Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიცა - საკურორტო იდილიიდან ჯიჰადისტების ნავსაყუდლამდე


საკურორტო ქალაქი ნიცა საყოველთაოდ ცნობილია ლაჟვარდოვანი სანაპიროთი, მზით ნაბანი ტერასებითა და ცხოვრების ფეშენებელური სტილით, მაგრამ ბასტილიის დღის აღნიშვნისას, სატვირთო მანქანის გამოყენებით მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, რასაც 84 კაცის სიცოცხლე შეეწირა, საფრანგეთის რივიერის ამ ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა ნავსაყუდელიც უწოდეს. და ასეთი შეფასება ეფუძნება არა მხოლოდ ტერაქტის შემდგომ ემოციურ აღქმას, არამედ კონკრეტულ გამოკვლევებსა და ფაქტებსაც.

ახალი ევროპა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00
გადმოწერა

საფრანგეთის ხელისუფლების მონაცემებით, პარიზის დაუცველი სენ-სენ-დენის შემდეგ, ნიცა მეორე ადგილზე დგას რადიკალ მუსლიმთა რაოდენობის მხრივ, ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ მოსახლეობის მცირე რაოდენობასაც, 34 ათას მცხოვრებს, მაშინ ნიცა პროპორციულია საფრანგეთის ყველაზე რადიკალური დასახლებისა.

15 ივლისს, როდესაც ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე ჯერ კიდევ არავის ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა, პარიზის პროკურორმა ღიად ილაპარაკა „ტერორისტული ორგანიზაციის ხელწერაზე“. სამართალდამცველებმა მალე დაადგინეს თავდამსხმელის ვინაობა: სატვირთოს საჭეს მართავდა 31 წლის მოჰამედ ლაჰუაია ბულელი, ტუნისური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც, მედიის ცნობით, ნიცაში ცხოვრობდა.

როგორც ნიცაში მოღვაწე ფსიქოლოგიის პროფესორმა, პატრიკ ამაიელმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ქალაქში ჯიჰადისტურ რადიკალიზმს ფესვები კარგა ხნის წინ გაუდგამს:

„ეს უკავშირდება შეიარაღებული ისლამური დაჯგუფებისა და ისლამური ხსნის ფრონტის ქსელის აღმოცენებას, რაც საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მასობრივად 1995-1997 წლების შემდეგ დაიწყო. ასე რომ, ამ ერთი შეხედვით ზომიერი ისლამური ძალებისათვის აქ დიდი ხანია არსებობს მძლავრი, ნოყიერი ნიადაგი“.

განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში ნიცაში მრავალი ეჭვმიტანილი ისლამისტი ექსტრემისტი დააკავეს. 2014 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ 11-სულიანმა ოჯახმა, რომელიც მშობლების, ბავშვებისა და, მათ შორის, ერთი ჩვილისგან შედგებოდა, დედაწულიანად დატოვა ნიცა და სირიაში მებრძოლ ექსტრემისტებს შეუერთდა. ამ ამბის შემდეგ ქალაქის მერმა, კრისტიან ესტროსიმ, შექმნა ცხელი ხაზი, რათა დახმარებოდა იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ისლამისტური რადიკალიზმის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამავე მიზნით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივებიც ამოქმედდა, თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, რადიკალური ისლამი მთელი ქვეყნის მასშტაბით და, განსაკუთრებით, ნიცაში გაძლიერდა, ხოლო გადაბირებული ადამიანები მეჩეთებში, სპორტულ დარბაზებში, სკოლების გარეთ და სოციალური ქსელების საშუალებით აგრძელებენ საქმიანობას.

ფსიქოლოგიის პროფესორ პატრიკ ამაიელის თქმით, მაროკოული წარმომავლობის ფრანგ ახალგაზრდებში განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობა მარგინალიზებით გამოწვეული უკმაყოფილება:

„ეყრდნობიან რა საკუთარ რწმენას, რომ არიან მსხვერპლნი და რომ მათ წინააღმდეგ არის შეთქმულება, საკუთარი ანტისემიტური შეხედულებების საფუძველზე მოქმედი ხალხი დასავლეთისა და თანამედროვეობის წინააღმდეგ არსებული შურისგების სისტემის ნაწილი ხდება“.

ომარ დიაბი, ნიცაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიჰადისტი, ადამიანების გადაბირებითაა დაკავებული. თავის დროზე სენეგალური წარმომავლობის წვრილმანი ხულიგანი ორი წლის წინ სირიაში საბრძოლველად წავიდა. თავდაპირველად იგი სირიაში მოქმედ ალ ყაიდის ფილიალში, დაჯგუფება ალ-ნუსრას ფრონტში, ჩაირიცხა, შემდეგ კი საკუთარი ექსტრემისტული დაჯგუფება შექმნა და მის რიგებში საბრძოლველად, როგორც ცნობილია, თავისი მშობლიური ფრანგული ქალაქიდან ათასობით ყმაწვილიც გადაიბირა:

„მას პატარა სასადილო ჰქონდა, სადაც ეპატიჟებოდ ახლაგაზრდებს და უფასოდ სთავაზობდა ვიდეოთამაშებს. იგი ფლობდა საფეხბურთო კლუბსაც. მის მიერ გადაბირებული ახალგაზრდების საშუალო ასაკი, როგორც წესი, 16-დან 25 წელს შორის მერყეობდა“.

ფსიქოლოგ პატრიკ ამაიელის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Entr'autres , რომელიც ახალგაზრდების რადიკალიზებას უპირისპირდება, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, მშობლებსა და იმამებს აერთიანებს.

პატრიკის თქმით, მათ ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ ასეთი რისკის ჯგუფის ახალგაზრდების რესოციალიზებისათვის. „ღრმად რადიკალიზებული ახალგაზრდების შემთხვევაში, ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, თუ მათი ტერორისტული ცთუნების შემცირებას მაინც მოვახერხებთო“, - ამბობს პატრიკ ამაიელი, თუმცა მისი პროგნოზები ძალიან არასახარბიელოა. შემდგომი 10 წლის განმავლობაში ფსიქოლოგი პატრიკ ამაიელი საფრანგეთში მუსლიმი ახალგაზრდების დაჩქარებულ რადიკალიზებას წინასწარმეტყველებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG