Accessibility links

სავალუტო ფონდმა დროებით შეაჩერა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი

უკრაინის ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დროებით შეაჩერა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება - მანამ, ვიდრე არ გარკვეულა, შეინარჩუნებს თუ არა პოზიციებს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა. ეს განცხადება იარესკომ 8 თებერვალს, უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.
გასულ კვირაში უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, აივარას აბრომავიჩუსის მოულოდნელი გადადგომა და ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს გუშინდელი განცხადება მიანიშნებს, რომ პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის უკრაინის ურთიერთობას კრედიტორებთან. არადა, ამ უკანასკნელთა დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისთვის.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის მთავრობის მიმართ მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების გამო ბევრი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მთავრობის კაბინეტში მალე სერიოზული ცვლილებები მოხდება. ვარაუდობენ იმასაც, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი, შესაძლოა, პარლამენტშიც წამოიჭრას.

კიევი შარშანდელი ოქტომბრიდან მოელის სავალუტო ფონდისგან 40-მილიარდდოლარიანი კრედიტის მორიგ ტრანშს. მაგრამ დახმარების გამოყოფა უშუალოდ უკავშირდება უკრაინაში ეკონომიკის მომძლავრებისა და კორუფციის შემცირებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებას. რეფორმების არადამაკმაყოფილებელმა მასშტაბმა და ტემპმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჯერ კიდევ სამთავრობო კრიზისის გამწვავებამდე გადააწყვეტინა, დროებით შეეჩერებინა კიევისთვის გამოყოფილი თანხის მესამე, 1,7-მილიარდიანი ტრანშის გადახდა.

8 თებერვალს, უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ნატალია იარესკომ აღნიშნა, რომ კიევს მაღალი საფასურის გადახდა უწევს ქვეყანაში შექმნილი კრიზისისთვის, რომელიც ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, აივარას აბრომავიჩუსის გადადგომამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ თავისი მოულოდნელი გადადგომის მიზეზად აბრამოვიჩუსმა, წარმოშობით ლიტველმა პოლიტიკოსმა, უკრაინის მმართველი პარტიის რიგებში გამეფებული კორუფცია დაასახელა. მან დასძინა, იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ქვეყანაში მკვეთრად იმატა „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვის მცდელობებმაო“. აბრამოვიჩუსის გადადგომას მყისვე მოჰყვა შეშფოთებული რეაქცია უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისგან. ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გასულ კვირაშივე შეხვდა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ელჩებს და სცადა, გაექარწყლებინა მათი შეშფოთება.
ორშაბათს, ტელეკომპანია ICTV-ის გადაცემა „სიტყვის თავისუფლებაში“ სტუმრობისას, ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განაცხადა, მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, მაგრამ მორიგ ტრანშს არ გადმოგვირიცხავს, ვიდრე არ გაირკვევა, დარჩება თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობაო:

„ისინი დაიცდიან მანამ, სანამ გაირკვევა, როგორი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება და გაირკვევა ისიც, იკისრებს თუ არა ეს აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმ პირობების შესრულებისთვის, რომელთა საფუძველზეც გამოგვეყო 6,7 მილიარდი დოლარი და, ალბათ, მალევე უნდა გადმოგვერიცხოს შემდეგი ტრანშიც - 1,7 მილიარდი“, თქვა იარესკომ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა-განმკარგულებელმა კრისტინ ლაგარდმა აბრამოვიჩუსის გადადგომას „შემაშფოთებელი“ უწოდა, თუმცა არ უხსენებია რაიმე შესაძლო ცვლილებები სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისთვის შემუშავებულ დახმარების პროგრამაში. საერთაშორისო დონორების დახმარება კი, როგორც ზემოთაც ითქვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დასუსტებული ეკონომიკისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG