Accessibility links

ბრიუსელის კომპრომისი, ბელორუსიის ოპოზიციის უკმაყოფილების ფონზე


ბელორუსიის ოპოზიციის აქტივისტი

ბელორუსიის ოპოზიციის აქტივისტი

15 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი გააუქმონ. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა ბელორუსიის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მინსკი, „შერბილების პოლიტიკის“ პასუხად, არაფერს შეცვლის და ლუკაშენკოც კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ავტორიტარული სტილით მართვას.

15 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე, მოლდავეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ბელორუსიის მიმართ არსებული ეკონომიკური სანქციების ბედზე მსჯელობდნენ.

და მაინც, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო ბელორუსიის სანქციების საკითხი.

ბრიუსელსა და მინსკს შორის ბოლო ხანს მომხდარი „დათბობის“ ფონზე, გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირმა 170 ბელორუსი მოხელისა და სამი კომპანიის მიმართ დროებით შეაჩერა სანქციები, რომლებიც ბრიუსელმა მინსკს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების რეპრესიების პასუხად დაუწესა. ამის კვალობაზე, 15 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი გააუქმონ.

ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის მიერ მიღწეულ კონსენსუსს „მნიშვნელოვანი“ უწოდა:

„თვალნათელია გარკვეული პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში, რაც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენთვის, ევროპელებისათვის, სტაბილურობას ყოვლისმომცველი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სამეზობლო პოლიტიკაში. კარგი, მეგობრული ურთიერთობა მეზობლებთან ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ვფიქრობ, რომ ბელორუსიაც უნდა იყოს იმით დაინტერესებული, რომ რეგიონში, ასე ვთქვათ, დაბალანსებული პოლიტიკური რეპუტაცია ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მივესალმები ასეთ შედეგს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბოსნია-ჰერცეგოვინის მსგავსად, მომავალში კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“.

ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

ვიდრე ასეთ რეპუტაციას მიაღწევდეს, მინსკის მიმართ ძალაში დარჩება იარაღის ემბარგო. ასევე, ერთი წლით გახანგრძლივდა სანქციების მოქმედება იმ ოთხი ბელორუსი მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბელორუსიის ოპოზიციის აქტივისტთა ათი წლის წინანდელ გაუჩინარებაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სანქცია 2004 წელს იყო დაწესებული და მათი მიზანი მინსკის დასჯა იყო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუმცა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ დასავლეთის გული მოიგო აგვისტოში პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და უკრაინის ირგვლივ მოლაპარაკებისთვის მასპინძლობის გაწევით. მაგრამ მაინც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი აპირებს მინსკში ჩავიდეს, რათა პროგრესის არსებობაში ადგილზე დარწმუნდეს:

„ცხადია, ბელორუსიის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილობრივ გაუქმება ექსპერიმენტია. როგორც ბელორუსიის მეზობლები, ჩვენ კმაყოფილი ვართ, რადგან გვჯერა, რომ ეს გააუმჯობესებს ჩვენს მეზობლურ ურთიერთობებს. ვგეგმავ ბელორუსიაში გამგზავრებას და იმის ნახვას, არის თუ არა იქ გარკვეული პროგრესი, აქვს თუ არა ბელორუსიას გადაწყვეტილი ევროკავშირთან და, პირველ ყოვლისა, პოლონეთთან თანამშრომლობა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირში ბელორუსიის უახლოესი მეზობლები ვართ“.

გაამართლებს თუ არა ეს ექსპერიმენტი ქვეყანაში, რომელსაც აშშ-ის მიერ „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ წოდებული ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს, მალე გამოჩნდება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება ბელორუსიის მიმართ არსებული სანქციების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე 1 მარტს შედის ძალაში. ეს ნაბიჯი ითვალისწინებს ბელორუსიასთან ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს მინსკს, რომ „სრულად აღადგინოს ყოფილი პოლიტპატიმრების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; უზრუნველყოს შეკრებების და გამოხატვის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეუზღუდავი რეგისტრაციისა და საქმიანობის უფლება. და ვიდრე ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა, ბრიუსელი მიიჩნევს, რომ უნდა შენარჩუნდეს სანქციები, როგორც მინსკთან ურთიერთობის ერთ-ერთი ელემენტი.

„ბელორუსიასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ სანქციებზე. ჩვენი აზრით, ისინი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მათ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია შედეგი. აშკარაა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. თუმცა ვფიქრობთ იმასაც, რომ სანქციები მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტი უნდა იყოს ბელორუსიასთან, როგორც ჩვენს პარტნიორთან, შემდგომი ურთიერთობისა და მუშაობის. ამიტომ ახლა მივაღწიეთ კომპრომისს, რომლის მიხედვით ჩვენ, ევროპის კავშირმა, უნდა შევინარჩუნოთ ცალკეული სანქციები და ვიმსჯელოთ ბელორუსიასთან უფრო ფართო, სტრატეგიული მნიშვნელობის, თანამშრომლობაზე“, განაცხადა 15 თებერვალს ბრიუსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა.

რუსეთი მიესალმა ევროკავშირის საგარეო-საქმეთა მინისტრების 15 თებერვლის გადაწყვეტილებას, რასაც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უწოდა „ძალიან პოზიტიური“ ნაბიჯი , რამაც, რუსი მოხელის თქმით, „კიდევ ერთხელ დაადასტურა სანქციების აბსოლუტური უაზრობა“.

ამ საყოველთაო მოწონების ფონზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ უკმაყოფილო მხარეც ჰყავს. ეს არის ბელორუსიის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მინსკი, ასეთი „შერბილების პოლიტიკის“ პასუხად, არაფერს შეცვლის და ლუკაშენკოც კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ავტორიტარული სტილით მართვას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG