Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ულტრამემარჯვენეები რეგიონული ხელისუფლების გარეშე დარჩნენ


საარჩევნო პლაკატები საფრანგეთში

საარჩევნო პლაკატები საფრანგეთში

ახალი ევროპის თემაა საფრანგეთში კვირას გამართული რეგიონული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა ფრონტმა“ და მისმა ლიდერმა მარინ ლე პენმა, რომლებიც პირველი ტურის ლიდერები იყვნენ, ვერც ერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვეს. მარინ ლე პენიმის დამარცხებას საფრანგეთის მმართველი სოციალისტური და ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კონსერვატიული პარტიების შეთქმულებით ხსნის და აცხადებს, რომ მას ვერაფერი შეაჩერებს. კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს საფრანგეთში ჩატარებული რეგიონული არჩევნების თავისებურებებზე.

საფრანგეთის კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ პარტიას, რომელსაც პირველ ტურში 10% მაინც ერგო, აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი კანდიდატები ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდში. ამიტომ, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება, პოლიტიკურ ძალას არასოდეს აძლევს თავის დამშვიდების საშუალებას, რასაც საფრანგეთის ულტრამამარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ ისტორია, კიდევ ერთხელ ადასტურებს. პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც 6 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში 28 %-ით ყველა რეგიონში ლიდერობდა, არჩევნების განმეორებით ტურში დამარცხდა. პირველობა კი ერგო კონსერვატიულ პარტიას, რომლის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზი, არჩევნების მეორე ტურის წინ საკუღა მომხრეებს მობილიზებისაკენ მოუწოდებდა და მიანიშნებდა იმ საფრთხეზე, რაცქვეყანას დაემუქრებოდა ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ გამარჯვებით, რომელიც იმიგრაციის შეზღუდვას და საფრანგეთის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უჭერს მხარს,

“მეორე რაუნდის წინ ჩვენი კანდიდატების ასეთი მობილიზება არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, დავივიწყოთ ის გაფრთხილებები, რომლებიც რეგიონული არჩევნების პირველი რაუნდის დროს, ჩვენი ჩათვლით ყველა პოლიტიკოსმა მიიღო.“

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, დიდი ნახტომი გააკეთა და მეორე ადგილზე გავიდა მმართველი სოციალისტური პარტია, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უდგას სათავეში. ნიშანდობლივია, რომ სოციალისტებმა მხოლოდ 23 %-ი მოიპოვეს 6 დეკემბერს გამართულ პირველი ტურის კენჭისყრაში, რომელიც საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარიზში ტერაქტების შედეგად 130 ადამიანის დაღუპვიდან სამი კვირაში გაიმართა. 13 დეკემბერს მმართველმა პარტიამ უკეთ შეძლო მის მომხრეების მობილიზება და საარჩევნო კამპანიაც, ულტრამემარჯვენეთა კრიტიკაზე ააგო.

აი რა განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა 13 დეკემბერს პარიზელთა მიმართვის დროს.

„ამ საღამოს არ არის დამშვიდების, ტრაბახის და გამარჯვების მაუწყებელი შეტყობინებების დრო. ჯერ არ გაუვლია იმ საფრთხეს, რაც ულტრამემარჯვენეებმა შექმნეს. მე არ დავივიწყებ პირველი რაუნდისა და წინა არჩევნების შედეგებს.“

მარინ ლე პენი

მარინ ლე პენი

​საბოლოო ჯამში, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგად „სოციალისტები“ მეორე ადგილზე გავიდნენ. საფრანგეთის ამჟამინდელი ლიდერის მომხრეები ლიდერობენ ქვეყნის ხუთ რეგიონში. 13 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვებული ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ საფრანგეთის შვიდ რეგიონში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 6 დეკემბრის არჩევნების შემდეგ საკუთარი კანდიდატები მოხსნა ორ რეგიონში, რათა მის მომხრეებს მხარი კონსერვატორებისათვის დაეჭირათ და არ დაეშვათ ულტრამამარჯვენეების გამარჯვება. „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარ ლე პენმა მეტოქეები, ბინძური ხერხებით ბრძოლასა და „დეზინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მიმაჩნია, რომ არჩევნების დღეს, ყველამ უნდა მისცეს ამომრჩეველს არჩევების უფლება. მე არ შევუდგები წინასწარმეტყველებას და არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ. უბრალოდ მჯერა, რომ ფრანგები არავის მისცემენ უფლებას, რომ მოიპარონ მათი იმედები იმ უზარმაზარი ძალადობის კამპანიით, ცილისწამებითა და დაშინებით, რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალისტები და კონსერვატორები ეწევიან.“

თუმცა, როგორც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურმა ცხადყო. საბოლოო ჯამში „ეროვნულმა ფრონტმა“ ვერც ერთი რეგიონი ვერ მოიგო, ხოლო მისი ლიდერი მარინ ლე პენი კი ნორ პა-დე-კალეშიც დამარცხდა „რესპუბლიკელ“ კანდიდატთან ბრძოლაში. მარინ ლე პენი „ეროვნულ ფრონტს“ 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი აქტიურად ემხრობა იმიგრაციის შეზღუდვას და მხარს უჭერს საფრანგეთის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. მარინ ლე პენმა აღიარა 13 დეკემბრის განმეორებით არჩევნებში დამარცხება, თუმცა პირობა დადო, რომ იგი მის მომხრეებთან ერთად იბრძოლებს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. ამჟამინდელი რეგიონული ხელისუფლების არჩევნები ერთგვარ რეპეტიციად ითვლება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც საფრანგეთში 2017 წელს ტარდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG