Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისია


მაკედონიაში ეროვნული გლოვა გამოაცხადეს, რათა პატივი მიეგოთიმ რვა პოლიციელის ხსოვნისთვის, რომლებიც შაბათ-კვირას დაიხოცნენ შეიარაღებულ პირებთან დაპირისპირებისას ჩრდილოეთის ქალაქ კუმანოვოში. საქმე ეხება დიდწილად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ რეგიონს, დივა ნასელბას.

11 მაისს დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები. გაუქმდა სპორტული ღონისძიებები და პოლიტიკური შეხვედრები.

კუმანოვოში მოსახლეობა ბრუნდება, მაგრამ სკოლები კვლავაც დახურული რჩება. ქალაქი მაკედონიის კოსოვოსთან და სერბიასთან საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.

მაკედონიის მედიის ინფორმაციით, ჰაერში კვლავაც იგრძნობა კვამლის სუნი, მიწაზე კი ყრია ტყვიების ცარიელი ვაზნები, დამწვარი ავეჯი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

ხელისუფლებამ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენა დაახლოებით 30 შეიარაღებულ პირს, რომელიც პოლიციას ჩაბარდა. განსასჯელები 11 მაისს დედაქალაქ სკოპიეში წარდგნენ საგამოძიებო კომიტეტის წინაშე.

მაკედონიის პრეზიდენტის ჯორჯე ივანოვის განცხადებით, 14 სავარაუდო შეიარაღებული პირი დაიღუპა შეტაკებებში, რომელიც 9 მაის დილით დაიწყო.

ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გამორჩეულად პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და თავიანთი საქმის ერთგული ოფიცრები, ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მაკედონიის პოლიციამ...
ნიკოლა გრუევსკი

სატელევიზიო გამოსვლაში 10 მაისს ივანოვმა განაცხადა, პოლიციამ რამდენიმე სამიზნეზე აღკვეთა კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც გამოიწვევდა სერიოზულ დესტაბილიზაციას, ქაოსსა და შიშსო. პრეზიდენტმა დასძინა, შეიარაღებული პირები იყვნენ ექსტრემისტები და ბოროტმოქმედები, მაღალი სამხედრო უნარებითო.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა გრუევსკიმ დაასახელა შეიარაღებული დაჯგუფების ხუთი სავარაუდო ლიდერის სახელი. ყველა კოსოვოს მოქალაქეა.

გრუევსკის თქმით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს ბალკანეთში და ახლო აღმოსავლეთში ჰქონდათ მიღებული საბრძოლო გამოცდილება, მაგრამ მათ მხარს არ უჭერდა მაკედონიის ეთნიკურ ალბანელთა უმცირესობა.

„საქმე მაკედონიელებსა და ალბანელებს შორის კონფლიქტთან არ გვაქვს. ეს საზიანო იქნებოდა როგორც რეგიონის მაკედონიელებისთვის, ისე ალბანელებისთვისო“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე შეაქო მაკედონიის ძალები, რომლებმაც ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა: „ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გამორჩეულად პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და თავიანთი საქმის ერთგული ოფიცრები, ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მაკედონიის პოლიციამ, რომელშიც ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი პოლიციელები მსახურობენ“.

მაკედონიაში განვითარებულ პროცესებს კოსოვოს ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მათ დაგმეს კოსოვოს მოქალაქეების „ნებისმიერი მონაწილეობა“ შეტაკებებში, რომლებსაც მაკედონიაში 8 პოლიციელი და 14 სავარაუდო თავდამსხმელი ემსხვერპლა.

ამ შინაარსის განცხადება ერთობლივად გაავრცელეს კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაგჰიაგამ და პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ. განცხადება 11 მაისს გავრცელდა - მაკედონიაში ეროვნული გლოვის მეორე დღეს.

მაკედონიის მოსახლეობა 2.1 მილიონს შეადგენს, ეთნიკური ალბანელების უმცირესობა კი მთელი მოსახლეობის 25-30 პროცენტს უტოლდება.

2001 წელს ალბანელებმა აჯანყება მოაწყვეს, მეტი უფლებების მოპოვების მოთხოვნით. ალბანელთა შეიარაღებულ ჯგუფებს მთავრობის ძალებთან ჰქონდათ შეტაკებები.

მაკედონია უკვე სამოქალაქო ომის პირას იყო მისული, როცა ნატოსა და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა მშვიდობისა და რეფორმების შეთანხმება, რომელიც ეთნიკური ალბანელების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ამჟამინდელი ძალადობის ფონია მაკედონიაში შექმნილი ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ, რაც ის 1991 წელს იუგოსლავიას გამოეყო. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს სდებენ ბრალს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის შეთქმულების მოწყობაში. ანალიტიკოსთა ნაწილი შიშობს, რომ ორივე მხარის ლიდერები მზად არიან ეთნიკური შეტაკებების პროვოცირებისთვის.

თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი იმ გარემოებასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობას ეთნიკურ კონფლიქტზე უფრო დიდ საფრთხეს უქმნის გრუევსკის ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებული პოლიტიკური უკმაყოფილება. როგორც მაკედონიელები, ისე ალბანელები იმედგაცრუებულნი არიანსიღარიბის, უმუშევრობის, მზარდი კორუფციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესის ნაკლებობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG