაკი და ამ პროექტიდან სხვა ადგილი მოჰყავს: „საჭიროა ასევე იმის განხილვა, როგორი უნდა იყოს ევროკავშირის რეაქცია, სხვათა შორის, ხანგრძლივ კრიზისებსა და კონფლიქტურ ვითარებებზე, როცა უნდა გავითვალისწინოთ გავლენისა და ზეწოლის წყარო ჩვენს პარტნიორებზე, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ ორიენტაციას განსაზღვრავენ, სხვათა შორის, ევროკავშირის მიმართაც.

დაბოლოს, რეგიონში რუსეთის საგარეო პოლიტიკას პირდაპირ ეხება დოკუმენტი, რომელმაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უნდა გარდაქმნას: აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მზარდი გამოწვევები, 2008 წელს საქართველოს კრიზისიდან მოყოლებული უკრაინაში ახლანდელ კონფლიქტამდე, განსაზღვრა რუსეთის მზარდმა აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ. ამასვე მოჰყვა, დოკუმენტის თანახმად, რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოების გამწვავება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG