Accessibility links

logo-print

როგორ გადაწყდება მაკედონიის პრობლემები


საპროტესტო გამოსვლები მაკედონიაში

საპროტესტო გამოსვლები მაკედონიაში

ევროკავშირმა მაკედონიის ლიდერები მოსალაპარაკებლად მოიწვია, რათა გადაწყვიტონ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. შეხვედრა 22 აპრილს უნდა გაიმართოს.

მაკედონიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დედაქალაქ სკოპიეში 12 აპრილს მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უკვე 2 წელიწადზე მეტია, გრძელდება.

ევროკომისიის წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა დაპირისპირებულ პარტიებს შესთავაზა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ვენაში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად.

„შეხვედრის მიზანი იქნება, განვიხილოთ, როგორ გადავჭრათ კრიზისი და დავრწმუნდეთ, რომ ლიდერები განაგრძობენ „პრჟინოს შეთანხმების“ შესრულებას“, - განუცხადა კოჩიანჩიჩმა სააგენტო „ფრანს პრესს“ 18 აპრილს და დასძინა, რომ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას განიხილავენ ასევე პრიორიტეტებს რეფორმების სფეროში.

ე.წ. “პრჟინოს შეთანხმება” 2015 წლის ივნისში დაიდო მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ქვეყნის ოთხ მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის და მოლაპარაკებებში ჩართულები იყვნენ იოჰანეს ჰანი, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები და ევროპარლამენტის დეპუტატები.

ეს შეთანხმება ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის რეფორმას, 1 წლის განმავლობაში ახალი მრავალპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას და საპარლამენტო არჩევნების გამართვას 2016 წლის 24 აპრილს.

სიტუაცია მაკედონიაში განსაკუთრებით 12 მარტიდან დაიძაბა, როდესაც დედაქალაქ სკოპიეში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. საქმე ეხება უკანონო სატელეფონო ჩანაწერების სკანდალს, რომელიც 2015 წელს გამოაშკარავდა. ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტ ჯორჯე ივანოვის გადაწყვეტილებას, შეწყდეს გამოძიება ამ საქმეში შესაძლო მონაწილე 50-ზე მეტი ადამიანის მიმართ.

როგორც რადიო თვისუფლების ბალკანური სამსახურის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი გორდანა კნეჟევიჩი ამბობს, ეს ჩანაწერების საქმე იყო ბიძგი, რომელმაც ქვეყნის 2-წლიანი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა:

„ამ ჩანაწერებმა კორუფციის მრავალ შემთხვევას ახადა ფარდა. ესეც ნაწილი იყო გამოძიებისა, რომელიც სულ 5 თვეს გაგრძელდა, შემდეგ კი პრეზიდენტმა თქვა, აღარაა საჭირო გამოძიება, უბრალოდ, ახალი არჩევნები გვექნებაო“.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკური წრეების მხრიდან.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფრედერიკა მოგერინიმ ივანოვის ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც საფრთხე, რომ „ძირი გამოეთხაროს ქვეყანაში წლების განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიმდინარე ძალისხმევას კანონის უზენაესობის გასამყარებლად“.

„პრჟინოს შეთანხმება“ ითვალისწინებდა მედიის სფეროს გათავისუფლებასაც, რაც, როგორც სხვა პუნქტები, არ შესრულდა:

„დღეს მთავრობა სრულად აკონტროლებს მედიას. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიაში თანაბრად გაშუქებულიყო“.

როგორც გორდანა კნეჟევიჩი ამბობს, 22 აპრილს დანიშნული შეხვედრის უმთავრესი საკითხი უნდა იყოს ის, თუ რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები, რომელიც ქვეყანაში 5 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჟურნალისტი დასძენს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის მხოლოდ მაკედონიის პრობლემა და ავტორიტარული მთავრობები დღეს ყველა ბალკანურ ქვეყანას აწუხებს:

„მაკედონიელები პირველები არიან, ვინც ადგა და თქვა, საკმარისია, ჩვენ თქვენი მონები არ ვიქნებით, ჩვენც გვაქვს ხმის უფლება და გვინდა სიტუაცია შეიცვალოსო. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ მაკედონია პირველია, ვინც სვლას იწყებს ცვლილებებისკენ“.

მაკედონიის მმართველი კონსერვატიული პარტია დათანხმდა, 22 აპრილს ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებას დაესწროს, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალა, სოციალ დემოკრატები, გადაწყვეტილებას „რამდენიმე დღეში მიიღებენ“.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG