Accessibility links

logo-print

ევროკავშირი უკრაინაში სამშვიდობო ძალებს ვერ მიავლენს


ევროკავშირ უკრაინის სამიტი

ევროკავშირ უკრაინის სამიტი

27 აპრილს ევროკავშირის ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინის გარშემო და იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კიევის მიერ, რას მოითხოვენ კრემლისგან და რას სთავაზობს ევროკავშირი კონფლიქტში გახვეულ ქვეყანას, რომელიც ბრიუსელს რეფორმების გატარებას ჰპირდება და დახმარებას სთხოვს. უკრაინის მოთხოვნას, ევროკავშირმა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალები განათავსოს, ბრიუსელიდან უარი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისია მინსკის შეთანხმების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ასე უპასუხა:

„სამშვიდობო მისიის გარშემო ჩვენი მსჯელობა რეალისტური იყო. ცხადია, ვიცით, რას მოელის უკრაინა. დღესდღეობით უკრაინაში სამხედრო მისიის გაგზავნა შეუძლებელია, ამგვარ პროექტზე ევროპაში ლაპარაკი არ ყოფილა. როგორც იცით, უკრაინაში განვათავსეთ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისია, რათა აქ, კიევში, რეფორმების უსაფრთხოება დავიცვათ. ევროკავშირი მუდმივ მხარდაჭერას იჩენს ეუთოს მისიის მიმართ. ახლა გვსურს მოვავლინოთ შემფასებელი სამოქალაქო მისია, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელია ზემოხსენებული ჯგუფის საქმიანობის გაფართოება“.

მოკლედ, ტუსკმა ცხადად თქვა, სამხედრო მისიას უკრაინაში ვერ მივავლენთო, მაგრამ იქვე დასძინა, ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს რუსეთისთვის სანქციების გაძლიერების მხრივაც, თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდებაო. ევროკავშირი, ამასთან, ჩანს, აპირებს გააგრძელოს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. იმ დროს, როცა უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედება გრძელდება, - ამას იტყობინება ეუთოს მისია, - ევროკავშირი არ ანელებს უკრაინაზე ზეწოლას, გაატაროს რეფორმები, დაძლიოს კორუფცია პოლიტიკასა და ეკონომიკაში და მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ტუსკმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კიევში ჩასვლისას შემდეგი სიტყვები წარმოთქვა უკრაინულად:

„ძლიერი მტერი გყავთ, მაგრამ დიდია მეგობრების რიცხვიც. მათი დახმარების იმედი გქონდეთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, თუ თქვენ თვითონ არ შეცვალეთ უკრაინა“.

უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკოსადაა მიჩნეული და რომლის მთავრობა რეფორმებს ატარებს, აცხადებს, რომ მისი მიზანია ხუთ წელიწადში უკრაინა მზად იყოს მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა. პოროშენკო იქვე ამბობს, თუმცა ჯერ ქვეყნის აღმოსავლეთის სტაბილიზებაა საჭიროო. შარშან დაპირისპირების დაწყებიდან უკრაინაში ექვსი ათასზე მეტი ადამიანია დახოცილი, იტყობინება გაერო. ეუთოს მეთვალყურეთა ცნობით, მინსკის შეთანხმების მიუხედავად, სროლა აპრილის ბოლო დღეებშიც გრძელდება. სეპარატისტები იმუქრებიან, რომ 9 მაისს მეორე მსოფლოს ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ახალ ოპერაციას წამოიწყებენ მარიუპოლის მიმართულებით. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში რუსი ჯარისკაცების არსებობას. კიევის სამიტის მეორე დღეს, იქვე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის გაგრძელების საშიშროება მაღალია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში სისტემატურად ირღვევაო. პოროშენკოს თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება და სოლიდარობა, რათა თავიდან აიცილოს ომი დონბასის რეგიონში, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. 28 აპრილს გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ უკრაინამ ბევრად ნაკლები ფინანსური დახმარება მიიღო, ვიდრე საბერძნეთმა, იმის მიუხედავად, რომ მის ტერიტორიაზე რუსეთის ტანკები განთავსებული არ არის. ამავეკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონფერენციისადმი თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ სრულად არ იქნება შესრულებული მინსკის შეთანხმება. ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეფ რადკემ განაცხადა, რომ რუსეთმა დამატებითი თავდაცვითი სისტემები განათავსა აღმოსავლეთ უკრაინაში და ზოგიერთი მათგანი ფრონტის ხაზთან გადაიტანა. ეკონომიკის ფრონტზეც ბრძოლა უწევს კიევს. კიევის სამიტისას პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს „ევროპელი პარტნიორები და მეგობრები იხილოს“ უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის აქციონერთა შორის. უკრაინაზე გადის ევროპაში რუსეთის გაზის იმპორტის 40 პროცენტი. გასულ შემოდგომაზე რუსეთი კიევს დაემუქრა, რომ აირის მიწოდებას შეუწყვეტდა, თუ არ დაუბრუნებდა ვალს. ბრიუსელი იძულებული იყო ჩარეულიყო ამ დავაში, რათა ევროპისთვის საწვავის მიწოდება არ შეწყვეტილიყო. კიევში იყო ჩასული და სამიტში იღებდა მონაწილეობას ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, რომელმაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკა. ეს არის ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების ბირთვი, რომელიც თავის დროზე, კრემლის ზეწოლის გამო, ვერ განხორციელდა. იუნკერმა ევროკავშირის სურვილი ასე ჩამოაყალიბა:

„ჩვენ, ევროპის კომისიას, და ევროკავშირის საბჭოს, დონალდ ტუსკს, გვსურს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება უკრაინასთან ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვარს. ეს არის მნიშვნელოვანი პოზიცია, რადგან ზოგს უნდა, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლა გადაიდოს. ჩვენ არა გვგონია გადადება გონივრული ნაბიჯი იყოს. ერთხელ ეს საქმე უკვე გადაიდო. თუ ასე მუდამ გადავდეთ, ვერასოდეს გავალთ ბოლოში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2016 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდეს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG