Accessibility links

logo-print

უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი ოპოზიციური გაზეთის მფლობელი იძულებული გახდა, კომერციული მოსაზრებით, გამოცემის ბეჭდვა შეეჩერებინა. მიუხედავად ოფიციალური ვერსიისა, უნგრეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც გაზეთის გამოცემის შეჩერება აღიქვეს, როგორც კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი უნგრეთში სიტყვის თავისუფლების არასახარბიელო მდგომარეობის გამო.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მრავალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთ „ნეპსაბადშაგის“ (ხალხის თავისუფლება) ავსტრიელმა მფლობელმა, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. უნგრეთის ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ მიიჩნია, რომ ეს იყო „შავი დღე“ პრესის თავისუფლებისათვის და მხარდამჭერებს მოუწოდა საპროტესტო აქცია მოეწყოთ გაზეთის რედაქციის შენობის წინ.

აღსანიშნავია, რომ გაზეთი „ნეპსაბადშაგი“ ხშირად აკრიტიკებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ-ორბანის, მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ხშირად საყვედურობდნენ მედიის თავისუფლებაზე ხელის აღმართვისა და ბუდაპეშტის ძალიან ხისტი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის გატარების გამო. როგორც „ნეპსაბადშაგის“ უფროსმა რედაქტორმა უთხრა „ფრანს პრესს“, ჟურნალისტები, რომლებიც 10 ოქტომბრის ნომერზე მუშაობდნენ, მოულოდნელად რედაქციაში არ შეუშვეს და წერილობით აცნობეს, რომ გაზეთი მუშაობას აჩერებს.

60 წლის ისტორიის მქონე მრავალტირაჟიანი გაზეთის გამოშვების შეჩერების გადაწყვეტილება „ნეპსაბადშაგის“ მფლობელი კომპანია „მედიავორკის“ პრეზიდენტმა საგაზეთო ბაზარზე განცდილი ფინანსური ზარალით ახსნა და განაცხადა, რომ იგი ორგანიზაციის მოდერნიზებას აპირებს.

უნდა ითქვას, რომ ეს არის თავისუფალი გაზეთის ბოლო ასეთი სკანდალური დახურვა უნგრეთის კომერციულ მედიასივრცეში, სადაც წარმატებას მხოლოდ ის ბიზნესმენები თუ აღწევენ, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ უნგრეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობასა და პირადად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.

2010 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველი „ფიდესის“ პარტიის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორნბანს, რეფორმებისა და ქვეყნის მართვის საკითხში სერიოზული დაპირისპირება აქვს უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის შიდა პოლიტიკამ დაანგრია დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემა ქვეყანაში და დაასუსტა დამოუკიდებელი მედია.

„ჩვენს სარედაქციო საბჭოს სურს შეკრება და მუშაობის გაგრძელება", - განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ გაზეთ „ნეპსაბადშაგის“ მთავარმა რედაქტორმა მარტონ გერგეიმ, რომელიც დროებით ოფისში სხვა რედაქტორებთან ერთად მსჯელობდა გაზეთის სათაურის შენარჩუნების, მისი გამოცემისა და მისი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მოზიდვაზე.

სარედაქციო საბჭოს წარმომადგენელი არადამაჯერებლად მიიჩნევს გაზეთის მფლობელის არგუმენტებს ფინანსური ზარალის გამო გაზეთის დახურვის შესახებ და აცხადებს, რომ დანაკარგი ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მცირე იყო - მით უფრო, რომ ჟურნალისტებს ორჯერ 10-10 პროცენტით შეუმცირდათ ხელფასი. არავინ იცის, რა თანხა დაზოგა ასეთი შემცირებით „მედიავოკრმა“, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ გაზეთის ტირაჟის შემცირების შედეგად მიღებულმა ზარალმა 2007 წლიდან მილიარდი ფორინტი, ანუ 18,4 მილიონი ამერიკული დოლარი, შეადგინა და დანაკარგი წელსაც მნიშვნელოვანი იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ გაზეთის დახურვა ფინანსურ პრობლემებს კი არა, ჩვენს საქმიანობას უკავშირდება. ეს არ მომხდარა ბოლო ერთი ან ორი კვირის რეპორტაჟების გამო. გაზეთი დახურეს იმიტომ, რომ, მათი აზრით, სხვა შემთხვევებშიც ვერ მოვახერხეთ სათანადო დისციპლინის გამოჩენა, - ამბობს მარტონ გერგეი.

მაგალითად, გაზეთ „ნეპსაბადშაგის“ შაბათის ნომერში გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უნგრეთის ერთ-ერთი მინისტრი ქორწილში შვეულმფრენით გაემგზავრა. უფრო ადრე გამოქვეყნებული სტატია შეეხებოდა უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველ დიორდ მატოლჩის, რომელსაც წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ჰყავდა მოწყობილი თავისი საყვარელი ქალი.

აღსანიშნავია, რომ გაზეთი „ნეპსაბადშაგი“ (ხალხის თავისუფლება) უნგრეთში 1956 წლიდან გამოდის, როდესაც საბჭოთა ბლოკში შემავალ ქვეყანაში კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ ამბოხებამ იფეთქა.

გაზეთის აქციების 30 %-ს 2015 წლამდე უნგრეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტია ფლობდა.

უნგრეთის ხელისუფლებამ წუხილი გამოთქვა გაზეთის გამოსვლის შეჩერების გამო, რაც „ანგარიშგასაწევი კომერციული მიზეზით მოხდა“, თუმცა მმართველი „ფიდესის“ პარტიის ვიცე-პრეზიდენტს ერთგან წამოსცდა, გაზეთის დახურვა „დროული“ იყოო.

ევროკომისიამ, რომელიც არაერთხელ მწვავედ დაუპირისპირდა უნგრეთის მთავრობას მედიის, სასამართლო თუ საბანკო სისტემის რეფორმირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო, გავლენიანი გაზეთის დახურვას საგანგაშო უწოდა და განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება საფრთხის ქვეშ აყენებს მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს უნგრეთში.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ „ნეპსაბადშაგს“ მთლიანად კომპანია „მედიავორკი“ფლობს, რომელიც ავსტრიელ ბიზნესმენ ჰაინრიხ ტეცინას ეკუთვნის. მას დიდი ხნის კავშირები აქვს უნგრეთის წამყვან ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან, მაგრამ ბოლო ხანს ჰაინრიხ ტეცინას ბიზნესპარტნიორმა, FHB ბანკის ხელმძღვანელმა ზოლტან სპედერმა, დაკარგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კეთილგანწყობა, რის შემდეგაც სხვადასხვა ბიზნესში მისი წილების შემოწმებას საგამოძიებო ორგანოებმა მიჰყვეს ხელი.

ამის გამო ჰაინრიხ ტეცინამაც დაკარგა „მედიავორკის“ მიმართ ინტერესი. როგორც უნგრეთის ერთ-ერთი გაზეთი ცოტა ხნის წინ წერდა, გაზეთ „ნეპსაბადშაგის“ ბედზე ჰაინრიხ ტეცინა ვიქტორ ორბანსაც შეხვედრია. „ამ გაზეთის გამოცემის განახლება იმაზეა დამოკიდებულია, შეისყიდის თუ არა მის აქციებს ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელიმე ოლიგარქიო“, - ამბობს მედიის ანალიტიკოსი, გამორ პოლიაკი.

გაზეთის მმართველი კომპანია „მედიავორკის“ ხელმძღვანელებს ამ განცხადებებსა და გაზეთის მომავალზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, რაც ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ქვეყნის წამყვანი ტელე და რადიოარხები სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარეს, ხოლო ქვეყნის ორიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომერციულ ტელეარხს, „ტვ 2“- ს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაახლოებული ბიზნესმენი ფლობს.

თუ მრავალტირაჟიანი გაზეთი „ნეპსაბადშაგიც“ ასეთ ბედს გაიზიარებს, მაშინ უნგრეთში მხოლოდ ორი ოპოზიციური მცირეტირაჟიანი გაზეთი - „ნეპსზავა“ და „მადიარ ნემზეთიღა“ იარსებებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG