Accessibility links

logo-print

კონსერვატიული ოპოზიციის ტრიუმფი პოლონეთში


იაროსლავ კაჩინსკი და ბეატა შიდლო

იაროსლავ კაჩინსკი და ბეატა შიდლო

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტიამ, კონსერვატიულმა „სამართალმა და სამართლიანობამ“. რას მოასწავებს ეს სიახლე ვარშავის პოლიტიკისათვის?

ერთი მხრივ, ნაციონალისტური რიტორიკის გაძლიერება, მეორე მხრივ - მემარცხენე კურსი ეკონომიკურ პოლიტიკაში. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ რვაწლიანი ოპოზიციური საქმიანობიდან და წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, ეს ორი ტენდენცია გარდაუვლად არის მიჩნეული პოლონეთში, ახალი მთავრობის პირობებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 25 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, კონსერვატიულ ოპოზიციურ პარტია „სამართალსა და სამართლიანობას“ ერგო ხმების 37,6 %, ხოლო მმართველ პარტიას, ცენტრისტულ ლიბერალურ „სამოქალაქო პლატფორმას“ - 24,1 %. ექსპერტები განმარტავენ, რომ კენჭისყრის ეს შედეგი „სამართალს და სამართლიანობას“ ანიჭებს აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში, რაც პირველად ხდება პოლონეთში 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ასე რომ, პარტია, რომელსაც სათავეში უდგას იაროსლავ კაჩინსკი, - 2010 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, ტყუპის ცალი ძმა, - ტრიუმფით ბრუნდება ხელისუფლების სათავეში, ოპოზიციაში გატარებული რვა წლის შემდეგ.

„ხელს ვუწვდით ყველას, ვისაც პოზიტიური ცვლილება სურს, სურს პოლონეთის შეცვლა“ - ეს სიტყვები, რომლებიც იაროსლავ კაჩინსკიმ 25 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგების შეტყობის შემდეგ წარმოთქვა, კომპრომისისა და თანამშრომლობისათვის მზაობაზე მიანიშნებს. არადა, იაროსლავ კაჩინსკი შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ცნობილია სწორედ თავისი კონფრონტაციული რიტორიკით დარამდენად უხეში განცხადებების გაკეთება შეუძლია, კარგად ჩანს მისი ბოლოდროინდელი გამონათქვამით მიგრანტთა საკითხზე. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კაჩინსკიმ თქვა, რომ ლტოლვილებს ქოლერა, დიზენტერია და პარაზიტები ჩააქვთ ევროპაში...

პოლონეთშიც და უცხოეთშიც ბევრის აღშფოთება გამოიწვია ამ განცხადებამ,თუმცა, მთლიანობაში, პოლონეთში „სამართალმა და სამართლიანობამ“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის გული მოიგო იმიგრაციის საკითხში უარყოფითი პოზიციით. კაჩინსკის აზრით, ვარშავა ფინანსურად უნდა დაეხმაროს ევროკავშირს კრიზისის მოგვარებაში, მაგრამ თავის ტერიტორიაზე არ უნდა მიიღოს ლტოლვილები. ამ პოზიციას, სხვადასხვა გამოკითხვით, პოლონელების 60 %-მდე ეთანხმება.

საყურადღებოა, რომ თავად იაროსლავ კაჩინსკი არ აპირებს პრემიერ-მინისტრობას. მთავრობას უხელმძღვანელებს პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ თავმჯდომარის, ანუ კაჩინსკის, მოადგილე ბეატა შიდლო.

„ამ დიდ წარმატებას ვუმადლით თანმიმდევრულობას, შრომას და პოლონელების სწორად გაგებას, რადგან ჩვენ, უბრალოდ, ისეთივე ვართ, როგორიც ჩვენი თანამემამულეები არიან. ჩვენ არ მოვწყვეტივართ რეალობას, არამედ მივდიოდით იქ, სადაც ხალხს ძალიან ხშირად უჭირს, სადაც ხალხს მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. ვაღწევდით წარმატებებს, მაგრამ ხელი არავისთვის გვიკრავს. და ეს არის ჩვენი უდიდესი კაპიტალი! არ შეიძლება ამის დავიწყება ახლა, როცა წარმატებას ვზეიმობთ“, - განაცხადა პოლონეთის სავარაუდო მომავალმა პრემიერ-მინისტრმა 25 ოქტომბერს.

განვლილი რვა წლის მანძილზე, ანუ პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ მმართველობის წლებში, პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა გახდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად - ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომელსაც რეცესია არ განუცდია 2008 წლის საფინანსო კრიზისის შემდეგ. ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთის ეკონომიკა 50 %-მდე გაიზარდა. რამდენად გაიზარდა მისი პოლიტიკური წონა და გავლენა, ჩანს თუნდაც იმ გარემოებით, რომ პოლონეთია აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც დგას ევროკავშირის ლიდერების რიგში. ეს არის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი - პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “სამოქალაქო პლატფორმის” ყოფილი ლიდერი.

„სამოქალაქო პლატფორმის“ მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სამართალი და სამართლიანობა“ ახლა ბევრ ცვლილებას გეგმავს - არა მარტო მიგრანტთა საკითხში კურსის გამკაცრებას, არამედ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერებას, ახალი გადასახადების დაწესებას, აბორტის შესახებ კანონის გამკაცრებას და სხვა. ის ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მხარს უჭერს ნატოს როლის გაძლიერებას, უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ არავინ მოელის პრინციპულ სიახლეს. საქართველოსთან მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა პოლონეთის საგარეო პოლიტიკის უცვლელ შემადგენელ ნაწილად რჩება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG