Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ბელორუსიას შეიძლება სანქციები შეუჩეროს


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბრიუსელმა შეიძლება სანქციები შეუჩეროს მინსკს. არჩევნები ჩატარდა, ის არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მაგრამ ევროკავშირი მაინც ცდილობს იანვრიდან სანქციები შეაჩეროს. ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დროებით შესაჩერებლად, მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც გამოითქვა 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში არლემ დეზირმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც შეხვედრა გამართეს 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იანვრიდან სანქციების ოთხთვიანი გაუქმების შესახებ, რაც, დეზირის სიტყვებით, მოხდება არჩევნების შემდეგ, რომელიც "ჩატარდა გამჭვირვალედ და შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში". 12 ოქტომბერს დეზირმა ლუქსემბურგში განაცხადა, შეჩერება საშუალებას მოგვცემდა, თუ ბელორუსიაში უკანსვლა შევნიშნეთ, კვლავ აგვემოქმედებინა სანქციებიო.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბელორუსიაში დადებით განვითარებას გაუსვა ხაზი და თქვა, მინსკმა გაათავისულა პოლიტიკური პატიმრებიო, თუმცა იქვე დასძინა, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდაო.

„ბელორუსიაში არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგები პრეზიდენტ ლუკაშენკოს სასარგებლოდ არ ყოფილა მოულოდნელი, მაგრამ მოხდა ცვლილებები იმ მხრივ მაინც, თუ რა პირობებში ჩატარდა ეს არჩევნები. არჩევნების წინ გაათავისუფლეს პოლიტიკური პატიმრები. რამდენადაც ბერლინიდან შეგვეძლო თვალყური მიგვედევნებინა, არ ყოფილა ისეთი რეპრესიები, როგორიც ადრინდელი არჩევნების დროს იყო“, თქვა შტაინმაიერმა და დასძინა, იმის მიხედვით, რას გვამცნობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი, ვიმსჯელებთ პირობებზე, რომელთა მიხედვითაც ბელორუსიას სანქციებს შევუჩერებთო.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსიისპრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ამ ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, მეხუთე ვადით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის 84 პროცენტით. ტატიანა ტარატკევიჩმა, მეორე ადგილზე გასულმა ოპოზიციური გაერთიანება "ჰავარი პრავდუს" (თქვი სიმართლე) წარმომადგენელმა, ხუთ პროცენტამდე ამომრჩეველი მიიმხრო. ეუთოს მისიამ გააკრიტიკა ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა კენტ ჰასტედმა განაცხადა: არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს; ცხადია, ბელორუსიას წინ გრძელი გზა აქვს დემოკრატიის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე; მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ტენდენციისა, ბელორუსიის ხელისუფლებმა შექმნეს „აგიტაციისთვის არათანასწორი პირობებიო“. მან განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოხატა ნაკლოვანებების გამო ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების დათვლის დროს.

მინსკში მოქმედი ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის - „ვიასნას“ -ხელმძღვანელის მოადგილემ ვალენტინ სტეპანოვიჩმა სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატების ამ არათანასწორ პირობებზე ილაპარაკა:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცედურის შეფასება და ის, რომ საარჩევნო პროცესში ყველა კანდიდატისთვის თანასწორი პირობები იყოს. მათი შესაძლებლობები რომ არ იყო თანასწორი, ეს აშკარაა, განსაკუთრებით აგიტაციის პერიოდში, განსაკუთრებით ელექტრონულ მასმედიაში მათი გაშუქების მხრივ“.

ბელორუსიის არჩევნების გამო იმედგაცრუება გამოხატა აშშ-მაც და განაცხადა, რომ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ვერ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულება, კენჭისყრა ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარტ ტონერმა თქვა, რომ საერთაშორისო მეთვალყურეებმა შენიშნეს „სერიოზული პრობლემები 11 ოქტომბრის არჩევნების დროს. არჩევნებში გამარჯვებულ ალექსანდრ ლუკაშენკოს გულწრფელი აღიარებასავით გამოუვიდა, რომ რასაც მიაღწია, მხოლოდ დასავლეთის თვალის ასახვევად მიაღწია. მან კენჭისყრის შემდეგ განაცხადა: „ყველაფერი, რაც სურდათ, ყველაფერი, რაც დასავლეთს სურდა, ყველაფერი, რაც დასავლეთს უნდოდა, რომ ენახა საპრეზიდენტო არჩევნებზე, გულწრფელად გეუბნებით, ეს ყველაფერი გავაკეთეთ“.

რომ ყველაფერი გააკეთეს, მართლაც ლუკაშენკოს შთაბეჭდილებაა, რადგან საერთაშორისო მეთვალყურეები, სხვათა შორის, უჩივიან მინსკს, რომ ისინი და ადგილობრივი მეთვალყურეები არ დაასწრეს ბიულეტენების დათვლას, საარჩევნო კომისიაში არ შეუყვანიათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი წევრები. ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ 10 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ხმის უფლების მქონეთა 36-მა პროცენტმა უკვე წინა დღით მიღო მონაწილეობა არჩევნებში. ოპოზიციის თანახმად, ზეწოლა ხდებოდა სამოქალაქო პირებზე, საავადმყოფოების პაციენტებზე, ასევე სტუდენტებზე. ბელორუსიის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარემ ალეჰ ჰულაკმა ჟურნალისტებს 12 ოქტომბერს მინსკში უთხრა, მიუხედავად გარკვეული უკეთესობისა, მანც იყო პრობლემები და დარღვევებიო. ჰულაკი თავისი ქვეყნისთვის მახასიათებელ ერთი ფაქტორსაც შეეხო:

„კი, ზოგიერთი კანდიდატი, როცა პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას წარადგენდა, მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ მოქმედი პრეზიდენტისთვის. ეს ცოტა გასაკვირია, მაგრამ ასეთია ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა“. ამ სპეციფიკური ქვეყნის დაახლოებით 140 მოქალაქეს - მათ შორის, ლუკაშენკოს - ევროკავშირმა შეიძლება სანქციები შეუჩეროს, რისკენაც, როგორც ზემოთ ითქვა. ლუქსემბურგში გადადგა ნაბიჯი. ოქტომბრის ბოლოს, როცა სანქციებს ვადა გაუდის, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ბელორუსია რჩება რუსეთის პარტნიორად ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელიც ევროკავშირის საპირისპირო გაერთიანებაა, თუმცა მოსკოვი და მინსკი ხშირად კინკლაობენ ვაჭრობის სფეროში და მათი ურთიერთობა შეიცვალა უკრაინაში კრემლის პოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG