Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის ერის დასასრული და ულტრამემარჯვენე ლე პენის ჩუმი მოლოდინი


ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სასტიკი მარცხი განიცადა 20 ნოემბრის შიდაპარტიული არჩევნების პირველ ტურში და დაკარგა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი, რისთვისაც 61 წლის სარკოზი აგვისტოდან ემზადებოდა. დამარცხებულმა სარკოზიმ გადაწყვიტა ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის შიდა არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭიროს პირველ ადგილზე გასულ ფრანსუა ფიიონს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2007-2012 წლებში.

საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი 27 ნოემბერს პარტიული არჩევნების, ანუ პრაიმერიზის, მეორე ტურში ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ტიტულისათვის იბრძოლებს. მისი ერთადერთი მეტოქე იქნება ალენ ჟიუპე, რომელსაც სხვადასხვა დროს საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა.

თუმცა, პირველი ტურის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკის ანალიტიკოსები, დიდი ალბათობით, გამარჯვებას ფრანსუა ფიიონს უწინასწარმეტყველებენ. გასულ კვირას შიდაპარტიულ არჩევნებში ფიიონი პირველ ადგილზე გავიდა ხმების 44 %-ით, ალენ ჟიუპეს 28 %-მა დაუჭირა მხარი, ხოლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 21%-ს და მესამე ადგილს დასჯერდა. სარკოზისათვის ეს ნიშნავდა არა, უბრალოდ, მარცხს, არამედ პოლიტიკური კარიერის დასასრულსაც. სარკოზის მთავარ მიზანს ახლა ფრანსუა ფიიონის გამარჯვება წარმოადგენს. „მე დიდ პატივს ვცემ ალენ ჟიუპეს, მაგრამ ჩემთვის უფრო ახლოსაა ფრანსუა ფიიონის პოლიტიკური არჩევანიო“, განაცხადა შიდაპარტიული არჩევნების პირველ ტურში დამარცხებულმა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ.

ამ არჩევანში, უწინარესად, ფიიონის რუსეთთან დამოკიდებულება იგულისხმება. საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი არ მალავს, რომ მას არასწორად მიაჩნია რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება.

„ნუ გააშარჟებთ მოვლენებს - სწორედ ახლა თქვენ საუბრობდით რუსეთთან უფრო დაახლოების თვალსაზრისით არსებულ ენთუზიაზმზე. არავითარი ენთუზიაზმი არ არსებობს. მე უბრალოდ განვაცხადე, რომ რუსეთი არის მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა და ჩვენ მას სრულიად სულელურად ვუბიძგებთ აზიისაკენ. რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებას არაფრით არ ემუქრება“, -განაცხადა ფრანსუა ფიიონმა ფრანგ ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ფრანსუა ფიიონი
ფრანსუა ფიიონი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დასავლეთს სირიის კონფლიქტის თაობაზე აკრიტიკებს და შიშობს, რომ დასავლეთს სირიაშიც ერაყის მსგავსი კატასტროფა ელოდება, თუ არ დაიწყება კონფლიქტის ყველა მხარესთან მოლაპარაკების გამართვა.

„თუ ჩვენ გვსურს სირიაში ომის დასრულება, მაშინ შესაბამის ზომებს უნდა მივმართოთ. არსებობს ამ ომის დასრულების ორი გზა. ესაა ან დასავლეთის კოლოსალური ინტერვენცია სირიაში, - მაგრამ არავის სჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ასეთი ინტერვენცია განვახორციელეთ ერაყში, რაც იყო კატასტროფა, - ან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ხოლო თუ შეთანხმების მიღწევა გვსურს, მაშინ უნდა მოველაპარაკოთ პროცესის ყველა მონაწილეს, გარდა, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფოსი“, რომელთანაც, ჩვენ, ცხადია, ვერ წავალთ მოლაპარაკებებზე“, აცხადებს ფრანსუა ფიიონი.

როგორც ირკვევა, ფიიონის ბევრ მოსაზრებას იზიარებს მისივე მეტოქე კონსერვატიულ ალიანსში, ალენ ჟიუპე, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსებს, რომ გახდეს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი 27 ნოემბრის პრაიმერიზში.

თუმცა 71 წლის ჟიუპეს ბიოგრაფიაში არის სერიოზული ლაქები, რაც მის შანსებს ამცირებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2004 წელს ალენ ჟიუპე კორუფციულ სკანდალშიც კი აღმოჩნდა გახვეული, რის გამოც სასამართლომ მას 18 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და ათი წლით აუკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა. ჟაკ შირაკის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიჩნეული ჟიუპე გამოძიებამ დამნაშავედ ცნო პარიზის მერიის კუთვნილი ფონდების არამიზნობრივად გამოყენებაში 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დამდეგს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფული თანაპარტიელთათვის ხელფასების გაცემას მოხმარდა. თუმცა ორწლიანი პაუზის შემდეგ ჟიუპე კვლავ დაბრუნდა საფრანგეთის პოლიტიკაში. 2006 წლის ოქტომბერში სახალხო მოძრაობისა და დემოკრატ-ცენტრისტების კავშირმა, რომელსაც სათავეში ალენ ჟიუპე ედგა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბორდოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო ჟიუპე ბორდოს მერი გახდა.

მეტოქე ფიიონის მსგავსად, ჟიუპეც მხარს უჭერს ევროპის საზღვრების გაძლიერებას, იმიგრაციის შემცირებას და გადასახადების დაწევას. 27 ნოემბრის შიდაპარტიულ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსაც აიძულებს, რომ გამოაცხადოს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრის გადაწყვეტილება,, მიუხედავად იმისა, რომ ოლანდის პოპულარობის რეიტინგი ყველა ომის შემდგომი პრეზიდენტისაზე უფრო დაბალია.

საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება, საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს მარინ ლე პენი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი, რომელიც მშვიდად ელოდება, თუ როგორ დასრულდება კონსერვატორებისა და სოციალისტების პრაიმერიზები და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით მომავალი წლის თებერვალში, გამოაცხადებს საპრეზიდენტო კაპმანიის დაწყებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG