Accessibility links

ჩერნოგორია, ყოფილი იუგოსლავიის წევრი რესპუბლიკა, 2006 წლის 3 ივნისიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საქართველოში მას მონტენეგროსაც უწოდებენ, როგორც მრავალ სხვა ენაზე. ევროკავშირი 2012 წლიდან აწარმოებს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებას გაწევრიანების შესახებ, თუმცა ჩერნოგორია ბოლო ხანს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ნატოსთან ურთიერთობის გამო. 2 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ალიანსში ჩერნოგორიის ოფიციალურად მიწვევაზე. ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი, რომ მოსკოვი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებასაც, ვერ შეაჩერებს ალიანსის გაფართოებას?

ჩერნოგორიისათვის ნატოს წევრობის შეთავაზებას მოსკოვში აღშფოთება მოჰყვა - შესაძლოა, ზედმეტად მკვეთრი რეაქცია იმის გათვალისწინებით, რომ ჩერნოგორიის მოსახლეობა სულ 600 ათასამდე ადამიანია, მისი არმია კი 2 000-მდე ჯარისკაცს ითვლის.

შესაბამისად, ნატო შესაძლოა დიდ სამხედრო ძალას არ იძენდეს მის რიგებში ახალი წევრის ჩადგომით, მაგრამ ექსპერტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სიგნალი, რომელსაც ალიანსის ეს ნაბიჯი გზავნის.

„ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელმაც ნატოს წევრი სახელმწიფოები დაარწმუნა (ჩერნოგორიის) მოწვევის საჭიროებაში, არის სწორედ მოსკოვისათვის მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთი ვერ გაყოფს ევროპას გავლენის სფეროებად, რომ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა, მიეკუთვნებოდეს მისთვის სასურველ ინსტიტუტებს, რომ სუვერენული უფლება წმიდათაწმიდაა“, - უთხრა ჯონათან ეალმა, ლონდონში დაფუძნებული „თავდაცვის კვლევათა სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტის“ დირექტორმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჩარლ რეკნაგელს.

ეალი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩერნოგორიას ნატოში გაწევრიანება შესთავაზეს ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა რეაგირება კიევის ნაბიჯებზე დასავლეთთან დასაახლოებლად. რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე დახმარებას უწევს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელმაც უკვე 7 900-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თავის მხრივ, ეს ნაბიჯები შეშფოთებას იწვევს ნატოს წევრებში, რომლებიც რუსეთის მეზობლად მდებარეობენ. ამიტომ ჩერნოგორიის ალიანსში მიწვევა მიჩნეულია სიგნალად ამ ქვეყნებისთვისაც, რომ ნატო არ თმობს პოზიციებს რუსეთის აგრესიული კურსის ფონზე.

ჩერნოგორიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სხვა მხრივაც მნიშვნელოვან სიგნალად მიიჩნევს კარნეგის ევროპის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ჯუდი დემპსი: „ნატოს ეს ნაბიჯი ნამდვილად გზავნის სიგნალს, რომ ალიანსი განაგრძობს ახალი წევრების მიღებას და რომ მისი გაფართოების პოლიტიკა არ შეჩერდება. ეს ნატოს, ვფიქრობ, ასევე უძლიერებს შეგრძნებას, რომ უსაფრთხოების მხრივ უკეთესი პოზიცია აქვს ევროპის ამ რეგიონში. და მესამეც: ვფიქრობ, ეს დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებსაც უგზავნის სიგნალს, რომ ნატოს წევრობა შესაძლოა მათთვისაც მომავალში შესაძლებელი იყოს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს, ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ბოსნია, მაკედონია და საქართველოც აღწევენ წინსვლას ნატოში გაწევრიანების გზაზე...

ახლა საკითხავია, როგორ მოახდენს რუსეთი რეაგირებას ნატოს ნაბიჯზე. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკვე თქვა, რომ ნატოს მორიგ გაფართოებას არ შეიძლება არ მოჰყვეს რეაქცია აღმოსავლეთიდან, ანუ, რუსეთიდანო.

მოსკოვის ერთ-ერთ შესაძლო რეაქციად მოელიან ჩერნოგორიაზე გავლენის გაძლიერებას, რათა გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. გავლენის ბერკეტი კი შესაძლოა იყოს მასშტაბური ინვესტიციები ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყანაში: ჩერნოგორიაში რუსეთის ათასობით მოქალაქეს აქვს შეძენილი სახლები, ჩართულია ბიზნესში, უწინარეს ყოვლისა, უძრავი ქონებით ვაჭრობაში.

ამავე დროს, მოსკოვმა შესაძლოა საპროტესტო აქციების ხელშეწყობით სცადოს მიაღწიოს ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის, მთავრობის გადადგომას. სხვათა შორის, ნატოს განცხადებას, რომ ჩერნოგორიას იწვევს თავის რიგებში, წინ უსწრებდა დემონსტრაციები ჯუკანოვიჩის გადადგომის მოთხოვნით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ჩერნოგორიის მოსახლეობა დაახლოებით თანაბრად არის გაყოფილი ნატოსთან მიერთების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ნატოში მის ოფიციალურად გაწევრიანებამდე წელიწად-ნახევარი მაინც რჩება.

ზოგი ექსპერტის აზრით, მოსკოვის მთავარი ძალისხმევა მაინც სერბიაზე გავლენის შენარჩუნებისაკენ იქნება მიმართული. „გაძლიერდება სერბიაზე ზეწოლა, რათა არ დაუშვან ანალოგიური პროცესი, სერბიის ინტეგრაცია არსებულ ინსტიტუტებში. ეჭვი მაქვს, რომ ვიხილავთ რუსეთის მეტ მცდელობას ბალკანეთი გაყოს გავლენის დასავლურ და ეგრეთ წოდებულ რუსულ სფეროებად“, - ამბობს ექსპერტი ჯონათან ეალი. მისი განმარტებით, რუსეთისთვის სერბიას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ბალკანეთში ერთ-ერთი უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა. შესაბამისად, სანამ სერბია არ იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ძნელი წარმოსადგენია ბალკანეთის, როგორც ევროპის ნაწილის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკურად განვითარება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG