Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პრეზიდენტი თანამდებობისთვის ბრძოლას განაგრძობს და გადადგომას არ აპირებს


მაკედონიის პრეზიდენტის მხარდამჭერი
მაკედონიის პრეზიდენტის მხარდამჭერი

მაკედონიაში ბოლო კვირას დაპირისპირება ოპოზიციასა და მთავრობას შორის გამწვავდა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ სოციალ-დემოკრატები, უკან არ იხევს. გრუევსკი მაკედონიის პრემიერ-მინისტრია 2006 წლიდან. მისმა პარტიამ, მაკედონიის შიდა რევოლუციურმა ორგანიზაციამ, მაკედონიის ერთიანობისთვის დემოკრატიულმა პარტიამ,შარშან ბოლო არჩევნები მოიგო. 18 მაისს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ოპოზიციამ ორმოცი ათასი კაცი გაიყვანა ქუჩაში, გრუევსკი სიტყვით გამოვიდა თავისი მომხრეების წინაშე და გამოაცხადა, თანამდებობას არ დავტოვებ, ოპოზიციის ნებას არ დავემორჩილებიო. 44 წლის გრუევსკიმ, რომელსაც არჩევნების გაყალბებასთან კავშირის გარდა,კორუფციაშიც სდებენ ბრალს, იქით შეუტია მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს და გამოაცხადა, ოპოზიციას „პოლიტიკური უმცირესობის დიქტატურის დამყარება გსურთო“.

„ვინ ითხოვდა ჩემს გადადგომას? ისინი, ვისაც სურს ამ ხალხს, ოპოზიციის ლიდერებს, დაუტოვოს მაკედონია, რათა ქვეყანა ხალხის ნების წინააღმდეგ მართონ. მათ მიმართ საუკეთესო პასუხი ეს ენერგია, ეს ძალაა“, განუცხადა გრუევსკიმ თავის მომხრეებს, რომლებიც, ოპოზიციის წინა დღის მიტინგის საპასუხოდ, სკოპიეს ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დგანან, დაახლოებით ორ კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ოპოზიციის მომხრეებს კარვები აქვთ გაშლილი და არ აპირებენ დაიშალონ, სანამ არ გადადგება გრუევსკი. პრემიერმა კი ოპოზიციის შესახებ თქვა, მათ ეგონათ გაგვტეხდნენ ფალსიფიცირებული ჩანაწერებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომ დაგვაშინებდნენ ტერორისტი ბანდიტებით, მოელოდნენ, რომ დავნებდებოდით, მაგრამ დღეს მათ პასუხი მიიღესო:

„მაკედონია ევროპული სახელმწიფოა და დაიკავებს იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებს. ჩვენ გვყავს გუნდი, გვაქვს ხედვა, გვყავს ჭკვიანი ხალხი, ვინც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ამითაა მაკედონია ძლიერი. გაუმარჯოს მაკედონიას!“

მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ოპონენტია ამ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ზორან ზაევი, რომელმაც ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა არ შეწყვიტონ დემონსტრაციები, სანამ გრუევსკი არ გადადგება. ამ მასობრივ გამოსვლას ერთი მესიჯი აქვს: მოსწონს თუ არ მოსწონს, გრუევსკი წავა. გრუევსკი უნდა წავიდესო, ეს იყო ზაევის მოწოდება.

დაპირისპირებული ძალების დემონსტრაციებმა დაადასტურა, რომ მაკედონიაში საზოგადოება პოლიტიკურად ორადაა გაყოფილი და ეს განხეთქილება შარშანდელი არჩევნების შემდეგ დაიწყო.

„ბოლო 24 საათია მაკედონია, ერთი ქვეყანა, ორ საზოგადოებადაა გაყოფილი. ამას ვეღარ დავუშვებთ. მაკედონია იქნება ერთი სახელმწიფო და ერთი საზოგადოება, თავისი ქვეყნით ამაყი თანასწორუფლებიანი მოქალაქეებით“, უთხრა მომხრეებს ოპოზიციის ლიდერმა.

ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი, როგორც ითქვა, მოჰყვა ოპოზიციის, ზაევის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებიც თითქოს მთავრობის მაღალი რანგის პირების კორუფციასთან კავშირს ამხელს. გრუევსკი ბრალდებებს უარყოფს და ზაევს ბრალად სდებს, დასავლეთის საჯაშუშო სამსახურების მხარდაჭერით გადატრიალებას გეგმავსო. ევროკავშირის ზეწოლით, მაკედონიას ამ გაერთიანებაში წევრობის განაცხადი აქვს გაკეთებული. ამ ქვეყნის ოთხი წამყვანი პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა კრიზისიდან გამოსავალი გზები მოეძებნათ, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა. ზაევმა რეპორტიორებს უთხრა, არც ერთ თემაზე არ გვისაუბრია, რადგან პირველ რიგში გარკვეული საკითხები უნდა მოგვარდესო. ზაევს სურდა, მოლაპარაკების მონაწილეებს თანაბარი უფლებები ჰქონოდათ და, ამასთან, ითხოვდა მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტიებს. მისი პარტია მოითხოვდა შექმნილიყო გარდამავალი მთავრობა, რომელშიც არ შევიდოდა გრუევსკი. ევროპის პარლამენტმა გრუევსკი და ზაევი სტრასბურგში მიიპატიჟა დამატებითი მოლაპარაკებებისთვის. ეს ქვეყანა 2005 წელს გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ასოცირების შესახებ მოლაპარაკებაც წინ აქვს, რადგან საბერძნეთი მისი წინააღმდეგი იყო. საბერძნეთი თვლის, რომ ამ ქვეყანას არა აქვს უფლება საკუთარ თავს უწოდოს მაკედონია. ამ სახელწოდებით ბერძნებისთვის მხოლოდ მათი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რეგიონია ცნობილი. მთავრობის მომხრეთა დემონსტრაციაზე გრუევსკიმ კვლავ გაიმეორა: მაკედონიის მომავალი ევროკავშირი და ნატოაო. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სკოპიეს მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, მაკედონიამ უნდა იმოქმედოს, რათა კონფლიქტი განიმუხტოსო. აშშ-მა მოუწოდა მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა გადალახონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეფ რათკემ ჟურნალისტებს უთხრა, მაკედონიის ოპოზიცია, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, უნდა დაბრუნდეს საკანონმდებლო ორგანოში და მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო ინსტიტუტების მუშაობის ზედამხედველობაშიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG