Accessibility links

logo-print

მორიგი შეთანხმება საბერძნეთის კრიზისის მოსაგვარებლად


ევროკავშირისა და საბერძნეთის დროშები

ევროკავშირისა და საბერძნეთის დროშები

14 აგვისტოს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს საბერძნეთის დახმარების რიგით მესამე პროგრამა, რომელიც 86 მილიარდამდე ევროს (93 მილიარდ დოლარს) მოიცავს.

საბერძნეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს 86 მილიარდამდე ევროს ოდენობის ახალ კრედიტებს, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 14 აგვისტოს გავრცელდა, ევროზონაში შემავალი 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრების ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. მართალია, შეთანხმება ჯერ ყველა ქვეყანაში არ დაუმტკიცებიათ, - მაგალითად, გერმანიისპარლამენტში 19 აგვისტოს გაიმართება ამ საკითხზე კენჭისყრა, - მაგრამ მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ამოქმედდება და საბერძნეთს მალევე მიაწვდიან ახალი დახმარების ნაწილს, 13 მილიარდ ევროს, რათა მან შეძლოს მიმდინარე კვირაში გაისტუმროს ევროპის ცენტრალური ბანკის ვალი.

„სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება და ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება“, - განაცხადა ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გერმანელმა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ.

ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც, სულ რამდენიმე საათით ადრე, საბერძნეთის პარლამენტმა, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, მხარი დაუჭირა დახმარების ახალ პროგრამას. ამასთან, პრემიერ-მინისტრიალექსის ციპრასი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა თავისივე ულტრამემარცხენე პარტია „სირიზას“ წევრების ნაწილისაგან.ეს ხალხი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მომჭირნეობის ზომებს, რომელთა განხორციელებასაც კრედიტორები მოითხოვენ ათენისათვის ფულის მიწოდების სანაცვლოდ.

დახმარების ახალ პროგრამაზე აზრთა სხვადასხვაობა იმდენად მწვავეა, რომ „სირიზას“ განხეთქილებით ემუქრება. ამ დროს, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევკლიდ ცაკალოტოსი ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს დახმარების მესამე პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ:

„ეს შეთანხმება, იმედი გვაქვს, წინ წასწევს საბერძნეთს. საბერძნეთს წინ წასწევს იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო სისტემა ამიერიდან გაცილებით უფრო სტაბილური იქნება. გაიცა ბანკების რეკაპიტალიზაციის დაპირება ისე, რომ მეანაბრეებს არ მოუწევთ წილის გაღება ან სხვა რამის გამო შეშფოთება. ამდენად, ეს პროცესი, რომელიც შეცვლის კაპიტალის კონტროლის უარყოფით ზემოქმედებას, ძალიან მალე დაიწყება და ძალიან მალე დააბრუნებს ბანკებს იქ, სადაც ადრე იყვნენ და, იმედია, გაცილებით უფრო მყარ საფუძველზე“.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მინისტრი ყურადღებას ამახვილებს საკუთრივ საბერძნეთის როლზე უცხოეთიდან დახმარების შედეგად მოსალოდნელ წარმატებაში.

„საბოლოოდ, ის, თუ რამდენად კარგია ეს შეთანხმება, დამოკიდებულია საბერძნეთის საზოგადოების, საბერძნეთის სახელმწიფოს, საბერძნეთის ეკონომიკის, სოციალური აქტორების, ეკონომიკური აქტორების საპასუხო ქმედებაზე. რამდენად კარგია ნებისმიერი შეთანხმება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებ მას. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, ბერძენი ხალხი შეძლებს მიიღოს საუკეთესო შდეგი ამ შეთანხმებით, შეძლებს განახორციელოს რეფორმებიდა შეასუსტოს ყველა უარყოფითი შედეგი, რომელთა შესაძლებლობასაც უდავოდ შეიცავს ეს შეთანხმება“, - განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალოტოსმა მას შემდეგ, რაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პროგრამის დამტკიცებაზე.

დახმარების ამ პროგრამით გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნები ჯერ კიდევ ივლისში გაირკვა, როცა ევროზონის სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის, „გრექსიტის“, თავიდან ასაცილებლად: საბერძნეთს ევალება საპენსიო სისტემის რეფორმა, გადასახადების აკრეფის გაუმჯობესება, შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, ელექტრომომარაგების პრივატიზება, მაღაზიების მუშაობის გახანგრძლივება ... დახმარების უდიდეს ნაწილს ათენი მიიღებს ევროზონის საგანგებო ფონდიდან, რომელსაც „ევროპის სტაბილურობის მექანიზმს“ უწოდებენ.

„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა საბერძნეთში მართლაც ცდილობენ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა დღეს განაცხადა, ქვეყანა ისეთ ახალ გზაზე დააყენონ, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ეკონომიკური ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება. და ამიტომ ევროზონაში, სირთულეების მიუხედავად, ყველანი შევთანხმდით, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი. ამავე დროს, უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე, რადგან დიდია თანხები, რომელთა გაცემასაც ვაპირებთ“, - ამბობს გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე.

თუმცა ბევრს მაინც ეეჭვება, რომ საბერძნეთის დახმარების მესამე პროგრამა მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომლებიც წინა ორმა მრავალმილიარდიანმა დახმარებამ ვერ მოაგვარა. ასე რომ, საბერძნეთის საფინანსო კრიზისსა და მის მოსაგვარებელ ზომებთან ერთად, ამ პროგრამაზე დავაც გრძელდება. აზრთა სხვადასხვაობას საკუთრივ საბერძნეთში პრემიერ-მინისტრის პარტია „სირიზაში“ განხეთქილება და ვადამდელი არჩევნები შეიძლება მოჰყვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG