Accessibility links

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი მოითხოვს, ყოფილი იუგოსლავიის ომის დამნაშავე, ვოისლავ შეშელი, რომელიც 2014 წელს დროებით გაათავისუფლეს, სასწრაფოდ დაბრუნდეს საპატიმროში. მაგრამ ულტრანაციონალისტი შეშელის სასამართლოსთვის გადაცემა პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩისთვის.

სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. ჯერ 2014 წლის ნოემბერში სასამართლომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გაათავისუფლა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი სერბი ულტრანაციონალისტი ვოისლავ შეშელი. შეშელი ჰააგის ტრიბუნალის შენობა ჯერ დატოვებულიც არ ჰქონდა, როცა უკვე აცხადებდა, რომ მომავალში აღარ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუნდაც ათასი უწყება მიეღო ტრიბუნალისგან.

30 მარტს ტრიბუნალის მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ შეშელმა დაარღვია მისი დროებითი გათავისუფლების პირობები. მათ შეშელს უბრძანეს, სასწრაფოდ დაბრუნდეს სასამართლოს საპატიმროში. ეს განკარგულება ბელგრადს ავალდებულებს, შეშელი დააკავოს და გადასცეს ტრიბუნალს, სადაც ის 2003 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერბიას, შესაძლოა, სერიოზული დაბრკოლება შეექმნას ევროინტეგრაციის გზაზე. მაგრამ 60 წლის პოპულისტი პოლიტიკოსის დაბრუნება იქ, სადაც მან 12 წელი გაატარა ისე, რომ დამნაშავედ დღემდე არ უცვნიათ, ალექსანდარ ვუჩიჩისთვის პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილება იქნება. სერბიის მთავრობაში ზოგი ფიქრობს, რომ სასამართლო განგებ ცდილობს, ვუჩიჩი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

აი, რას ამბობს, მაგალითად, სერბიის მინისტრი შრომისა და სოციალურ საკითხებში, ალექსანდარ ვულინი: „სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ვუჩიჩის იმ გამოსვლის მერე, რომელშიც 24 მარტს სერბიის პრემიერ-მინისტრმა პირველად უწოდანატოს დაბომბვას აგრესიული ქმედება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქუჩებში შესაძლო არეულობაზე, იმაზე, ნებაყოფლობით ჩაბარდება თუ არა ვოისლავ შეშელი და იმაზე, მთავრობა იქნება მოღალატე თუ სხვები გახდებიან პატრიოტები. ესაა ამ გადაწყვეტილების მიზეზი - ის პირდაპირ ისახავს მიზნად ამ მთავრობის ჩამოგდებას“.

თავად შეშელმა სასამართლოს განკარგულებას, რბილად რომ ვთქვათ, ორიგინალურად უპასუხა: 1 აპრილს, სერბიის მთავრობის შენობასთან, საჯაროდ დაწვა ხორვატიის დროშა, რის შედეგადაც, სერბიის მთავრობას სისხლის სამართლის აღძვრა მოუხდა.

„ბელგრადში რომ ჩამოვედი, ვთქვი, უკან იქ ჩემი ნებით აღარ დავბრუნდები-მეთქი. თუ უნდათ, დამაპატიმრონ და ისე წამიყვანონ ნიკოლა ტესლას სახელობის აეროპორტში. დაკავებისას სამართალდამცველებთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. თუ ჩემს დასაკავებლად მოვლენ, დავჯდები. ჩემი ნებით არ წავალ. თვითმფრინავის ბილეთს არ ვიყიდი. ასეთ რამეებში მონაწილეობას არ მივიღებ“, განაცხადა ვოისლავ შეშელმა.

მის საქმეს, ისევე, როგორც მრავალ სხვას ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში, ხანგრძლივი და ჩახლართული ისტორია აქვს. 2003 წელს შეშელი სასამართლოს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც ის 1990-იანი წლების კონფლიქტში ხორვატიისა და ბოსნიის ქალაქებში ეთნიკური წმენდის დაგეგმვასა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს. მაგრამ მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა პირველად მხოლოდ 2007 წელს გაიმართა. საქმის წარმოება კი, 2012 წელს დასრულდა. შეშელმა მოახერხა და, იმ სამი მოსამართლიდან, რომლებიც მის საქმეს განიხილავდნენ, ერთ-ერთი შეაცვლევინა. ახალი მოსამართლის დანიშვნამ განაჩენის გამოტანა 2013 წლის ოქტომბრიდან, სულ მცირე, 2015 წლის ივნისამდე გააჭიანურა. ამასობაში შეშელს სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინეს, რის შემდეგაც მან 2013 წელს ოპერაცია გაიკეთა. 2014 წლის ნოემბერში სასამართლომ გადაწყვიტა, შეშელი დროებით გაეთავისუფლებინათ იმ პირობით, რომ ის არ შეეცდებოდა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას და გამოძახებისთანავე დაბრუნდებოდა საპატიმროში.

ექსპერტთა თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალი შიშობდა, შეშელი პატიმრობაში არ გარდაცვლილიყო, როგორც ეს სერბიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, შემთხვევაში მოხდა 2006 წელს. როგორც ინგლისის ქალაქ ნოტინგემის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, მარკო მილანოვიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მოსამართლეებმა, უბრალოდ, გადაწყვიტეს, შეშელი თავიდან მოეშორებინათ და სერბიაში გაეშვათ.

მას შემდეგ, რაც შეშელი საპატიმროდან გამოვიდა, ის აგრძელებს ხმამაღალ მოწოდებებს იმ „დიდი სერბიის“ მხარდასაჭერად, რომელიც ხორვატიის ტერიტორიის ნაწილებსაც მოიცავს. ხორვატიის მთავრობამ შეშელი უკვე დაადანაშაულა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებაში.

შეშელი დღემდე ულტრანაციონალისტური რადიკალური პარტიის თავმჯდომარედ რჩება. თავად სერბიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდარ ვუჩიჩს - რომელსაც ამ რადიკალურ პარტიაში ოდესღაც მაღალი თანამდებობა ეკავა - და შეშელს ხანგრძლივი და დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა აკავშირებთ. სერბიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის კომიტეტის პრეზიდენტ სონია ბისერკოს აზრით, მთელი ეს დრო ვუჩიჩი ლმობიერად ეკიდებოდა შეშელს, რადგან ანგარიშს უწევდა მის პოპულარობას.

„მათ ვოისლავ შეშელის რაღაცნაირი ნორმალიზაცია სცადეს, მაგრამ ეს კაცი განასახიერებს ყოველივე იმას, რაც 1990-იან წლებში ხდებოდა. ამ ფენომენის მიმართ მგრძნობელობის ნაკლებობა ძალიან შემაშფოთებელია. არ მომხდარა შეშელის ქმედებისგან გამიჯვნა ან იმდროინდელი მოვლენებისთვის სერბიის პასუხისმგებლობის გააზრება“, ამბობს სონია ბისერკო.

ბელგრადს ჯერჯერობით არ მიუღია რაიმე ზომები შეშელის დასაკავებლად. მთავრობის თქმით, ის მალე გამოაქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას. ხორვატია, როგორც მისმა პრემიერ-მინისტრმა, ზორან მილანოვიჩმა, თქვა, ყურადღებით მიადევნებს თვალს, როგორ იმოქმედებს სერბია შეშელის საქმესთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG