Accessibility links

logo-print

პრინციპი „ერთი-ერთზე“, როგორც მიგრანტთა კრიზისის გასაღები


აჰმეთ დავუთოღლუ და დონალდ ტუსკი

აჰმეთ დავუთოღლუ და დონალდ ტუსკი

7 მარტს, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ შესაძლო გარიგების პროექტზე, რაც, სოლიდური დაფინანსების სანაცვლოდ, ევროპიდან თურქეთში ათასობით მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევას მხარეები აპირებენ 17 მარტისათვის დანიშნულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე.

ბრიუსელში 7 მარტს გამართული ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოო შეთანხმებისაკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს თურქეთის მიერ ბოლო მომენტში შეთავაზებულ წინადადებას, რაც, ევროკავშირის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი ერთი დევნილის სანაცვლოდ, ერთი არალეგალი მიგრანტის უკან, თურქეთში, დაბრუნებას ითვალისწინებს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამ პრინციპს უწოდეს „ერთი-ერთზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადების გეგმად ქცევას გარკვეული მუშაობა დასჭირდება, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა თურქეთის წინადადება „გარღვევად“ შეაფასეს.

უფრო მეტიც, დონალდ ტუსკმა, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში პირადად აზუსტებდა თურქეთის ხელისუფლებასთან მომავალი შეთანხმების დეტალებს, ოპტიმისტურად განაცხადა, ევროპაში არალეგალური მიგრაციის დღეები დათვლილიაო:

„მივესალმებით ახალ თამამ წინადადებებს, რომლებიც კრიზისის მოსაგვარებლად 7 მარტს შემოგვთავაზა თურქეთმა. შევთანხმდით ვითანამშრომლოთ შემდეგი პრინციპების საფუძველზე: უკან იქნება დაბრუნებული თურქეთის გავლით საბერძნეთის კუნძულებზე არალეგალურად გადასული ყველა ახალი მიგრანტი; დაჩქარდება სავიზო ლიბერალიზაციის საგზაო რუკის განხორციელება შენგენის ზონაში სამოგზაუროდ მიმავალი თურქეთის მოქალაქეებისთვის; დაჩქარებული წესით მოხდება ადრე დაპირებული 3 მილიარდი ევროს გადახდა და გამოიყოფა დამატებითი დაფინანსება სირიიდან დევნილი პირებისთვის თავშესაფრების მოსაწყობად; დაიწყება მზადება იმისთვის, რომ ახალი ფურცელი გადავშალოთ მიმდინარე მოლაპარაკებაში, რომელიც ეხება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე შემოტანილ განაცხადს; შეიქმნება პირობები სირიაში ისეთი ზონების შესაქმნელად, რომლებიც უფრო უსაფრთხო იქნება; დაბოლოს, მოხდება სირიელი დევნილების განსახლება პრინციპით ‘ერთი-ერთზე’“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია თურქეთისათვის სირიელი დევნილების დაბინავების სანაცვლოდ დაპირებული დამატებითი ფინანსური დახმარების მოცულობა, ბრიუსელი თანახმაა, რომ თურქეთის მოქალაქეებისათვის უკვე ივნისის ბოლოსათვის შემოიღოს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება იმ პირობით, რომ ანკარა შეცვლის თავის სავიზო პოლიტიკას ისლამურ ქვეყნებთან და შემოიღებს გაყალბებისაგან უფრო მეტად დაცულ ბიომეტრულ პასპორტებს.

ბალკანეთის მარშრუტით, რომლითაც ევროპაში მოსახვედრად სარგებლობენ მაკედონიისა და სერბიის გავლით თურქეთიდან საბერძნეთში ზღვით წასული უკანონო მიგრანტები, შენგენის ზონაში გასულ წელს 880 ათასი დევნილი მოხვდა ახლო აღმოსავლეთიდან და სირიიდან. მიმდინარე წლის ორ თვეში მათ კიდევ 132 ათასი დევნილი შეემატა.

ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე ბრიუსელში მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ დევნილთა კრიზისის მოსაგვარებლად „ერთი-ერთზე“ პრინციპზე შეთანხმება ცვლის თამაშის წესებს, რაც შემდგომში ხელს ააღებინებს ევროპაში გამგზავრებისაგან არალეგალ მიგრანტებს, დარტყმას მიაყენებს ტრეფიკინგს და იხსნის ადამიანების სიცოცხლეს:

„მივაღწიეთ, როგორც უკვე აღვნიშნე, თამამ გადაწყვეტილებას, უკან მივიღოთ ევროკავშირში თურქეთიდან არალეგალურად გადასული ყველა მიგრანტი, განურჩევლად მათი წარმომავლობისა. ჩვენ მივიღებთ მათ იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთის კუნძულებზე გადასული სირიელებიდან ნახევარს თურქეთი უკან დაიბრუნებს, ხოლო მეორე ნახევარს ევროპა მისცემს თავშესაფარს, „ერთი-ერთზე“ პრინციპით“.

როგორც ზემოთ ითქვა, ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე შეთანხმებული პრინციპების განხორციელებას გარკვეული მუშაობა სჭირდება. პირველ ყოვლისა, უნდა შეწყდეს თურქეთიდან, ეგეოსის ზღვის გავლით, მიგრანტთა ახალ-ახალი ნაკადების ჩასვლა საბერძნეთში. ნოემბრის თვეში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ანკარა შეთანხმდნენ ზომებზე, რომელმაც უნდა შეამციროს მიგრანტთა ნაკადი თურქეთში მათი განთავსებისათვის გამოყოფილი თანხის სანაცვლოდ. ამ კუთხით თურქეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ბრიუსელი კვლავაც უკმაყოფილოა იმით, რომ თავშესაფრის მაძიებლები უწყვეტ ნაკადად მიედინებიან ევროპისაკენ. ყოველდღიურად თურქეთიდან, საბერძნეთის გავლით, 2 000-მდე მიგრანტი ჩადის ევროპაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიგრანტთა ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ამ კრიზისის მოგვარებაში, თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსიც ჩაება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 7 მარტს ცალკე გამართა შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან და ისაუბრა იმ საზღვაო ოპერაციაზე, რომელიც როგორც საბერძნეთის, ისე თურქეთის ტერიტორიული წყლების მონიტორინგს ითვალისწინებს, ეგეოსის ზღვაში ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით.

სტოლტენბერგის თქმით, ბრიტანეთი და საფრანგეთი სამხედრო გემებს გაგზავნიან ეგეოსის ზღვაში მიმდინარე ნატოს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG