Accessibility links

logo-print

რას გეგმავს ვაშინგტონი ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად?


ჩეხეთში აშშ-ის ჯარების გადაადგილება. 30 მარტი 2015 წ.

ჩეხეთში აშშ-ის ჯარების გადაადგილება. 30 მარტი 2015 წ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ აპირებს, მძიმე იარაღი განათავსოს აღმოსავლეთ ევროპაში, რათა ამ რეგიონში თავის პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინაში რუსეთის აგრესიული მოქმედების ფონზე. ცნობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის პარტნიორი ქვეყნებიდან, ხოლო უარყოფითი - რუსეთიდან, რაც, ცხადია, მოსალოდნელიც იყო.

გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ 13 ივნისის ნომერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანმახმად, ვაშინგტონი აპირებს „5000-მდე ამერიკელი ჯარისკაცისათვის განკუთვნილი ტანკების, ჯავშნოსანი მანქანებისა და სხვა მძიმე იარაღის განთავსებას ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში“. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ამ ცნობას ავრცელებს, მისივე განმარტებით, ამერიკელი და მოკავშირე ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და აღნიშნავს, რომ ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში, „იქნება პირველი შემთხვევა ცივი ომის დასრულების შემდეგ, როცა აშშ მძიმე სამხედრო აღჭურვილობას განათავსებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს შედარებით ახალ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდნენ.“ სტატიაში გამოთქმულია შეფასებაც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე იარაღის განთავსების შემთხვევაში, პენტაგონი გადადგამს მთელი რიგი ზომებიდან „ყველაზე გამორჩეულ ნაბიჯს“ ევროპაში „რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად“.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ამ პუბლიკაციაზე ლიტვისა და პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლების რეაქცია ცხადყოფს, რომ აშშ-ის გეგმა მათთვის კარგად იყო ცნობილი. აი, რას ამბობს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე: „დავიწყებ იმით, რომ ამ გეგმებში ახალიარაფერია: მათზე თებერვალში იუწყებოდნენ აშშ-ის სენატის დოკუმენტში. გეგმები არის შედეგი 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზემიღწეული შეთანხმებისა. ისინი ერთი წლის წინ შეიქმნა და უცხოეთის მედიამ კი მათზე მხოლოდ ახლა დაწერა. ახალი არაფერია. ჩვენვიცით ამ გადაწყვეტილების შესახებ, მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით მის განხორციელებას.“ ეს განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა 15 ივნისს გააკეთა, ანუ ორ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ვაშინგტონის გეგმაზე, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს მძიმე იარაღი რეგიონში თავისი მოკავშირეების მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ჟურნალისტებთან საუბრისას, გეგმის გამო კმაყოფილება გამოთქვა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩუსმაც: „ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ბალტიისპირეთის რეგიონისათვის საფრთხეები გაზრდილია. ეს ბევრჯერ ყოფილა განხილვის საგანი და მე დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ საუბრებს მივყავართ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც, ვფიქრობ, რეალობად იქცევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება.“

ლიტვის მეზობელი ქვეყნის, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ტომაშ შემონიაკმა კი განაცხადა: „გადაწყვეტილებები ამ საკითხში ამერიკის მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ამისკენ მივისწრაფით და ვფიქრობთ, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად განამტკიცებს პოლონეთის უსაფრთხოებას.“

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვარშავა მოლაპარაკებას აწარმოებს შეერთებულ შტატებთან პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ტექნიკის საწყობის განთავსებაზე. „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრ ტომაშ შემონიაკს გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტის დროს დაჰპირდნენ, რომ ამ საკითხზე მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მოსკოვის გამოხმაურება კი, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „მითად“ მოიხსენიებენ რუსულ საფრთხეს და აშშ-ს ბრალად სდებენ ევროპელ მოკავშირეებში „ანტირუსული ფობიების“ გაღვივებას.

განვლილი წლის განმავლობაში, დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა - რუსეთის მიერ შარშან, მარტში, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მოსკოვიდან წაქეზებისა და დახმარების შედეგად. კიევი, ნატო, დასავლეთის მთავრობები რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების იარაღითა და ცოცხალი ძალით დახმარებაში.

კრემლი ბრალდებებს უარყოფს, ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები არ მონაწილეობენ კონფლიქტში - მაშინ, როცა ბევრი სამხილი საპირისპიროს მოწმობს. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 6400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციაზე გამოხმაურებისას, მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა რეიტერის სააგენტოს უთხრა, რომ აშშ აპირებს „მნიშვნელოვანი აღჭურვილობის წინასწარ“ განთავსებას - ამ ოფიციალურ პირს დეტალებზე არ უსაუბრია. ექსპერტების განმარტებით, აღჭურვილობის წინასწარ განთავსებული მარაგი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე აღჭურვილობა, რომლის მობილიზებაც რუსეთს შეუძლია მეზობლებთან კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა თავისთავად, აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე იარაღის განთავსება აშშ-ის მხარდაჭერის დამადასტურებელი სიგნალი იქნებოდა.

ლონდონის გაზეთ „ტაიმსთან“ ინტერვიუში ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, გადამდგარმა გენერალმა ჯეიმს სტავრიდისმა ვაშინგტონის გეგმა შეაფასა, როგორც „უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილება პოლიტიკურ კურსში“ – „შეშფოთებული მოკავშირეების“ დასამშვიდებლად. ხოლო პენტაგონის პრესმდივნის, პოლკოვნიკ სტივ უორენის განმარტებით, „აშშ-ის სამხედროები მუშაობენ ამ მასალებისა და საწყობებისთვის საუკეთესო ადგილის შესარჩევად, მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველზე.“ უორენის თქმით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როდის ან, საერთოდ, განათავსებენ თუ არა მძიმე იარაღს აღმოსავლეთ ევროპაში.

„ტაიმსის“ ცნობით, მძიმე იარაღის განთავსების შესახებ წინადადება პენტაგონმა მოამზადა და მის დასამტკიცებლად ჯერ საჭიროა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას დასტური.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ხელთ არსებული მონაცემებით, პენტაგონის წინადადება ამჟამად ითვალისწინებს 150 ჯარისკაცისთვის სამყოფი სამხედრო აღჭურვილობისგანთავსებას ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში. რაც შეეხება პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და შესაძლოა, უნგრეთსაც - ნავარაუდევია ყოველ მათგანში 750 ჯარისკაცის სამყოფი სამხედრო აღჭურვილობის ჩატანა.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG