Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში ევროპის ერთიანობასა და მშვიდობაზე იყო საუბარი აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 29 მაისს ვერდენის ბრძოლების მეასე წლისთავი აღინიშნა. ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღეს მონაწილეობა, რაც იყო ხაზგასმა იმისა, რომ, საფრანგეთისა და გერმანიის განსაკუთრებული ურთიერთობის პირობებში, ევროპის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.

ვერდენის ბრძოლა, რომელიც 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და მომქანცველ საბრძოლო ოპერაციად ითვლება. ისტორიკოსთა თანახმად, ვერდენის ბრძოლებში 163 ათასი ფრანგი და 143 ათასი გერმანელი დაიღუპა და ასობით ათასი დაიჭრა.

ბრძოლების შედეგად, ვერდენის ფრონტის ხაზზე მდებარე რამდენიმე სოფელი, უბრალოდ, აღიგავა პირისაგან მიწისა. ეს იყო შედეგი იმხანად საკმაოდ განვითარებული საარტილერიო იარაღის არნახული მასშტაბით გამოყენებისა. ბრძოლებში, რომელიც 1916 წლის დეკემბერ-თებერვალში გაიმართა, მოწინააღმდეგე მხარეებმა 60 მილიონი ჭურვი დაუშინეს ერთმანეთს. გასროლილი ჭურვების დაახლოებით მეოთხედი არ აფეთქდა. 100 წლის შემდეგაც კი ვერდენის სიახლოვეს მდებარე ტერიტორია სავსეა ამ აუფეთქებელი ჭურვებით, რის გამოც ამ არეალში სახლების მშენებლობა და ფერმერული მეურნეობა კვლავაც იკრძალება.

100 წლის თავზე ვერდენის ბრძოლების აღარც ერთი მონაწილე ცოცხალი აღარაა. შესაბამისად, კვირას გამართული ხსოვნის ღონისძიებების მთავარი ადრესატები იყვნენ ახალგაზრდები, რომელთათვისაც ორატორებს პირველი მსოფლიო ომის საშინელებისა და მძიმე შედეგების შეხსენება სურდათ.

ვერდენი სიკვდილის სიმბოლოდ კი არ დარჩა, არამედ იგი ყოველთვის ესწრაფოდა თავისი სამშვიდობო მისიის შესრულებას. ამ თვალსაზრისით, ვერდენი არის ქალაქი, რომელიც განასახიერებს როგორც ყველაზე უარეს პერიოდს, - განადგურებულ ევროპას ასი წლის წინ...

გასულ კვირას 4 ათასამდე გერმანელი და ფრანგი ბავშვი ღებულობდა მონაწილეობას სამგლოვიარო ღონისძიებებში, რომლებიც დასრულდა ვერდენთან ახლომდებარე მასობრივ სამარხთან, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1984 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა ერთმანეთს მეგობრობის ხელი გაუწოდეს. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რომელიც დიდი ხნის ყოფილი მტრების დამეგობრებასა და ერთმანეთისადმი ნდობას მოასწავებდა.

„ვერდენი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი ქალაქის სახელი. ვერდენი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ბრძოლასთან ასოცირდება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და „მისთვის დიდი პატივი“ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ამ ღონისძიებაზე დაპატიჟებას.

„ვინც იცის წარსულში რა მოხდა, მხოლოდ იმას შეუძლია წარსულის გაკვეთილებზე სწავლა და, შედეგად, კარგი მომავლის შექმნა“.

უფრო შორის წავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი. მან „მშვიდობის დედაქალაქი“ უწოდა ვერდენს, რომელიც, ფრანსუა ოლანდის თქმით, დროთა განმავლობაში საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

„ვერდენი სიკვდილის სიმბოლოდ კი არ დარჩა, არამედ იგი ყოველთვის ესწრაფოდა თავისი სამშვიდობო მისიის შესრულებას. ამ თვალსაზრისით, ვერდენი არის ქალაქი, რომელიც განასახიერებს როგორც ყველაზე უარეს პერიოდს, - განადგურებულ ევროპას ასი წლის წინ, - ისე ყველაზე საუკეთესო დროს, როდესაც ქალაქმა მოახერხა განვითარება და გაერთიანება მშვიდობისა და ფრანგულ-გერმანული მეგობრობისათვის. დღეგრძელი იყოს ვერდენის სული“.

ფრანგულ-გერმანულ მყარ მეგობრულ ურთიერთობებს ვერდენში მყოფმა ანგელა მერკელმაც გაუსვა ხაზი. უფრო ადრე, ვიდრე საფრანგეთს ესტუმრებოდა, გასულ შაბათს, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა რწმენა, რომ ბრიტანელები არ დაუჭერენ მხარს ევროკავშირიდან გამოყოფას 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის შიგნით არ არის ერთსულოვნება მიგრანტთა კრიზისის გადაჭრის საკითხში, ხოლო ბლოკში შემავალ ქვეყნებში იზრდება უკიდურესად მემარჯვენე პარტიებისადმი მხარდაჭერა, ოლანდმა გაცხადა, რომ მას მერკელთან მუშაობით სურს „ხელახლა წამოსწიოს ევროპული იდეალები“.

100 წლის წინანდელი ბრძოლების აღსანიშნავი წლისთავის მთავარი ღონისძიება 29 მაისს, შუადღით, დიუმონ ოსუარიში მდებარე მემორიალთან გაიმართა, რომელიც 130 ათასი უცნობი ფრანგი და გერმანელი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად არის შექმნილი. ოფიციალური მიმართვების შემდეგ საძმო სასაფლაოსთან ახლოს, სადაც ათასობით თეთრი ჯვარია აღმართული, გაიმართა თეატრალიზებული სანახაობა, რომელიც გერმანელი რეჟისორის ფოლკერ შლიონდორფის მიერ იყო ორგანიზებული და თავისი მუსიკალური გაფორმებითაც კი ხაზს უსვამდა მთავარ ჩანაფიქრს - ევროპის ერთიანობას და სოლიდარობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG