Accessibility links

logo-print

დიდი შვიდეული მკაცრ პოზიციაზეა რუსეთის მიმართ


დიდი შვიდეულის სამიტი

დიდი შვიდეულის სამიტი

ბავარიის ალპებში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებმა პრინციპული პოზიცია დაიკავეს უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არა მხოლოდ ძალაში რჩება, არამედ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 8 ივნისს განაცხადეს, საჭიროება თუ შეიქმნება, მათ გაამკაცრებენ კიდეც.

სამიტის ბოლოს, ლიდერებმა შეშფოთება გამოხატეს ბრძოლის ბოლოდროინდელი ესლაკაციის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში – სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ებრძვიან კიევის არმიას, მინსკის საზავო შეთანხმების მიუხედავად.

სამიტის საბოლოო დეკლარაციაში დიდი შვიდეულის ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა და სრულად უნდა დაიცვას მინსკის სამშვიდობო შეთანხმება. დოკუმენტის თანახმად, თუ რუსეთი ამ პირობებს დაიცავს, სანქციების მოხსნა შესაძლებელი იქნება.

შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ყველაზე მკაცრი რიტორიკით ბარაკ ობამამ ილაპარაკა. მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდო რუსეთის ეკონომიკის გაჩანაგებაში, საბჭოთა იმპერიის აღდგენისთვის წარმოებული, მარცხისთვის განწირული კამპანიით: „მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ რუსეთის ეკონომიკა საგრძნობადდასუსტდა. რუბლი და უცხოური ინვესტიციები შემცირდა; ინფლაცია გაიზარდა; რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან დაკარგა 150 მილიარდ დოლარზე მეტი; რუსეთის ბანკებს და ფირმებს, ფაქტობრივად, ხელი არ მიუწვდებათ საერთაშორისო ბაზრებზე; რუსეთის ენერგეტიკის კომპანიები წვალობენ იმ მომსახურების და ტექნოლოგიების იმპორტისთვის, რომლებიც მათ ენერგეტიკის კომპლექსური პროექტებისთვის ესაჭიროებათ; რუსეთი ღრმა რეცესიაშია. ამდენად, რუსეთის მოქმედებები უკრაინაში დარტყმას აყენებს რუსეთს და რუს ხალხს“.

ეს სამიტი იყო წამყვანი სამრეწველო ქვეყნების მეორე შეხვედრა, რომელსაც რუსეთი არ დაასწრეს. ვლადიმირ პუტინი მაშინდელ დიდ რვიანს გამოეთიშა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ – რასაც დიდმა შვიდეულმა თავის საბოლოო განცხადებაში „უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

ობამას თქმით, სამიტიდან რუსეთის გამოთიშვაც ამ ქვეყნის იზოლაციის მაგალითია: „როგორც ბოლო დღეებში ვხედავთ, რუსეთის ძალები განაგრძობენ მოქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში, რითაც არღვევენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. უკვე მეორე წელია, რაც დიდი შვიდეული რუსეთის გარეშე მართავს შეხვედრას – რაც რუსეთის იზოლირების მორიგი მაგალითია. და დიდი შვიდეულის ყველა წევრი ინარჩუნებს რუსეთზე დაწესებულ სანქციებს იმ აგრესიისთვის, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ავლენს“.

კრემლმა სცადა დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა სამიტზე პუტინის არყოფნისთვის, პუტინი „სხვა ფორმატებს“ ამჯობინებს, რომლებიც უფრო ეფექტიანია და უკეთესად ასახავს გლობალურ ეკონომიკაში ძალთა ბალანსსო.

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვები - „დღესდღეობით უკვე შეუძლებელია შვიდი ან რვა კაცი შეიკრიბოს და ეფექტიანად განიხილოს გლობალური პრობლემები“.

სააგენტო „როიტერსი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის კრიზისი და რუსეთთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯები წარმოადგენდა იმ თემების ორ მესამედს, რომლებიც დიდი შვიდეულის სამიტზე განიხილეს კვირას,საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ სადილზე.

სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ უკრაინის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას უწოდა „კატასტროფული“ და განაცხადა, ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ ქვეყნის მარცხის დაშვება არ შეიძლებაო.

სამიტის მასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა – რომელიც ხელმძღვანელობდა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის გატარებულ კამპანიას – ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა შესაძლებელია, თუ მოსკოვი და სეპარატისტები სრულად დაიცავენ საზავო შეთანხმებასო.

თუმცა, მერკელმა დასძინა, რომ ევროპა და აშშ სანქციების გამკაცრებისთვისაც მზად არიან. გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, ეს აუცილებელი გახდება მაშინ, თუ სეპარატისტები მეტ ტერიტორიას დაეპატრონებიან აღმოსავლეთ უკრაინაში – განსაკუთრებით, სტრატეგიული საპორტო ქალაქის, მარიუპოლის სიახლოვეს:

„ერთხმად ვგმობთ [რუსეთის მიერ] ყირიმის ანექსირებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. ვაცხადებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკურად შეიძლება გადაიჭრას, მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით. ვთანხმდებით, რომ [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციების მოხსნა უკავშირდება მინსკის [შეთანხმების] განხორციელებას. ამასთან, მზად ვართ – თუ საჭიროება გაჩნდება, თუმცა ეს არ გვსურს – სანქციები გავამკაცროთ, თუკი ამას შექმნილი ვითარება მოითხოვს. თუმცა, გვწამს, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ საიმისოდ, რომ მინსკის პოლიტიკური პროცესი წავიდეს წინ“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამასთან, მერკელის თქმით, დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ უკრაინას დახმარება უნდა აღმოუჩინოს: „ამავე დროს, ვთქვით, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩებმა კიევში ერთგვარი მხარდამჭერი ჯგუფი უნდა ჩამოაყალიბონ, რათა უკრაინას დაეხმარონ ეკონომიკურ რეფორმებში და კორუფციასთან ბრძოლაში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გასულ კვირაში თავის არმიას მიმართა, მოემზადონ ქვეყანაში „სრულმასშტაბიანი შეჭრის“ მოგერიებისთვის. პრეზიდენტის განცხადებების ფონია ბრძოლის ესკალაცია – რომელიც მასშტაბით მნიშვნელოვნად გასცდა უკანასკნელ თვეებში მომხდარ შეტაკებებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG