Accessibility links

logo-print

ვინც არაფერი იცის ფრანგი დეპუტატების ექსცენტრიკულ საქციელზე წარსულში, იფიქრებს, რომ ვლაპარაკობთ სოციალისტ დეპუტატებზე, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ კრემლს. ვისაც ოდნავ მეტი წაუკითხავს ფრანგულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, ეგონება, რომ ლე პენისტებზე, ულტრა მემარჯვენეებზე ვსაუბრობთ. არა, საქმე ეხება ფრანგი კანონმდებლების ჯგუფის, მათ შორის, ცენტრისტ მემარჯვენე ნიკოლა სარკოზის რვა თანაპარტიელის ყირიმში ჩასვლას, რითაც მათ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა დაარღვიეს.რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის, ანექსიას მოჰყვა დასავლეთის ქვეყნების - მათ შორის, საფრანგეთის - სანქციები კრემლის მიმართ. ამის მიუხედავად, საკმაოდ წარმომადგენლობითი - მართალია, მცირე, ათკაციანი - ჯგუფი ფრანგი დეპუტატებისა ყირიმს ესტუმრა, რასაც რუსეთში აღტაცება, საფრანგეთში კი გულისწყრომა მოჰყვა. თვითონ დეპუტატები, რომელთა შორის ერთი ყოფილი სოციალისტი - ახლა ულტრამემარჯვენე - პოლიტიკოსია, თავიანთი სადავო სტუმრობის მიზნად აცხადებენ „ყირიმის მოსახლეობის ცხოვრების გაცნობას“, „ევროპის დეზინფორმაციული მედიის“ ცნობების ადგილზე შემოწმებას.

„მესმის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვათა პოზიცია, მაგრამ ჩვენ ჩვენს როლს ვთამაშობთ, როგორც პარლამენტის წევრები. ვიცი, ჩვენმა ვიზიტმა კამათი გამოიწვია, მაგრამ ჩემი პოზიცია ყირიმის გამო ასეთია: ესაა მშვიდი რეგიონი და გასაოცრად ლამაზი ადგილი“, უთხრა გამოცემა „რეგნუმს“ ივ პოცო დი ბორგომ, სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც წარმოშობით კორსიკიდანაა, და იმედი გამოთქვა,ჩვენს სტუმრობას სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც მიბაძავენო. მან ტვიტერში თავისი აღფრთოვანება შემფასებლური შეკითხვით გამოხატა, საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროა ეს თუ ყირიმიო. თუმცა იქვე აღნიშნა, დელეგაციას არც უკაბელო ინტერნეტზე მიუწვდებოდა ხელი, არც მობილურ კავშირზეო, ყირიმში საფრანგეთის არც ერთი სატელეფონო ოპერატორი არ მუშაობსო. პოცო დი ბორგომ თავი იმით გამოიჩინა, რომ ყირიმში შეიძინა მაისური, აშშ-ის პრეზიდენტის საწინააღმდეგო წარწერით: „ობამა, შე ჩმორო!“. სურათი ამ მაისურით სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. დი ბორგომ, რომელიც თავისი კოლეგის, ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, ყირიმში წასული დელეგაციის დე ფაქტო ხელმძღვანელის ტიერი მარიანის თხოვნით ჩავიდა უკრაინის კუთვნილ და რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, საფრანგეთში უკმაყოფილება ახსენა.

სოციალისტების აზრით, ეს დეპუტატები თავისუფალი ადამიანები არიან თავისუფალ ქვეყანაში და სადაც სურთ, იქ გაემგზავრებიან. სხვა საქმეა, რომ ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართალს...

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა თქვა, შოკირებული ვარ ამ ვიზიტითო და დაგმო ის, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ყირიმში ჩასვლა უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე მოსკოვის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის აღიარებას ნიშნავსო, თქვა ფაბიუსმა. ტიერი მარიანი ასოციაცია „ფრანგულ-რუსული დიალოგის“ თანათავმჯდომარეა, რუს პოლიტიკოსსა და ბიზნესმენ ვლადიმირ იაკუნინთან ერთად. დამოუკიდებელი ჟურნალისტი მიხაილ გოხმანი რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში იხსენებს, რომ მარიანი ერაყში სადამ ჰუსეინს ესტუმრა თავის დროზე. ამავე გადაცემაში საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს კორესპონდენტი დმიტრი გუსევი ამბობს, ამავე დელაგაციაშია სარკოზის პარტიის წევრი ჟაკ მიარი, რომელიც სირიაში ბაშარ ალ ასადს ეწვიაო. მისი თქმით, ეს ათი დეპუტატი 570-იანი ეროვნული კრების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. გუსევი გვიამბობს, როგორი იყო რეაქცია ანექსირებულ ტერიტორიაზე ჩასულ კანონმდებელთა კოლეგებისა.

„ეროვნულ კრებაში, საფრანგეთის პარლამენტში, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ ბრუნო ლე რუმ განაცხადა, იქ წასული დეპუტატებისთვის ეს სამარცხვინო საქმეაო“, ამბობს გუსევი და შეგვახსენებს ივნისის ინციდენტს, როცა ლე რუ რუსეთის „შავ სიაში“ მოხვდა და ამის გამო საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციამ უარი თქვა რუსეთში წასვლაზე: ან ყველა, ან არავინო.

გუსევი განაგრძობს: „სოციალისტების აზრით, ეს დეპუტატები თავისუფალი ადამიანები არიან თავისუფალ ქვეყანაში და სადაც სურთ, იქ გაემგზავრებიან. სხვა საქმეა, რომ ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართალს: ჩადიან ტერიტორიაზე ისე, რომ არ სთხოვენ ნებართვას უკრაინის მთავრობას უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ეს ხდება ევროპაში, სადაც არავის უღიარებია რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის ფაქტი“.

შესაბამისად, გუსევის ცნობით, სოციალისტები თვლიან, რომ ისინი გარკვეულ ნორმებს არღვევენ. ჟურნალისტი გვიხსნის, რომ კანონმდებლების აზრით, მათი კოლეგები ხალხის მიერ არიან არჩეული დეპუტატებად გარკვეული ვადით. მათ არ შეუძლიათ, უბრალოდ, სიმფეროპოლში რომ ჩავლენ, გადაიქცნენ კერძო პირებად და ასე იმოგზაურონ ყირიმში. დმიტრი გუსევისთვის ცნობილია დელეგაციის წევრ მარიანის ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკოსი გავლენიანი პირიაო, ამბობს ის, მეგობრობს სარკოზისთან და დაკავებულია ეკონომიკური ლობირებით; აქვს კავშირები, რუსეთის გარდა, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან. იქვე არიან სხვებიცო, გვეუბნება საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ჟურნალისტი, რომლებიც ბარაკ ობამას შეურაცხყოფას აყენებენო. „უნდა ვიცოდეთო, ამბობს გუსევი, რომ განსაკუთრებით ძველი თაობის ფრანგი დეპუტატებისთვის, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს გენერალი დე გოლი, ანტიამერიკანიზმი, მართლაც, იდეოლოგიის არსებითი ნაწილია და ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, ამერიკას ყოველთვის გაჰკრავენ კბილსო“.

საფრანგეთის მხარე დიპლომატიური არხებით გააფრთხილეს, რომ მათ განზრახვას მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა და შეიძლებოდა შემდგომში მათთვის, ვინც ყირიმში რუსეთის ფედერაციიდან ჩადის, უკრაინაში შესვლაც კი აეკრძალათ. უკრაინის საზოგადოებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი...

ეს რაც შეეხება საფრანგეთს. უკრაინის ხელისუფლებამ როგორღა მიიღო საფრანგეთის პარლამენტართა დელეგაციის ყირიმში ჩასვლა? უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხისმგებლო უწოდა ვიზიტს და განაცხადა, ამას შეიძლება ფრანგი დეპუტატებისთვის უკრაინაში მოგზაურობის აკრძალვა მოჰყვესო.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან ეთერში ზემოხსენებულ საუბარში მონაწილეობდა ბოგდან იარემენკო - უკრაინელი დიპლომატი, რომელიც ამჟამად ფონდ „საგარეო საქმეთა მაიდანს“ განაგებს. იარემენკო ამბობს, რომ სოციალური ქსელები და მასმედია ამ თემას აქტიურად განიხილავდა, რომ „პირველი რეაქცია ერთობ უარყოფითი იყო, ემოციური. მიმართავდნენ საფრანგეთს, ფრანგებს: ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ღალატიაო. მას მერე კი, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ეს არ იყო ოფიციალური დელეგაცია, საფრანგეთის მიმართ უარყოფითი რეაქცია შესუსტდა, თუმცა გამძაფრდა კიევის მიმართულებით. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ანექსიას არ ცნობს, რომ ყირიმში ჩასვლა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან არის შესაძლებელი. საფრანგეთის მხარე დიპლომატიური არხებით გააფრთხილეს, რომ მათ განზრახვას მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა და შეიძლებოდა შემდგომში მათთვის, ვინც ყირიმში რუსეთის ფედერაციიდან ჩადის, უკრაინაში შესვლაც კი აეკრძალათ. უკრაინის საზოგადოებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაისმა მოწოდებები უფრო მძაფრი რეაგირებისაკენ. ალბათ, მოვლენები კიდევ განვითარდება. უკრაინის პროკურატურას, წესით, ამ ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრა, რამდენადაც იკვეთება ორგანიზებული, ჯგუფური მცდელობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა, ეს კი, უკრაინის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია“, განმარტავს იარემენკო.

გამოჩნდება როგორი იქნება უკრაინის შემდგომი რეაქცია და გაბედავს თუ არა პროკურატურა საქმე აღძრას. რაც შეეხება ყირიმს, ადგილობრივი ჟურნალისტი ანდრეი სამბროსი ამბობს, რომ ფრანგი დეპუტატების ყირიმში ვიზიტს მნიშვნელობა, ალბათ, უფრო პოლიტიკური კლასისთვის ჰქონდა, ვიდრე ხალხისათვის. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში უბრალო ყირიმელებს აღფრთოვანება არ გამოუხატავთ, აჟიოტაჟი იქ არ მოჰყოლია რუსულენოვანი მასმედიის ცნობებს პარიზიდან ჩამოსული დეპუტატების სტუმრობის თაობაზე:

„ყირიმელები თავს პოლიტიკურ ცენტრად არ მიიჩნევენ და ამიტომ ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევენ. ეს რომ სხვა საკითხი ყოფილიყო, მაგალითად, უკრაინისა და ყირიმის საზღვრის გადაკვეთა ჩრდილოეთ ყირიმში ან ხერსონის ოლქთან, ეს უფრო მეტ ეფექტს გამოიწვევდა, ვიდრე ფრანგების ჩამოსვლა. ყირიმში ბენზინის ფასი ისეთივე რომ გახდეს, როგორიც კრასნოდარის ოლქშია, ეს უფრო გაახარებდა ხალხს და შინაგანი ბლოკადის განცდას შეუცვლიდა, ვიდრე ფრანგების სტუმრობა“, ამბობს ყირიმელი ჟურნალისტი ანდრეი სამბროსი.

და კიდევ ერთი: ყირიმელი თათრების კრების - მეჯლისის - თავმჯდომარის მოადგილემ ილმი უმეროვმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ფრანგი დეპუტატები, რომლებიც ყირიმში ჩავიდნენ რუსეთის - მოსკოვის - გავლით, ყირიმელი თათრების მდგომარეობით არ დაინტერესებულან. ისინი არ შეხვედრიან მათ, ვინც რუსეთის იურისდიქციას ყირიმში არ აღიარებს. უმეროვი ირწმუნება, რომ ფრანგ დეპუტატებს ყირიმელი თათრების წარმომადგენელ მეჯლისთან საუბრის სურვილი არ გამოუხატავთ, ისინი ყირიმის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საბჭოს ვიცე-სპიკერს ესაუბრნენ და ამის მიხედვით გააკეთეს დასკვნები.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG