Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელი სერბების მიერ ჩატარებულმა რეფერენდუმმა ძველი იარები გახსნა


ბალკანეთში დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ბოსნიელმა სერბებმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს „სახელმწიფოებრიობის დღის“ 9 იანვარს აღნიშვნას. რეფერენდუმის ჩატარება ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული იყო. ახლა ბოსნიის ავტონომიური ერთეულის ლიდერი პროკურატურაში დაიბარეს, სერბია კი ბოსნია-ჰერცეგოვინას აფრთხილებს, რომ დაიცავს ბოსნიელ სერბებს, თუ მათ თავს დაესხნენ.

ახალი ევროპა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბებით დასახლებული ავტონომიური ერთეულის - რესპუბლიკა სპრსკას - ლიდერი მილორად დოდიკი სახელმწიფო პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. დოდიკს ამ საქმეში მოწმის სტატუსი მიენიჭა.

საქმე ეხება 25 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც რეგიონში 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ეხებოდა. ეს საკითხი, სახელმწიფო დღესასწაულის თარიღი, რეგიონში დიდ დაპირისპირებას იწვევს. ბოსნიელმა სერბებმა „სერბი ხალხის რესპუბლიკა“ 1992 წლის 9 იანვარს გამოაცხადეს, როდესაც ბოსნია ჯერ კიდევ ყოფილი იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილი იყო. რეფერენდუმზე ამ დღესასწაულის საკითხის გატანას ეწინააღმდეგებოდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები ხორვატები და მუსლიმები, რომლებიც ისეთი თარიღის გამოცხადებას უჭერდნენ მხარს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ ფედერალურ სუბიექტებს აერთიანებთ. პრობლემის ამგვარი გადაწყვეტის მომხრე იყო ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია რეფერენდუმის ჩატარება, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დისკრიმინაციული იქნებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. მაგრამ დოდიკმა სასამართლოს გადაწყვეტილება უგულებელყო და ის 25 სექტემბერს მაინც ჩაატარა.

რეფერენდუმის შეკითხვაზე - გსურთ თუ არა, რომ 9 იანვარი რესპუბლიკა სპრსკაში გამოცხადდეს ეროვნულ დღესასწაულად, პასუხი „დიახ“ აირჩია ამომრჩევლების 99,8 პროცენტმა.

რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების საკითხი მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმის გამო, წავა თუ არა სამსახურში რესპუბლიკა სპრსკას მოსახლეობა 9 იანვარს. იურისტები და პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ამ რეფერენდუმს ერთგვარი „ფარული დღის წესრიგი“ აქვს და ის ძირს უთხრის დეიტონის შეთანხმების შედეგად წარმოქმნილ ძალთა თანაფარდობას ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მათი აზრით, ეს რეფერენდუმი პირველი ნაბიჯია, საბოლოო მიზანი კი რესპუბლიკა სპრსკას გამოყოფაა ბოსნია-ჰერცეგოვინიდან.მილორად დოდიკი ამას მაინცდამაინც არც მალავს. მან განაცხადა: „სერბების დამოუკიდებლობა მხოლოდ მაშინ იყო გარანტირებული, როდესაც მათ საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი რესპუბლიკა სახელმწიფო იყოს. ჩვენ გვჭირდება, რომ რესპუბლიკა სპრსკა იყოს სახელმწიფო“.

დასავლეთმა რეფერენდუმის ჩატარების ფაქტი დაგმო და ის უკანონოდ გამოაცხადა. ამერიკამ მას „არალეგალური“ უწოდა და თქვა, მხარს დავუჭერთ ადგილობრივ ინსტიტუტებს, რათა პასუხისგებაში მისცენ ბოსნიელ სერბთა ლიდერები, ვინც კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარაო. მსგავსი იყო ევროკავშირის პოზიციაც - ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმაც განაცხადა, ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნისო.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეფერენდუმის ჩატარებას? პირველ რიგში, გადაწყვეტილებას მიიღებს ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლო. ამ ქვეყნის კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა ისჯება 6 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამას გარდა, შესაძლოა საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთოს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბოსნია-ჰერცეგოვინის საკითხებში ვალენტინ ინზკომ შესაძლო სანქციებზე ილაპარაკა. მისი თქმით, შესაძლებელია დაწესდეს აკრძალვა მოგზაურობაზე, გაიყინოს ანგარიშები. ასევე, შესაძლოა დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები, მაგალითად, ამერიკის ან კანადის მიერ.

მთავარი პრობლემა, რომელიც ამ რეფერენდუმს უკვე მოჰყვა, რეგიონში ეთნიკური დაძაბულობის გაზრდაა. ბოსნიის კონსტიტუციური მმართველობა 1992-95 წლების სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. დეიტონის ხელშეკრულებით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიქმნა ორი ავტონომია - მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაცია და სერბთა რესპუბლიკა. რეფერენდუმმა კიდევ ერთხელ გახსნა ძველი იარები და დაძაბულობის ახალი კერა გააჩინა იმდენად, რომ სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა კიდეც ბოსნია- ჰერცეგოვინა, რომ დაიცავს ბოსნიელ სერბებს, თუ მათ თავს დაესხნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG