Accessibility links

პოლონელებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ბევრისთვის მოულოდნელად, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ანჯეი დუდამ - 43 წლის იურისტმა, ქრისტიანულ-დემოკრატიულ კონსერვატიულ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წევრმა, რომლის კარიერაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ პარტიის დამაარსებლებთან, ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებთან.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების 24 მაისს გამართული მეორე ტურის ოფიციალური შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, ერგო ხმების 49 %-ზე ნაკლები, ხოლო მის მეტოქეს, ანჯეი დუდას, - 51,55 %.

კომოროვსკიმ კენჭისყრის დღესვე, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აღიარა დამარცხება: „ვულოცავ ჩემს კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონ ანჯეი დუდას, ვულოცავ შედეგს და ვუსურვებ წარმატებულ პრეზიდენტობას. წარმატებულ პრეზიდენტობას ვუსურვებ, რადგან კარგი მინდა პოლონეთისთვის!“

კონკურენტის მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი იყო არჩევნებში გამარჯვებული ანჯეი დუდაც: „პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა! მადლობას მოგახსენებთ ამ მშვენიერი მოლოცვისთვის! მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, საარჩევნო კამპანიაში კონკურენციისათვის, ჩემთვის მოლოცვისათვის!“ - ეს სიტყვები წარმოთქვა 24 მაისს, გვიან საღამოს, კაცმა, რომელიც პოლონელებმა ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.

ანჯეი დუდა - პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, კონსერვატიული „სამართალი და სამართლიანობის“, წარმომადგენელი - თავს მიიჩნევს 2010 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, „სულიერ მემკვიდრედ“. დუდა სულ 35 წლის იყო, როცალეხ კაჩინსკის მრჩევლად მუშაობას შეუდგა და რახან თავს მის ერთგვარ მემკვიდრედ მიიჩნევს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს არც ახალი პრეზიდენტისაგან მოაკლდებათ ყურადღება. მოსალოდნელია ისიც, რომ ანჯეი დუდას პრეზიდენტობამ გაზარდოს დაძაბულობა მოსკოვსა და ვარშავას შორის: დუდა ემხრობაპოლონეთში შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების პერმანენტულ ყოფნას.

პოლონეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტი ზეპარტიული ლიდერია - სახელმწიფოს პირველ პირად არჩევის შემდეგ ვალდებულია დატოვოს პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც მანამდე იყო. თუმცა, როგორც არჩეული პრეზიდენტის, ანჯეა დუდას, თანაპარტიელმა რიშარდ ჩარნეცკიმ აღნიშნა არჩევნების შედეგის კომენტირებისას, პრეზიდენტს არ დაავიწყდება თავისი „პარტიული ფესვები“.

„ანჯეი დუდა შეეცდება - ამაში ეჭვი არ მეპარება - დიალოგის გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მოუსმენს სხვადასხვა ხალხს. შესაძლოა თავის მრჩეველთა საბჭოებში, რომელთა შექმნის უფლებაც აქვს, როგორც პრეზიდენტს, შეიყვანოს სხვადასხვა შეხედულების მქონე ხალხი, რადგან მემარჯვენეებს პოლონეთში არა გვაქვს რაღაც მონოპოლია სიმართლეზე, მონოპოლია წესიერებაზე. და ვფიქრობ, ის, რომ არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდას ხმა მისცეს იმათაც, ვინც წინა ტურში სხვა კანდიდატების მხარდამჭერი იყო, აჩვენებს: პოლონეთში ხალხმა გააცნობიერა, რომ ანჯეი დუდა გულდასმით მოუსმენს სხვა შეხედულებების მქონეებსაც“, - განაცხადა ჩარნეცკიმ.

თუმცა, მისივე თქმით, ანჯეი დუდა პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, რომ არა მისი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“, ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი - ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი. პრეზიდენტობის კანდიდატად ანჯეი დუდას წარდგენა სწორედ მისი ინიციატივა იყო. თავად იაროსლავ კაჩინსკი კი ცნობილია თავისი კონფრონტაციული რიტორიკით, პოლიტიკური ოპონენტების დაუნდობელი კრიტიკით, ევროკავშირისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით.

2005-2007 წლებში, როცა იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა ცხარე დავა ყველასთან, ვინც მის პოზიციებს არ იზიარებდა - იქნებოდა ეს იაროსლავ კაჩინსკის ჰომოფობია, ლიბერალებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება თუ პოლონეთის მტრების განუწყვეტელი ძიება. თუ ანჯეი დუდამ, უკვე პრეზიდენტის რანგში, თავი ვერ დააღწია იაროსლავ კაჩინსკის გავლენას, კონფრონტაციული განცხადებები შესაძლოა მისგანაც მოვისმინოთ.

ფაქტია, რომ პოლონელმა ამომრჩეველმა, როცა უარი თქვა პრეზიდენტის მანდატი მეორე ვადითაც მიეცა მოქმედი პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკისთვის, ვარშავის ამჟამინდელი კურსით უკმაყოფილება გამოხატა. არადა, პოლონეთი (ევროკავშირში სიდიდით მეექვსე ეკონომიკა), წლებია, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილურ ქვეყნებს მიეკუთვნება. რამდენად გაიზარდა მისი წონა ევროკავშირში, ჩანს თუნდაც იმ გარემოებით, რომ ერთადერთი აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსი, რომელსაც ევროკავშირის წამყვანი თანამდებობა უკავია, არის პოლონელი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გჟეგოჟ სხეტინას აზრით, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი უნდა განიხილოს როგორც გაფრთხილება წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ. „ჩვენ ბოლო ცხრა არჩევნებში გავიმარჯვეთ - 2007 წლის შემდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე დადგა. მაგრამ ეს არ არის დასასრული. ისეთი გამოცდილი პარტიისათვის, როგორიც „სამოქალაქო პლატფორმაა“, ახლა დღის წესრიგში დგას შეკითხვა: რა გავაკეთოთ, რომ ეს ტენდენცია, ეს კლიმატი არ შიცვალოს? როგორ გავიმარჯვოთ შემდეგ არჩევნებში?როგორ იქნეს გარანტირებული ჩვენი ქვეყნის პროევროპული განვითარება, მოდერნიზაცია, გახსნილობა, თავისუფლება - ის, რაზეც ვსაუბრობდით ამ და წინა საარჩევნო კამპანიებში? ეს არის გამოწვევა პოლიტიკური პარტიისათვის და ამას თავი უნდა გავართვათ“ - ეს სიტყვები წარმოთქვა პოლონეთისსაგარეო საქმეთა მინისტრმა, „სამოქალაქო პლატფორმის“ წარმომადგენელმა გჟეგოჟ სხეტინამ.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები წელს ოქტომბერში გაიმართება. მანამდე კი, 6 აგვისტოს ინაუგურაციის შემდეგ, პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება: ანჯეი დუდა.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG